ტატა შოშიაშვილი
25.10.2020

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაავადებულთ რიცხვი შემაშფოთებლად იზრდება. ჩაკეთილი „საზღვრებისა" და გამკაცრებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ზომების მიუხედავად, დაავადებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი იმატებს. დე ფაქტო ხელისუფლებები პრაქტიკულად ღიად ამბობენ, რომ ეპიდემიასთან ბრძოლაში მარცხი განიცადეს და დახმარებას რუსეთს სთხოვენ.

ორივე რეგიონიდან მძიმე ავადმყოფები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავთ სამკურნალოდ, მაგრამ, ამ თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, ამის აფიშირება და ოფიციალურად დადასტურება არ ხდება.

აფხაზეთში სიტუაცია მწვავდება არა მხოლოდ დაავადებულთა რაოდენობის ზრდის გამო, არამედ იმიტომაც, რომ სამედიცინო პერსონალი არ ჰყოფნით ინფიცირებულთათვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თავის საგანგებო მიმართვაში რუსეთში მოღვაწე აფხაზ ექიმებს სამშობლოში დაბრუნების თხოვნით მიმართა.

რაც შეეხება ცხინვალს, აქ სიტუაცია გამწვავდა მას შემდეგ, რაც 15 სექტემბერს რუსეთთან „საზღვარი" გაიხსნა და მიმოსვლა აღდგა. შაბათს კი იქ ინფიცირების ახალი შემთხვევების კატასტროფული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ექიმების მწვავე დეფიციტი აფხაზეთში

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 3567 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 33 გარდაიცვალა, ხოლო 1355 გამოჯანმრთელდა. სულ აფხაზეთში დაახლოებით 245 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ვითრება აქ მას შემდეგ გამწვავდა, რაც 1 აგვისტოს რუსეთთან პანდემიის გამო დროებით ჩაკეტილი „საზღვარი" გაიხსნა. ამას პრაქტიკულად მაშინვე მოჰყვა საზოგადოების არაერთგავროვანი რეაქცია მოჰყვა და ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებული ტურისტების სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანდაცვის ე.წ. მინისტრმა, თამაზ ცახნაკიამ აგვისტოში განაცხადა, რომ რუსეთიდან ჩამოსულ დამსვენებლებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მხოლოდ პირველადი დახმარება გაეწევათ, რადგან ვერ მოხერხდება პაციენტების დიდი ნაკადისთვის დროული დახმარების გაწევა.

ოქტომბრიდან კი აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულად დაიწყო ზრდა.

6 ოქტომბერს პანდემიის დაწყებიდან პირველად დაფიქსირდა ასზე მეტი (103) შემთვევა. მას შემდეგ პრაქტიკულად ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვით ფიქსირდება.

15 ოქტომბერს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობის განკარგულების თანახმად დაწესდა ახალი შეზღუდვები, რომელიც 24 ნოემბრამდე მოქმედებს. კერძოდ, „რესპუბლიკაში" აკრძალულია ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების ჩატარება. დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები, ასევე კლასგარეშე წრეები და სექციები არ ფუნქციონირებს.

აკრძალულია სპა სალონების, საუნების და მასაჟის სალონების მუშაობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ყველა ადამიანს უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მძღოლსაც.

გარდა ამისა, 60 წელს გადაცილებული დასაქმებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ მოვალეობის შესრულებისგან, თუმცა ანაზღაურების შენარჩუნების პირობით.

აფხაზეთში განსაკუთრებულ პრობლემას დაავადებულთა გაზრდილი რაოდეობის გარდა სამედიცინო პერსონალის სიმცირეც ქმნის.

დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთიდან ექიმების რამდენიმე ჯგუფი ჩავიდა, იმისთვის რომ დაეხმარონ ადგილობრივ ექიმებს კორონავირუსის დიაგნოსტიკასა და დაავადებულთა მკურნალობაში. სოხუმში კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, დე ფაქტო ხელისუფლების თხოვნით, საველე ჰოსპიტალი მოაწყო, რომელიც 150 ავადმყოფზეა გათვლილი, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლება 500 საწოლიან საავადმყოფოს ითხოვდა.

ერთ დღეში „აფეთქებული" ცხინვალი

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 391 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შედეგი არ დაფიქსირებულა. სულ სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

სიტუაცია რომ თითქმის კატასტროფულია, ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, ეპიდემიის დაწყების შემდეგ სულ გამოვლენილი 400-მდე შემთხვევიდან 114 მხოლოდ ერთ დღეში - 24 ოქტომბერს დაფიქსირდა. ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ეს უკვე სერიოზული პრობლემების არსებობაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთთან დროებით დაკეტილი „საზღვარი" 15 სექტემბერს გაიხსნა, რის შემდეგაც „რესლუბლიკაში" ინფიცირებულთა რაოდენობამ სწრაფად დაიწყო ზრდა.

ამჟამად, ცხინვალის რეგიონში ორი კვირით ყველა საერთო საგანმანათლებლო დაწესებულებაა დახურული.

აღნიშნული გადაწყვეტილება არა მხოლოდ კორონავირუსის პანდემიისა და დაავადებულთა რაოდენობის ზრდის გამო მიიღეს, არამედ იმიტომ, რომ სეზუნური გრიპით დაავადებულთა რაოდენობის გაზრდაც აიცილონ თავიდან.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ის ცნობით, ამჟამად, ცხინვალის ბავშვთა საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დამატებით 100 ადგილია შექმნილი.

გარდა ამისა, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის" ანატოლი ბიბილოვის განკარგულებით, „რესპუბლიკის" ე.წ თავდაცვის სამინისტრომ წერილით მიმართა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელშიც მოითხოვა „რესპუბლიკაში" სამხედრო საველე ჰოსპიტალის გახსნა, რომელიც გათვლილი იქნება 150 საწოლზე კორონავირუსით დაავადებულთათვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×