თამთა ჩაჩანიძე
16.09.2020

ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია" „ნაციონალური მოძრაობის" გარდა 10-ზე მეტი პარტია იყო გაერთიანებული. თუმცა, სამშაბათს შექმნილ ამავე სახელწოდების საარჩევნო ბლოკში „ნაცმოძრაობასთან" ერთად მხოლოდ 4 პარტია მოხვდა. „ნაცმოძრაობაში" აცხადებენ, რომ ამით „ძალა ერთობაშია" გაფართოვდა.

„ძალა ერთობაშია" კი არ დაიშალა, „ძალა ერთობაშია" გაფართოვდა," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი თინათინ ბოკუჩავა.

ახალშექმნილ საარჩევნო ბლოკში „ძალა ერთობაშია" სულ 5 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა: თავად „ნაციონალური მოძრაობა", „რესპუბლიკური პარტია", პაატა დავითაიას „ევროპელი დემოკრატები", პაატა ბურჭულაძის დაარსებული „სახელმწიფო ხალხისათვის" და კახაბერ ოქრიაშვილის მიერ ახლახანს შექმნილი „პროგრესი და თავისუფლება".

კითხვას, თუ რატომ დარჩნენ საარჩევნო ბლოკის მიღმა „ძალა ერთობაშიას" წევრი სხვა პარტიები, თინათინ ბოკუჩავამ თავი აარიდა. მისი თქმით, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია" არ დაშლილა და მაშში შემავალ პარტიებს ბლოკის შექმნით კიდევ 2 პარტია შეემატა - „პროგრესი და თავისუფლება" და „რესპუბლიკური პარტია".

„ძალა ერთობაშია" კი არ დაიშალა, „ძალა ერთობაშია" გაფართოვდა, რადგან გარდა იმ პარტიებისა, რომლებიც პოლიტიკურ გაერთიანებაში უკვე შედიოდნენ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბატონი გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად შეიქმნა, მას დამატებით შეუერთდნენ სხვა პოლიტიკური სუბიექტები - ესაა რესპუბლიკური პარტია და „პროგრესი და თავისუფლება", რომელსაც მათ შორის მაჟორიტარი კანდიდატები ეყოლება", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანება „ძალა ერთობაშია" 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა და მასში შედიოდნენ პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ახალი საქართველო", „ახალი საქართველოსთვის", „სახელმწიფო ხალხისთვის", „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია", „ევროპელი დემოკრატები", „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის", „საქართველო ლიდერთა" შორის", „ემსახურე საქართველოს", „კანონი და სამართალი".

აქედან ორი პოლიტიკური სუბიექტი - თაკო ჩარკვიანის „კანონი და სამართალი" და გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო" - ზაფხულის ბოლოს გამოეყვნენ გაერთიანებას. დარჩენილი 8 პარტიიდან კი საარჩევნო ბლოკში „ნაცმოძრაობასთან ერთად" მხოლოდ 2 მოხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×