მარიამ ნებულიშვილი
06.08.2020

საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე მთავრობა მოქალაქეების სოციალური და კონომიკური დახმარების ახალ ეტაპს იწყებს - 17 წლამდე მოზარდები 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, ხელმოკლე სტუდენტების სწავლა დაუფინანსდებათ და მოხდება კომუნალურ გადასახადების სუფსიდირება. ყოველივე ამისთვის მთავრობას 410 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. „ცხადზე ცხადია, რომ ამას აქვს ძალიან გამოკვეთილი ნიშნები ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის", - ასე აფასებს ამ გადაწყვეტილებას კონსტიტუციონალიტი და პარტია „ლელოს" წევრი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან საუბრისას.

მისი თქმით, არჩევნებამდე სამი თვით ადრე გაცემული დახმარებები მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება მიზნად.

„რასაკვირველია, ასეთი შეპირებები, რომლებიც კეთდება არჩევნებამდე სამი თვით ადრე, მოსყიდვის ნიშნებს ატარებს. შეპირებაც არაა ეს, ფაქტობრივად გადაწყვეტილია ამის რეალიზაცია, რადგან პრემიერ-მინისტრმა ეს თქვა, საპარლამენტო უმრავლესობა, ასე ვთქვათ, მისია და უსიტყვოდ დაუჭერენ მხარს და მიიღებენ ამ ცვლილებებს. ცხადზე ცხადია, რომ ამას აქვს ძალიან გამოკვეთილი ნიშნები ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის", - ამბობს ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან".

გახარიას მიერ წარმოდგენილი პროგრამები, რამდენიმე ტიპის სოციალური დახმარების გაცემას ითვალისწინებს. მათ შორის კომუნალურების სუბსიდირებას 4 თვით.

„იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ პროგრამულად შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე თქვან უარი", - თქვა გახარიამ.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, 300-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ.

„ეს პროგრამა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და მთავრობას 250 000-მა საქართველოს მოქალაქემ მომართა. თხოვნით ერთჯერად 300-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით. ეს დახმარება 170 000-მა მოქალაქემ მიიღო, ვისაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული, თუმცა სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ, გადავწყვიტეთ ყველა იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით, თხოვნა დაუკმაყოფილდეს და დაერიცხოს ეს ერთჯერადი 300 ლარი. ამით ეს პროგრამა დასრულდება", - თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა სტუდენტი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არის 150 000 ქულამდე კატეგორიაში, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას. ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებით, ამავე კატეგორიის სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.

გარდა ამისა, საქართველოს ყველა 17 წლის ჩათვლით ასაკის მოქალაქე, ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.

„ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლის ჩათვლით ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აღნიშნული დახმარება მოზარდებს 1-15 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში გადაეცემათ. როგორც მინისტრი ამბობს, ამოქმედდება სპეციალური პორტალი, სადაც დახმარების მსურველი მოქალაქეები დოკუმენტაციის ატვირთვას შეძლებენ.

„განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები", - განაცხადა ტიკარაძემ.

აღნიშნული პროგრამების საერთო ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. პრემიერის თქმით, პროგრამების ნაწილი „სტოპკოვ" ფონდში მობილიზებული თანხიდან დაფინანსდება, ნაწილი კი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან.

„მოგეხსენებათ, რომ „სტოპკოვ" ფონდში მობილიზებულია 130 მილიონი. ესეც უკვე ბიუჯეტის ფულია, ბიუჯეტის ნაწილია. ნაწილობრივ აქედან და დანარჩენი იქნება საბიუჯეტო სახსრები. ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში ბავშვების დახმარება", - განაცხადა გახარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×