თამთა ჩაჩანიძე
06.08.2020

„ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ კონგრესი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკმარის ინფორმაციას არ ფლობს. ვფიქრობ, რომ ესაა გზავნილი არა მხოლოდ მთავრობისადმი, არამედ ქართული საზოგადოებისადმი", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე დამატებითი ბარიერები დააწესებას.

დაწესებული ბარიერები მდგომარეობს იმაში, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ დახმარებას არ გაუწევს მანამ, სანამ სახელწიფო დეპარტამენტი კონგრესს არ წარუდგენს ანგარიშს, რომ საქართველოში დემოკრატიული სტანდარტი დასავლურთან შესაბამისობაშია. ამ ანგარიშის წარდგენა კი, ამავე გადაწყვეტილების თანახმად, 6 თვეში უნდა მოხდეს.

„შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ღირებულებების მუდმივ განვითარებას, საარჩევნო სისტემის რეფორმებს, კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულებას და მცდელობას, უზრუნველყოს საქართველოს კერძო სექტორის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების პატივისცემა, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მათი დაცვა". - ნათქვამია განცხადებაში.

ანჯაფარიძის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ აშშ-ის კონგრესი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საქმის კურში არაა, რასაც, მისი აზრით, ქართული ოპოზიცია სათავისოდ იყენებს.

„ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ კონგრესი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკმარის ინფორმაციას არ ფლობს. ვფიქრობ, რომ ესაა გზავნილი არა მხოლოდ მთავრობისადმი, არამედ ქართული საზოგადოებისადმი. ანუ, თუ კონგრესის ამ შესწორების ლოგიკას გავყვებით, გამოდის, რომ წინა ხელისუფლების დროს დემოკრატია და ყველას უფლებები დაცული იყო და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო დაღმასვლა?! ჩვენ, ადგილობრივმა მოქალაქეებმა ხომ ვიცით, რომ ეს ასე არაა.

„ვფიქრობ, რომ ასეთი დემარშები შესაძლოა საქართველოში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების გაღვივების საფუძველი გახდეს. მე ის მოთხოვნები და დათქმები წავიკითხე და საქმე ისე არაა, როგორც ისინი წარმოაჩენენ. ანუ, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი ისეთივეა როგორიც ადრე იყო? ახლა ოპოზიციის, ან სამოქალაქო სექტორის უფლებებს არღვევს ვინმე, ისე როგორც ადრე? ან რატომ უნდა მიეცეს საქართველოში პრივილეგირებული პირობები ისეთ კომპანიას, რომელიც ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და სასამართლოში მარცხდება - იმიტომ, რომ ის ამერიკული კომპანიაა?

„ასეთი კითხვები, ბუნებრივია, საზოგადოებაში გაჩნდება და ამით, რა თქმა უნდა, მხოლოდ ისინი ისარგებლებენ, ვინც დაინტერესებულია, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ერთგვარი ურთიერთობების გაცივება დაიწყოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

„რეზონანსის" კითხვაზე, თუ რამდენად ლოგიკურია ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ნიშნის მოგებით საუბარი, ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მან შიდა ელექტორატის მხარდაჭერა დაკარგა და ,ხოლოდ დასავლელი მოკავშჳრეების იმედი აქვს..

„ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მიუთიუთებს - საქართველოში ოპოზიციამ ელექტორალური მხარდაჭერა დაკარგა და რაც აქვს, ეს მხარდაჭერაც თანდათან მცირდება. ერთადერთი ჩამოსაკიდი ხავსი, რასაც ისინი ეჭიდებიან, ესაა საქართველოს ფარგლებს გარეთ მათი მოკავშირეები, რომელთა დახმარების იმედიც აქვთ მომავალ არჩევნებზე. ოპოზიცია როგორ და რისთის ემზადება, ყველამ კარგად ვიცით.

„მათი ლოგიკიდან გამომდინარე, ეს რეაქცია ლოგიკურია იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერის ნიადაგი ძალიან მყიფეა, ამას სოციოლოგიური გამოკითხვებიც აჩვენებს და აქედან გამომდინარე, ერთადერთი ბერკეტი რაც დარჩათ, რითაც პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე ტივტივებენ, ესაა, რომ გარე ლობისტების მეშვეობით, რომლებზეც დიდ რესურსებს ხარჯავენ, აშშ-ის სახელწიფო ინსტიტუტების მხრიდან ასეთი ქმედებები გამოიწვიონ.

„სამწუხაროა, რომ ამით ქვეყანა ზიანდება. არ მგონია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისეთი დასკვნა დაწეროს, რომ საქართველოს დაფინანსება შეუწყდეს. მაგრამ, თუ ყველაზე უფრო ცუდი სცენარი განვითარდა და საქართველოს დახმარება შეუჩერდა, ოპოზიცია ამით ბედნიერი იქნება? გამოდის, რომ ამ ყველაფერში მათი ხელი ურევია - ესაა მათი ლოგიკა. პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ასე არ იქცევა და საკუთარ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესების საზიანო ნაბიჯებს არ დგამს. მაგრამ ჩვენი, ქართული ოპოზიცია საერთო წესებიდან ამოვარდნილია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×