ქრისტინე კაპანაძე
17.11.2020

„ქართველი ექსპერტების ღია წერილი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს მისწერეს, არის ძალიან ლამაზად შეფუთული, უწყინარი არაფრის მომტანი განცხადება, რომელიც საქართველოსთვის არც არაფერს გააკეთებს და არც არაფერს გააფუჭებს. ეს უბრალოდ ექსპერტების ლამაზი სურვილებია", - ასე აფასებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ქართველი ექსპერტების მაიკ პომპეოსადმი მიმართულ წერილს საქართველოში აშშ-ის სამხედრო ნაწილების მუდმივი განთავსების თაობაზე.

ზაქარეიშვილის აზრით, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო სერიოზული საკითხებისკენ იქნება მიმართული, ვიდრე ჩვენს ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზების განთვასებაა.

„ვფიქრობ, რომ უშედეგო იქნება ეს წერილი. ამით არც არაფერს ვაგებთ და არც არაფერს ვიგებთ. მაიკ პომპეო სულ სხვა რამისთვის ჩამოდის აქ. მისი ჩამოსვლა დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას ეფუძნება. აშშ ხედავს, რომ საქართველო არის მათი მოკავშირე. ის ხვდება მხოლოდ თავის მოკავშირე სახელმწიფოებს. ამიტომ ცალსახა და მკაფიოა, რომ ის ჩამოდის მოკავშირეებთან, მათ შორისაა საქართველოც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

„ეს გარკვეულწილად ნიშნავს იმასაც, რომ აშშ-ს საქართველო სჭირდება როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. ამ ფონზე ჯარების განლაგებისა და ბაზების მოთხოვნა ვფიქრობ ექსპერტების სურვილია, რომ გამოაჩინონ საკუთარი თავი - რომ, აი, დაგვინახეთ რა კარგი ექსპერტები ვართ და რა კარგად ვფიქრობთ.

„სინამდვილეში გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთი არის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო ნატოში. თუ რაიმე ინფრასტრუქტურა აქვს ნატოს რეგიონში, ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია თურქეთშია განთვალსებული. მე ეჭვი მეპარება, რომ აშშ-ს დღეს დასჭირდება რუსეთთან დაძაბულობა. მას სჭირდება საქართველო და არა რუსეთთან დაძაბულობა, ეს ორი სხვადასხვა საკითხია.

„ამ ექსპერტებს მე კარგად ვიცნობ. ისინი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ასხვავებენ ამას. სულ სხვა არის ამერიკა მხარს უჭერდეს საქართველოს და სულ სხვაა საქართველოს იყენებდეს რუსეთის წინააღმდეგ. მას ეს არაფერში არ სჭირდება.

„ჩემი აზრით, აშშ-ის წარმომადგენლის ჩამოსვლა ბევრად უფრო სერიოზული საკითხებით იქნება განპირობებული ვიდრე ჯარების განთვსებაა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას რუსეთსთან მიმართებაში. ჩვენ ჯობს ვისაუბროთ ნატოში გაწევრიანებაზე და თვითონვე გავხდეთ ნატოს ბაზა. ამაზე უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა. ჩვენმა ხელისუფლებამ წაუყრუა ნატოს და მიანელა ეს საკითხი და როცა ნატოზე აღარ საუბრობს ხელისუფლება, ბაზებზე ისაუბრებს?

„ეს განცხადება არის ძალიან ლამაზად შეფუთული, უწყინარი, უბოროტო არაფრის მომტანი განცხადება, რომელიც უფრო ჩაეწერება ამ ექპერტების ბიოგრაფიაში, თუ როგორი მაგრები არიან. მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ აშშ ჩვენს ამ თხოვნას გაითვალისწინებს და ჯარებს შემოიყვანს. დაველოდოთ მაინც რა იქნება. თუმცა, მე მეეჭვება ამისგან რამე ღირებული დარჩეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ჯარები გახდეს ნატოს ჯარები და ჩვენი ჯარები თურქეთის მსგავსად იდგეს ჩვენს ტერიტორიაზე ნატოს ჯარების სახელით. ჩვენ ამ მიამრთულებით უნდა მივდიოდეთ. ეს განცხადება არც არაფერს გააკეთებს და არც არაფერს გააფუჭებს. ეს არის ჰაერში გასროლილი ძალიან კეთილი და ლამაზი სურვილები მეტი არაფერი," - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×