ია აბულაშვილი
06.08.2020

„საბურთალოსა და დიდუბეში არ გვინდა, დავაყენოთ ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატი და ველოდებით სხვა პარტიების გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვაშაძე გავიდა ჩვენი რიგებიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ისანში თავის კანდიდატს არ დააყენებს“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პარტიის ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.

ხუთშაბათს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე, პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ სხდომაზე განხილვის მთავარი საკითხები იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატთა შერჩევა, ასევე ის, თუ ვინ უხელმძღვანელებს პარტიის საარჩევნო შტაბს და წარადგენს თუ არა „ნაცმოძრაობა“ წინასაარჩევნოდ თავის ჩრდილოვან კაბინეტს.

„ჩვენ მაჟორიტარებს ვასახელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს პროცესი გაწელილი არ არის. პირიქით, კახეთი, თბილისი, ქუთაისი თითქმის დაკომპლექტებულია და მუშაობაც დაწყებულია. რაც შეეხება თბილისს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სიტყვას და საბურთალოსა და დიდუბეში არ გვინდა, დავაყენოთ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატი. ველოდებით სხვა პარტიების გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვაშაძე გავიდა ჩვენი რიგებიდან, ისანში ჩვენს კანდიდატს არ დავაყენებთ.

„საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილი გახდება, როდესაც საბოლოოდ ყველა ოლქში წარვადგენთ მაჟორიტარ კანდიდატებს. ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით კი, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ჩრდილოვანი კაბინეტით წარვსდგეთ ამ არჩევნებზე, მომავალი მთავრობის კაბინეტში იქნებიან როგორც ჩვენი წევრები, ასევე - კოალიციაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების წარმომადგენლები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რომან გოცირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×