თამთა ჩაჩანიძე
25.10.2020

„ახლა უკეთესად ვარ, გადასხმებს ვიკეთებ. ფილტვების ანთების ნიშნები მქონდა. ორი-სამი დღეა ტემპერატურა არ მაქვს. ახლა წნევა ცოტათი მაღალი მაქვს. ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება. ვფიქრობ, რომ დაახლოებით ოთხ დღეში კლინიკას დავტოვებ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას თავის მდგომარეობას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა.

როგორც მან განაცხადა, თავდაპირველად კორონავირუსზე სახლში მკურნალობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ექიმებმა ფილტვებში დაინფიცირების კერა აღმოუჩინეს, კლინიკაში გადაიყვანეს, როგორც იგი ვარაუდობს დაახლოებით 10-12 დღეში სრულყოფილ ცხოვრებას დაუბრუნდება.

„ახლა უკეთესად ვარ, გადასხმებს ვიკეთებ, ფილტვების ანთების ნიშნები მქონდა, ორი-სამი დღეა ტემპერატურა არ მაქვს, ახლა წნევა ცოტათი მაღალი მაქვს, ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება, ვფიქრობ, რომ სადღაც ოთხ დღეში კლინიკას დავტოვებ და ალბათ შემდეგ ერთი კვირა კარანტინში კიდევ ვიქნები, რომ საერთო ჯამში ძირითად ცხოვრებაში პრობლემის გარეშე შევიდე.

„სად დავინფიცირდი არ ვიცი, მე ყველა ინფორმაცია მივაწოდე და გადაამოწმებდნენ. დაახლოებით ოცამდე პირი ჩამოვუთვალე ვისთანაც იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ინფიცირებას დამიდასტურებდნენ, კონტაქტი მქონდა.

„მკურნალობა კომპლექსურია. სამედიცინო სფეროში გარკვეული არ ვარ, მაგრამ მკურნალობა ბრწყინვალედ მიმდინარეობს. წამლების დასახელებები არ ვიცი, ფილტვში ანთების კერა მქონდა. შესაბამისად, იმ ადამიანების რიცხვში ვერ მოვხვდი, რომლებიც სახლში მკურნალობენ, თუმცა ჩემს შვილს კორონავირუსი აქვს, სახლში მკურნალობს და პრობლემა არ აქვს.

„მოსახლეობის უმრავლესობას შეუძლია ოჯახის ექიმის საშუალებით სახლიდან იმკურნალოს, მე კი ცოტათი გამირთულდა, ტემპერატურა 36.7-დან 37.4-მდე მერყეობდა. სიარულის დროს ადვილად ვიღლებოდი. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ კლინიკაში გადმოვსულიყავი.

„თავიდან, ანუ ხუთშაბათს, ძვლებში მტვრევის შეგრძნება მქონდა, საღამოს უკვე მაღალი ტემპერატურა დამიფიქსირდა, მერე „პი-სი-არ" ტესტის გაკეთება გადავწყვიტე და თუ არ მეშლება, პარასკევს დამიდასტურდა. ორი დღე სახლში ვიყავი, მეგონა, რომ გავუმკლავდებოდი, მაგრამ ვერ გავუმკლავდი, რადგან ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ფილტვებში კერა მქონდა, შესაბამისად გადმომიყვანეს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×