ქრისტინე კაპანაძე
09.11.2020

გარკვეული რაოდენობის სარჩელები რომ დააკმაყოფილოს სასამართლომ, ეს მაინც არ იქნება საკმარისი ზოგადი ფონის შესაცვლელად და „ქართულ ოცნებას" მაინც მეტი ხმა ექნება, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით არჩევნების შემდეგ იყო დარღვევები, თუმცა ეს ზოგად ფონს ვერ შეცვლის, ამიტომ ხელახალი არჩევნების მოლოდინი პრაქტიკულად არ არსებობს.

ვახტანგ ხმალაძე: ჩვენ ვნახეთ არჩევნების შედეგები. იყო ბევრი დარღვევა, ბევრი საეჭვო აქტი. საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა ერთი-ორი საჩივარი თუ დააკმაყოფილეს. ბუნებრივია ეს ტოვებს ეჭვს, რომ არჩევნების დროს არ იყო დაცული კანონის მოთხოვნები და თუ არ არსებობს ეჭვი, მაშინ რატომ ამბობენ უარს შემოწმებაზე? თუ შემოწმების შედეგად დარღვევები არ გამოვლინდებოდა, მაშინ გამართლდებოდა საარჩევნო ადმინისტრაცია და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას საზოგადოება უკვე უსამართლოდ აღიქვამდა.

„რ": რეალურად ჩვენ ვნახეთ ეგზიტპოლების შედეგები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, რომლის მიხედვითაც „ოცნება" ისედაც იმარჯვებდა. ამის ფონზე მაინც არსებობს ხელახალი არჩევნების დანიშვნის საჭიროება?

ვ.ხ: პირველ რიგში მე ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ უნდა შემოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ დადგენილი შედეგები და აქედან გამომდინარე უნდა გაკეთდეს დასკვნა უნდა იყოს თუ არა ხელახალი არჩევნები. ზოგადად კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს ამ შედეგებისამდი, სხვა შემთხვევაში ხელისუფლების საქმიანობა ყოველთვის იქნება ეჭვქვეშ. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, უნდა შემოწმდეს არჩევნების შედეგები.

„რ": გამოწვევს თუ არა რადიკალურ ცვლილებას არჩევნების შედეგების გადამოწმება?

ვ.ხ: ვფიქრობ დღეს არჩევნების შედეგების ტოტალური შემოწმების შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ეს უკვე გახლავთ არა სამართლებრივი არამედ პოლიტიკური საკითხი და პროცესი. რასაკვირველია ამ შემოწმებას მაინც ექნება მნიშვნელობა იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორი იყო კანონის დარღვევის ხარისხი. კერძოდ ვის რამდენი ხმა მოემატა ან დააკლდა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ ლოგიკური დასკვნები, რა შეიძლება მომხდარიყო იმ უბნებზე, რომლებიც არ შემოწმდა, მაგრამ ამის შემდეგ დგება პოლიტიკური სტაბილურობის საკითხი და მე როგორც ვხედავ, ამ არჩევნების შედეგად როგორ პარლამენტსაც მივიღებთ, ასეთ პარლამენტს ექნება უაღრესად სერიოზული პრობლემები მუშაობის თვალსაზრისით.

„რ": რატომ და კონკრეტულად რა პრობლემების წინაშე დადგება მომავალი პარლამენტი?

ვ.ხ: პრობლემები მოსალოდნელია ბევრი მიზეზის გამო. ვთქვათ იმის გამო, რომ ეს იქნება ერთპარტიული პარლამენტი. ასეთ პარლამენტს არ ექნება მთელი რიგი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება. ეს არის კონტიტუციაში ცვლილებების შეტანის უფლება, რამდენიმე კანონში ცვლილების შეტანა, ეს არის შეუძლებლობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხორციელებისა, თუკი ამის საჭიროება დადგა. ასევე საგამოძიებო კომისია ერთპარტიულ პარლამენტში უბრალოდ ვერ შეიქმნება, რადგან საგამოძიებო კომისიაში წევრთა ნახევარი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი, ისინი კი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. ვერ შეიქმნება სხვა დროებითი კომისიები, აქაც ოპოზიციის ნაწილია საჭირო. ესაა წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით რაც მოხდება. შესაბამისად ჩვენ გვეყოლება ნაკლოვანი პარლამენტი.

„რ": თუ გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, რომელთა ქმედითუნარიანობა იქნება შეზღუდული, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?

ვ.ხ: ასეთი პარლამენტის დროს ყოველთვის არის მაღალი რისკი სხვადასხვა პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნის, რადგან ერთპარტიული პარლამენტი იქნება ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლების მიერ არჩეული. როდესაც საზოგადოებაში იზრდება უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, მაშინ საპარლამენტო რესპუბლიკაში არის შესაძლებლობა დაგროვილი უარყოფითი ენერგიის გათავისუფლება და ორთქლის გამოშვება მოხდეს ხოლო ოპოზიციის გარეშე ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, რომელიც უკვე აღარ ასახავს მოსახლეობის ნებასა და განწყობებს. შედეგად პოლიტიკური კრიზისების საფრთხზე იზრდება.

„რ": რაში ხედავთ გამოსავალს ამ შემთხვევაში?

ვ.ხ: გამოსავალი და იგივე მოსახლეობის დაგროვილი უარყოფითი ენერგიის გათავისუფლება უნდა მოხდეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მეშვეობით. თუ პარლამენტმა ვერ შექმნა მთავრობა, საჭიროა ამ მექანიზმის ჩართვა. ასევე თუ პარლამენტმა ხელოვნურად არ შექმნა მთავრობა, ამ შემთხვევაშიც უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ასეთი რამ საპარლამენტო რესპუბლიკებში არც თუ იშვიათად ხდება. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ დაიკლოს და მივიღოთ ისეთი პარლამენტი, რომელსაც ექნება მოქალაქეთა ნდობა. ამჟამად მე ამაში ვხედავ გამოსავალს. ამიტომ ხელახალი არჩევნები ვერ დაინიშნება, მაგრამ შეიძლება დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

„რ": კარგად რომ ავუხსნათ საზოგადოებას თუ რა განსხვავებაა რიგგარეშე არჩევნებსა და ხელახალ არჩევენებს შორის?

ვ.ხ: ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მაშინ, როცა საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ხმები იქნება გაყალბებული. ხოლო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის შეკრების შემდეგ როდესაც გამოცხადდება არჩევნების წინასწარი შედეგები. უკვე არსებობს შეთანხმება „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის იმის თაობაზე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. შეთანხმების მიხედვით ასეთი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს პარლამენტის შეკრებისთანავე. თუ სხვაგვარი შეთანხმება იქნება, მაგალითად რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 4 თვის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი შექმნის მთავრობას, მაგრამ 4 თვის მერე ხელოვნურად შექმნის იმ ვითარებას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

ეს მოდელი იმით არის უპირატესი, რომ ამაზე შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლაც. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ცესკოს თანამშრომლები, რომელიც მხოლოდ დღევანდელი პარლამენტის მიერ არიან არჩეულნი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ცესკოს მიერ არიან არჩეულნი გადადგნენ თანამდებობიდენ და ჩანაცვლდნენ ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ შეთანხმების საფუძველზე არჩეული პირებით, რათა ნდობის ხარისხი გაიზარდოს. ეს იქნება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის რეალური შესაძლებლობა.

„რ": თუკი ეს არის გამოსავალი, თქვენი შეფასებით დგას თუ არა დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გზაზე?

ვ.ხ: მე ხაზგასმით ვამბობ, რომ თეორიულად არის ხელახალიც და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაც, თუმცა პრაქტიკულ ნაწილში ხელახალ არჩევნებს გამოვრიცხავ. უფრო მოსალოდნელია რიგგარეშე ჩატარდეს. როგორც ვთქვი დღეს სრულდება სასამართლო პროცესები და არამგონია, რომ ბევრ ადგილას გაბათილდეს საარჩევნო ოლქები, რომ ეს საკმარისი იყოს ხელახალი არჩევნების დასანიშნად. ამიტომ რეალური ვარიანტი პარლამენტის შეკრება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×