თამთა ჩაჩანიძე
02.10.2020

„ჩემი აზრით, ახლა მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკება, რომ აზერბაიჯანს რაღაცა მცირედი მაინც შეუნარჩუნონ. პოზიციები ცალსახად თანაბარია, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალები ერთმანეთს უმკლავდებიან, ორივე მხარე ხვდება, რომ ერთპიროვნულ, ცალსახა უპირატესობას ვერავინ ვერ მოიპოვებს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს. მიიჩნევს, რომ ამ კონფლიქტში საქართველომ მკაცრად უნდა დაიცვას ნეიტრალიტეტი.

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა და ეთნიკურმა სომხებმა ხელი მოაწერეს „სამშვიდობო მანიფესტს", რომელშიც საქართველოს მთავრობას მთიან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ, კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ხალხებს, სასტიკი ომების, კონფლიქტებისა და დევნილობის უმძიმესი გამოცდილება გვაქვს. ყველამ საკუთარი ისტორიული გამოცდილებებით გავიაზრეთ, რომ ომი ადამიანებს აწვებათ ზურგზე, მათი განადგურებისა და გაღარიბების ძალა შესწევს და მხოლოდ ტკივილი, ტანჯვა და იმედგაცრუება მოაქვს. ჩვენს რეგიონში არც ერთ ერსა და ეთნოსს ომის შედეგად გამარჯვება და განვითარება არ მოუპოვებია. სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენს რეგიონს მხოლოდ მშვიდობის, მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის პოლიტიკა მოუტანს სტაბილურობასა და განვითარებას," - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, საქართველომ ამ კონფლიქტში მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარების მომხრე უნდა იყოს.

„საქართველოს მოსახლეობა მრავალფეროვანია. ჩვენი მოქალაქეები, როგორც ეთნიკური სომხები ისე ეთნიკური აზებაიჯანელები არიან, მათ შორის განსხვავებული მოსაზრებებია იმაზე, რაც ყარაბაღში ხდება. ამას ზოგი უფრო მეტად განიცდის, ზოგი ხელისუფლებას უყურებს და თვლიან, რომ მათი მოქმედებები სახელწიფოს ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

„საქართველო მკაფიოდ და ცალსახად ცდილობს, რომ არცერთი მხარის ინტერესები არ დაიცვას იმიტომ, რომ მთავარია მშვიდობა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება. კარგი იქნება თუ ამას ჩვენი მოქალაქეებიც გაითვალისწინებენ.

„საკმარისია საქართველომ პოზიცია რომელიმე მხარეს დაიკავოს, სიტუაცია კიდევ მეტად აირევა, კი არ დალაგდება, ჩვენი პოლიტიკა მკაფიო და ნეიტრალურია. საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე, საქართველო რეზოლუციებს ხმას აძლევს, სადაც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობაა დაცული, ისევე როგორც აზერბაიჯანი აძლევს ხმას საქართველოს რეზოლუციებს, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა დაცული, მაგრამ როცა საომარი მოქმედებებია, მიგვაჩნია, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებები უნდა იყოს.

„ჩვენს მოქალაქეებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ემოციები (რომელიც აბსოლუტურად გულწრფელია და პატივს ვცემ) უნდა იყოს არა მხოლოდ სახელმწიფოს არამედ მშვიდობის შესაბამისობაში, მათ იგრძნონ, რომ საქართველოს მოქმედებები აზერბაიჯანულ-სომხურ მშვიდობას მხოლოდ წაადგება და არავითარ შემთხვევაში კონფლიქტის გაღვივებას ხელს არ შეუწყობს, მითუმეტეს, რომ საქართველო მინსკის ჯგუფის წევრი არაა და არ შეუძლია, რომ პროცესებზე იმოქმედოს, როგორც ამ ჯგუფის წევრებს შეუძლიათ.

„მგონია, რომ კარგად უნდა გავითავისოთ ის პასუხისმგებლობა თუ საქართველოს ამ დაპირისპირებაში რა როლი აქვს, ესაა დამბალანსებელი როლი, რომელიც არ უნდა დაკარგოს, ჩვენს ტერიტორიაზე უნდა ვეცადოთ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარეთ არანაირი მოქმედება არ გავიდეს.

„ახლა პროცესები საკმაოდ უცნაურად მიმდინარეობს, პირველი დღეები ძალიან ინტენსიური იყო და ჩანდა, რომ აზერბაიჯანის მხარე გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებდა და სომხური მხარე უფრო თავდაცვის პოზიციაში იყო. ახლა კი ჩანს, რომ პოზიციები ერთი და იგივეა, არ გამოვრიცხავ, რომ 2016 წლის მსგავსად აზერბაიჯანმა შესაძლოა რამოდენიმე ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვოს და რამოდენიმე სოფელი დაიკავოს, ამით დასრულდეს და შიგნით უკვე ჩაერიოს პირველ რიგში რუსეთი, რომელიც მოგვწონს თუ არა წამყვანი ფაქტორია და თურქეთი. თუ ეს ორი რამეზე შეთანხმდება, დამერწმუნეთ, რომ ეს აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის მისაღები იქნება, მისაღები იქნება უკვე ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც.

„ჩემი აზრით, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ აზერბაიჯანს რაღაცა მცირედი მაინც შეუნარჩუნონ, ალბათ ახლა კულუარული მოლაპარაკებები აქეთკენ მიდის, პოზიციები ცალსახად თანაბარია, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალები ერთმანეთს უმკლავდებიან, ორივე მხარე ხვდება, რომ მათ იმდენი რესურსი არ აქვთ, რომ როგორც სურთ, ოპერაციები ისე განახორციელონ, შესაბამისად რეალობასთან შეგუება მოუწევთ, რომ ერთპიროვნულ ცალსახა უპირატესობას ვერავინ ვერ მოიპოვებს," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×