ქრისტინე კაპანაძე
02.10.2020

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ „კავკასუს ონლაინში", რომელიც რეგიონში ინტერნეტმომარეგების მთავარი წყაროა, დროებითი მმართველი დანიშნა. კომისია შიშობს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეს ობიექტი შეიძლება უცხო ქვეყნის ხელში გადავიდეს და წერტილი დაესვას მისწრაფებას მაღალტექნოლოგიური რეგიონული ჰაბის საქართველოში განთავსებაზე.

მარეგულირებელი აცხადებს, რომ ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება, „კავკაზუს ონლაინი" გარე მმართველობის რეჟიმში იმუშავებს. კომისიის თქმით, კომპანიას მოთხოვნა შარშან ოქტომბერში წაუყენეს, თუმცა ერთი წლის განმავლობაში, 6 სანქციის მიუხედავად, კომპანიამ კანონი არ აღასრულა.

ეს გამოიწვია იმან, რომ კომპანია, რომელიც მის დამფუძნებელს წინა ხელისუფლების დროს წაართვეს, შეიძლება აზერბაიჯანის ხელში აღმოჩნდეს, რადგან მისმა ამჟამინდელმა მფლობელებმა 49%-იანი წილი ამ ქვეყნის მოქალაქეს მიჰყიდეს. საუბარია აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიმ ჰასანოვზე გადასცა, რომელიც ამ ქვეყნის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სატელეკომუნიკაციო უმსხვილესი კომპანია „ნექსოლის" მფლობელია და ახლო ურთიერთობები აქვს ამ ქვეყნის მმართველ ოჯახთან.

„კავკასუს ონლაინი" 2008 წლიდან შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული, 1200 კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთადერთი მესაკუთრეა, რომელსაც ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის შემოაქვს. ამ კაბელის მეშვეობით ინტერნეტით მარაგდება არა მხოლოდ საქართველო, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის უდიდესი ნაწილიც. 2010 წელს „რკინიგზის ტელეკომის" შეძენის შემდეგ კომპანია ინტერნეტს უკვე ერყასა და ირანსაც ამარაგებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელები „კავკასუს ონლაინის" ყოფილ მფლობელ მამია სანადირაძეს კაბელის 50%-ის სანაცვლოდ ძალიან დიდ ფულს სთავაზობდნენ, თუმცა ბიზნესმენს უფრო შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა, ამ კაბელით ინტერნეტი არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც მიეწოდებინა. მაგრამ, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს სანადირაძის კომპანია სააკაშვილთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდა.

„კომერსანტის" ცნობით, ამჟამად „კავკასუს ონლაინს" ოფშორულ ცენტრებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ. რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს, მის შემადგენლობაში არიან ხვიჩა მაქაცარია, დავით ზურაბიშვილი, თემური კობახიძე, თეიმურაზ არონია, კობა ღურწკაია. დირექტორი კი რევაზ კოპალაძეა.

როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერენ, რომ „კავკასუს ონლაინის" უკანონო ტრანზაქციამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს საქართველოზე.

„მნიშვნელოვანია, რომ უკანონო ტრანზაქციამ, შესაძლებელია საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნაზე მოახდინოს ნეგატიური გავლენა და შესაძლებელია ამან პრობლემები 2.5 მილიონზე მეტ ამბონენტს. თუმცა კომპანიის საქმიანობის შეჩერება უარყოფითად აისახება ინტერნეტის საერთაშორისო ტრანზიტზე და შესაბამისად მისაღებ შემოსავლებზე, ასევე ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ გაუმართლებლად მიიჩნია ავტორიზაციის შეჩერება და კომპანიაში კანონის აღსრულების მიზნით, სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო."

აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი „კავკასუს ონლაინის" ყოფილმა მფლობელმა მამია სანადირაძემაც გააკეთა. მისი თქმით არსებობს რეალური საშიშროება, რომ საქართველოსთვის კრიტიკული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დაკარგვამ ქვეყნის საინფორმაციო და ეკონომიკურ უსაფრთხოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. როგორც სანადირაძემ აღნიშნა, „კავკასუს ონლაინის" აზერბაიჯანული მხარის გაკონტროლებით, საქართველოს ევროპული ინტერნეტის უსაფრთხოდ მოწოდების პრობლემა შეექმნება.

„კავკასუს ონლაინის" თავდაპირველი დამფუძნებელი გახლავართ, ამიტომ მეც მიმიძღვის მცირეოდენი წვლილი საქართველოს ტელეკომუნიკაციის განვითარებაში და საქართველო-ევროპის შემაერთებელი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე ჩადებაც მე განვახორციელე 2008 წელს. „კავკასუს ონლაინის" აზერბაიჯანული მხარის გაკონტროლების შემთხვევაში შეიძლება საქართველოს ევროპული ინტერნეტის უსაფრთხოდ მოწოდების პრობლემა შეექმნას. სავარაუდოდ აზერბაიჯანელებს დაგეგმილი აქვთ, რომ არსებული შავი ზღვის კაბელი პირდაპირ ბაქოს მიუერთონ, ამის შემდგომ კი საქართველოს უკვე ბაქოდან მიეწოდოს ინტერნეტის რუსულ-ევროპული ნაზავი. ანუ ჰაბი გახდება ბაქო, თბილისი კი „აპენდიციტი" იქნება ბაქოს ინტერნეტ ქსელში. აზერბაიჯანელები თბილისს რატომ გახდიან ჰაბს? ბავშვები ხომ არ ვართ, ეს რომ დავიჯეროთ?!" - ასეთი პოზიცია აქვს კომპანიის ყოფილ მფლობელს მამია სანადირაძეს.

„ეს კაბელი იყო ერთ-ერთი გარანტია საქართველოს დამოუკიდებლობის - გაზსადენებთან, რკინიგზასთან, ენერგეტიკულ ობიექტებთან ერთად. „კავკასუს ონლაინის" ყოფილმა მფლობელმა მამია სანადირაძემ დაისახა მიზანი, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად ყოფილიყო დამოუკიდებელი რუსეთისგან და განახორციელა კიდეც, სანამ მაქაცარიები წაართმევდნენ სააკაშვილისა და უგულავას დახმარებით," - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი გია იაკობაშვილი.

„2008 წლის სექტემბერში მოხდა ამ კაბელის პრეზენტაცია. წარმოიდგინეთ ომი იყო თვენახევრის დასრულებული და მაშინ, როდესაც საკააშვილი ხუთ-ხუთ ჯიხურს ხსნიდა და ყველას გახსნაზე დადიოდა, ამ კაბელის გახსნაზე არა თუ თვითონ წამოვიდა, არამედ ეკონომიკის მინისტრი და მინისტრის მოადგილეც კი არ გამოაგზავნა. რატომ? იმიტომ რომ წინასწარ იყო გადაწყვეტილი „კავკასუს ონლაინის" სანადირაძისგან წართმევისა და მასთან ერთად ამ კაბელის წართმევის საკითხიც.

„მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც გამოირჩეოდა პროდასავლური რიტორიკითა და სინამდვილეში რუსეთის ზრახვებს ახორციელებდა, გადაწყვიტა, რომ ეს კაბელი მამია სანადირაძეს არ უნდა დარჩენოდა - ჯერ უნდა წაეღო ხელისუფლებას და შემდეგ გადასცემოდა მაქაცარიას. მაქაცარიამ ვის გადასცა, არ ვიცი და არ მაინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, მის უკან დგანან რუსული სპეცსამსახურები და ეს ოპერაცია ჩაატარა რუსეთმა მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გვერდში დგომით.

„არანაირად არ უნდა დაეშვა ხელისუფლებას, რომ ეს კაბელი აღმოჩენილიყო სხვა ქვეყნის მოქალაქის ხელში. ალბათ ძიება უნდა ჩატარდეს ამ საკითხზე და რა შედეგებს მივიღებთ იქნება ძალიან საინტერესო, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა დავით გარეჯში ტერიტორიების გადაცემის ფაქტზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. დარწმუნებული ვარ, ზუსტად იგივე ვითარებაა კაუკასუს ონლაინის საკითზეც.

„ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ომი იყო ახალი დამთავრებული და ეხვეწებოდნენ რუსებს მოგყიდით ენგურჰესსო, არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ამ კაბელს და როგორც ხედავთ, ნაციონალებმა მაინც თავისი გაიტანეს და საქართველოს დაკარგვინეს სტრატეგიული საკომუნიკაციო საშუალება," - ამბობს გია იაკობაშვილი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, ელდარ პირმისაშვილის თქმით, საზოგადოება ადრე თუ გვიან „კავკასუს ონლაინის" გადაცემის საკითზე საუბარს დაიწყებს, ამიტომ ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა იყოს გაჟღერებული.

„საზოგადოება რა თქმა უნდა დაინახავს ამაში რისკს, იმიტომ, რომ სადაც არ არის ინფორმაცია, იქ იქმნება ჭორები. ჩვენ ამ საკითხზე მხოლოდ ის ვიცით, რომ „კავკასუს ონლაინის 49% ეკუთვნის აზერბაიჯანის მოქალაქე ჰასანოვს. არ ვიცით, როგორ ვითარდება მოვლენები, არ ვიცით რამდენად დაცულები ვართ უსაფრთხოების თვალსაზრისით და რადგან ეს ინფორმაცია არ არის გაჟღერებული, საზოგადოება თვითონ შეავსებს ამას არასწორი ინფორმაციით. გარიგების მხარეებს თვითონ უნდა აწყობდეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გააცნონ საზოგადოებას და რაც შეიძლება მეტად აგრძნობინონ, რატომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ საფრთხე არ არსებობს.

„ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ ინფორმაციის გამჟღავნება. ახლა უბრალოდ საარჩევნო პერიოდით ხდება ამ საკითხის გადაფარვა და ისინი ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი ჩაივლის უმტკივნეულოდ და საზოგადოებას არ ექნება მძაფრი რეაქცია. სამწუხაროდ მე არ მაქვს ბევრი ინფორმაცია იმაზე თუ ვინ არის ჰასანოვი და რა თქმა უნდა, სარისკოა, როცა გასაიდუმლოებულ გარემოში მიმდინარეობს ასეთი ტიპის შეთანხმება. შესაბამისად ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა კეთილსინდისიერი ადამიანი და ვართ თუ არა უსაფრთხოდ ამ გადაწვეტილების შემდეგ," - ამბობს „რეზონანსთან" ელდარ პირმისაშვილი.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×