ქრისტინე კაპანაძე
10.11.2020

„არსებული ვითარება არის ახალი გამოწვევა კავკასიისთვის. ცუდი ის არის, რომ ასეთ ხელსაყრელ დროს საქართველო ამოვარდნილია კონტექსტიდან. უნიკალური ხელსაყრელი ვითარება გვქონდა ახლა, თუმცა მეეჭვება ჩვენმა მთავრობამ ამას თავი მოაბას. თუმცა, ყველაფერი საბოლოოდ დაკარგული მაინც არაა ჯერ და ახლა იწყება ყველაფერი" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ყარაბაღის ომის საბოლოო შედეგებსა და სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლას კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

„27 ოქტომბერს აზერბაიჯანის ჯარი მიადგა შუშას და ლაჩინის ხეობას და დაიწყო ნელ-ნელა მოძრაობა, რადგან დიდი სისხლისღვრა არ უნდოდა გამოეწვია. მან ამ ნაბიჯით პირველ რიგში ულტიმატუმი წაუყენა რუსეთს, რათა რუსეთს დაერწმუნებინა სომხეთი დაეთმო დანარჩენი ტერიტორიები მშვიდობით. აზერბაიჯანმა ამ ნაბიჯებით თავისას მიაღწია. მან პირწმინდად გაასუფთავა უკვე რუსეთის მხარდაჭერით დაკავებული ტერიტორიები.

„რუსეთი, ამ შემთხვევაში როგორც სამშვიდობო ძალა, დგება ლაჩინის ხეობის გასწვრივ. ამ ნაბიჯით მან, შეიძლება ითქვას, გადააგდო თავისი მოკავშირე სომხეთი. მან უარყო ის მოლოდინებიც, რაც სომხეთს ჰქონდა მის მიმართ. ეს არის ახალი გამოწვევა კავკასიაში. რუსეთს ასევე მოუწია თურქეთის ფაქტორის გათვალისწინება, რომელიც ჩრდილად ადგა თავზე აზერბაიჯანს და მხარში ედგა დასაწყისშივე," - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

მისი აზრით, თურქეთის უფრო აქტიური შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში საქართველოსთვის დადებითი მოვლენაა.

„თურქები უკვე შემოსული არიან საქართველოში და მე მომწონს ეს ფაქტი, ვინაიდან საქართველო ნატოში აპირებს გაწევრიანებს და როგორ აპირებს, თუ არა თურქეთთან თანამშრომლობით? საქართველომ ახლა მეტად უნდა გააძლიეროს პოზიციები თურქეთთან მიმართებაში. თურქეთი, შემოვიდა ცალსახად აზერბაიჯანის სახით. ის მხარში დაუდგა და გააძლიერა აზერბაიჯანის პოზიციები. ამ ყველაფერს კი ანგარიში გაუწია რუსეთმა, იმდენად, რომ გაწირა თავისი მოკავშირე სომხეთი.

„ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სომხეთზე - იქნება თუ არა ისევ ჩაბღაუჭებული რუსეთზე, თუ ჩათვლის, რომ რუსეთმა მოატყუა და დაიწყებს მოძრაობას დასავლეთისკენ. ვფიქრობ, ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა, სომხეთი რომ მიხვდეს, რომ რუსეთი არ არის სანდო მოკავშირე და დაიწყოს უფრო მჭიდრო კავშრები ბრიუსელთან, ნატოსთან, ევროკავშირთან, ევროპის ქვეყნებთან და მათი სახელით დაიწყოთ საუბარი თავის მოწინააღმდეგეებთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე შეფასებით, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა, რომ რეგიონში თავისი როლი გაეძლიერებინა და პოზიცია გაემყარებინა და ამ მხრივ გარკვეული შესაძლებლობები ახლაც არსებობს.

„ძალიან ცუდია, რომ ასეთ ხელსაყრელ ვითარებაში საქართველო ამოვარდნილია კონტექსტიდან, ის შეიძლებოდა ყოფილიყო კარგი შუამავალი და რეგიონში ჩაეკეტა ვითარება. რასაკვირველია, რუსეთს ვერ ავცდებოდით, თუმცა არ იქნებოდა ურიგო საქართველოს წამოეწყო ინიციატივა, რომ თურქეთის, რუსეთის, ირანისა და საქართველოს სამშვიდობო ძალები ჩამდგარიყვნენ ამ პროცესებში. მაგრამ იმდენად მოიგო რუსეთმა აზერბაიჯანის გული, რომ ის მკაფიოდ დათანხმდა, რომ მხოლოდ რუსეთის მხრიდან ყოფილიყო სამშვიდობო ძალები.

„რუსეთმა აშკარად აგრძნობინა სომხეთს, რომ ის ვერ დაეხმარებოდა მას. ფაშინიანი, შეიძლება ითქვას, ყოველდღე ურეკავდა პუტინს. მერე წერილიც კი მისწერა, თუმცა ამის მიუხედავად რუსეთმა ძალიან აშკარად აგრძნობინა, რომ ვიდრე სომხეთის ტერიტორიაზე არ გადავა ბრძოლები, მანამდე ვერ ჩავერევიო.

„ამასობაში აზერბაიჯანმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო სომხეთის ტერიტორიაზე შემთხვევით და რუსეთმა ესეც კი გაატარა. აშკარად ჩანდა, რომ რუსეთი დისტანცირებას ცდილობდა სომხეთისგან.

„ახლა მთავარია როგორ მოიქცევა სომხეთი, რადგან შეიცვალა გეოპოლიტიკური ვითარება კავკასიაში. სომხეთში უკვე დაიწყო შიდა დაპირსპირება, ფაშინიანს უვარდებიან კაბინეტში. წარმოდიგინეთ, სომხეთის პრეზინდეტმა არ იცოდა არაფერი და პრესიდან გაიგო შეთანხმების შესახებ ამბავი. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი.

„ფაშინიანს პასუხის გაცემა მოუწევს ამ ყველაფერზე, ალბათ მოუწევს გადადგომა. ყველაფერი სომხეთზეა დამოკიდებული - დარჩება ისევ რუსულ ორბიტაზე თუ არა. ეს ერთ-ორ დღეში ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, თუმცა 1-2 წლის თავზე ვნახავთ.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არცთუ ისე კარგი პროცესები მიმდინარეობს, თორემ კარგი ვითარება იქმნებოდა ჩვენთვის შუამავალი ან წამყვანი რომ ვყოფილიყავით ამ პროცესების და უფრო მეტი ნატო შემოგვეყვანა კავკასიაში. ჩვენი ხელისუფლება არაა მზად ნატოზე მუშაობისთვის და ეს ძალიან ცუდია. იმის ნაცვლად, რომ შემოვიდეს ნატო, შემოდის რუსეთი. უნიკალური ხელსაყრელი ვითარება გვქონდა ახლა, თუმცა მეეჭვება ჩვენმა მთავრობამ ამას თავი მოაბას. თუმცა, ყველაფერი საბოლოოდ დაკარგული მაინც არაა ჯერ და ახლა იწყება ყველაფერი," - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×