მარიკა ხორავა
24.10.2020

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი თითქმის ერთი თვეა გრძელდება და სხვადასხვა სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უახლოესი დღეები შეიძლება გადამწყვეტი იყოს. როგორი სცენარით გაგრძელდება ომი და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი აზერბაიჯანული არმია ლაჩინის კორიდორის გადაკეტვას შეძლებს - ამის შესახებ „რეზონანსთან“ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, თუ ლაჩინის კორიდოს აღება აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იქნება.

„ერთი თვე გავიდა, რაც  საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და გამოჩნდა, რომ  აზერბაიჯანის სტრატეგიულ გეგმებში შედიოდა არა პირდაპირი შეტევა, არამედ სწორედ ფლანგებიდან -ჩრდილოეთიდან და განსაკუთრებით სამხრეთ მიმართულებიდან შესვლა. სამხრეთი მიმართულება უფრო წარმატებული აღმოჩნდა - აზერბაიჯანმა ირანთან 134-კილომეტრიან საზღვარზე კონტროლი დაიბრუნა და უკვე სამხრეთიდან ჩრდილოეთზე ლაჩინის მიმართულებით შეუტია.

„უკვე ჩანს რა საბრძოლო ამოცანა აქვთ მათ ჩაფიქრებული - ერთგვარ ქვაბში მოაქციონ არა მარტო მთიანი ყარაბაღი, არამედ შვიდი რაიონი, რომელსაც სომხეთი აკონტროლებდა. თუ აზერბაიჯანმა მოახერხა ლაჩინის კორიდორის გადაკეტვა, მაშინ სომხეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ყარაბაღის მომარაგების ძირითადი სამი გზა არსებობდა - ერთი იყო ჩრდილოეთში, მეორე ლაჩინში და სამხრეთით ირანის საზღვართან. ეს მიმართულება უკვე მთლიანად აიღო აზერბაიჯანმა თავისი კონტროლის ქვეშ.

„აზერბაიჯანის არმია ჩრდილოეთ მიმართულებაზე - სიმაღლეებზე არიან ასული. ძირითადად ლაჩინით მარაგდება სომხეთიდან არაღიარებული მთიანი ყარაბაღი. თუ ლაჩინიც გადაკეტეს, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა ძალიან დიდ სამხედრო წარმატებას მიაღწია“, - განაცხადა ალადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×