მარიკა ხორავა
03.10.2020

კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო უახლოესი კვირის განმავლობაში დააკვირდება ქვეყანაში ეპიდსიტუაციას და ამის შემდეგ შესაძლოა თბილისის სკოლებში 1-დან მე-6 კალასამდე მოსწავლეებიც ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანონ. ეს ინფორმაცია „რეზონანსთან" საუბარში ნაწილობრივ დაადასტურა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

„ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე. ჩვენ რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვებისა და რეგულაციების შემოღება, უნდა გავითვალისწინოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. დავიცვათ მინიმალური ვალდებულებები - ნიღბის ტარება, ფიზიკური დისტანცირება და ჰიგიენის წესები. მოქალაქეებს მხოლოდ ეს მოეთხოვებათ. დანარჩენი ნებისმიერი გადაწყვეტილება საერთო ეპიდვითარებაზეა დამოკიდებულია", - განაცხადა ხუნდაძემ.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინსტროს გადაწყვეტილებით, მე-7-12 კლასებში დისტანციური სწავლება პრაქტიკულად ახალ წლამდე გაგრძელდება. მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და აჭარის სკოლებში მე-7-12 კლასის მოსწავლეებისთვის ელექტრონული ფორმით სწავლის დასრულების თარიღად 29 დეკემბერია მითითებული.

დოკუმენტში ასევე დეტალურად არის გაწერილი სასწავლო მოდელები კონკრეტული სკოლებისთვის, რომლის თანახმადაც, ამავე ქალაქების გარკვეული სასწავლო დაწესებულებებისთვის განსხვავებული თარიღებია დადგენილი.

ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, სასწავლო პროცესი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, წარმართონ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენებით - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით", - წერია ბრძანებაში.

მოგვიანებით სამინისრომ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ბრძანებაში მითითებული თარიღი - 29 დეკემბერი - პირობითია და რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×