ელზა პაპოშვილი
10.12.2020

პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარასკევს დემონსტრაციულად გეგმავს სადეპუტატო მანდატებზე საჯაროდ უარის თქმას და ამის შემდეგ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების გაგრძელებას. ამის საპასუხოდ კი „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მოლაპარაკება მხოლოდ მათთან გაგრძელდება, ვინც მანდატებზე უარს არ იტყვის. რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მოლაპარაკების პროცესზე, ოპოზიციის ერთიანობასა და მეტიც, თავად ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებში შიდაპარტიულ ერთსულოვნებაზე, ძნელი სათქმელია, რადგანაც, წინასწარი ინფორმაციით, თავად მანდატებზე უარის მთქმელ პარტიებშიც კი ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და პარასკევის შეკრებაზე, სადაც მანდატებზე უარი უნდა თქვან, ამ პარტიების წევრთა ნაწილი არ მივა.

ოპოზიციონერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუკი საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან. რადგანაც „ოცნებას“ სავაჭრო აღარაფერი ექნება და იძულებული გახდება, რომ პოლიტიკური კრიზისის ფონზე რიგგარეშე არჩევები დანიშნოს. მეორე ნაწილის აზრით კი, მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციის მიერ მოლაპარაკების ჩაშლას ნიშნავს, რადგან ამ შემთხვევაში მმართველ პარტიას მოლაპარაკების და რაიმეს დათმობის მოტივაცია აღარ ექნება. მათი აზრით, მაშინ გამოდის, რომ ერთი თვის განმავლობაში ელჩებს ტყუილად აწვალებდნენ და რეალურად არავინ არაფერზე მოლაპარაკებას არ აპირებდა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა იმ პოლიტიკურ ძალებთან უნდა გააგრძელოს მოლაპარაკება, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს არ იტყვიან.

„მე მგონია, რომ მოლაპარაკებები უნდა განვაგრძოთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ მათ უკვე გაანულეს სიები და სადეპუტატო მანდატები და თუ ისინი პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, ბოკერიასთან, გვარამიასთან და უგულავასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ლაპარაკს?“, - თქვა კობახიძემ.

ანალიტიკოსთა ნაწილი კი ოპოზიციას პარლამენტში შესვლას ურჩევს, რადგან, მათი თქმით, თუკი საბოლოოდ მოხერხდება მმართველი პარტიის დაყოლიება გარკვეულ დათმობებზე, ამის განსახორციელებლად საჭირო იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და 113 ხმა, რაც, ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, ფიზიკურად ვერ მოგროვდება. 

ვინ ამბობს უარს მანდატებზე და ვინ შედის პარლამენტში

უკვე ცნობილია, რომ პარასკევს საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის აქტს „ნაციონალები“, „ევროპელები“, „ლეიბროისტები“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოაწერენ ხელს. ხოლო „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ სრული წარმომადგენლობით ამაში მონაწილეობას არ აპირებენ.

გიორგი ვაშაძის განაცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთსულოვნად უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. განცხადება გიორგი ვაშაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა:

„ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენ სიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ ბოიკოტს. მეორე მხრივ, მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს და ვაპირებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა და ხვალ რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ პირიქითმ უზარმაზარი პრობლემა და ქართული დემოკრატიის მარცხი და ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ასევე ბრიფინგი გამართა „ლელომ“, სადაც იგივე გადაწყვეტილება მიიღეს და მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა მოლაპარაკების გაგრძელებას მაინც აპირებენ.

„სამწუხაროდ, მოგვიწია ამ ნაბიჯის ოფიციალურად გაფორმება. ეს არის ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, ამ პოზიციას და პრინციპულობას „ლელო“ ყოველთვის დაიცავს იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ის ხმები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს. ხვალ იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის შეთანხმება და ხელის მოწერის ცერემონია, რომელსაც ჩვენ შევუერთდებით და იურიდიულად ამას ჩვენი იურიდიული სამსახურები გააფორმებენ შესაბამისად“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მანდატებზე უარის თქმა გაზრდის იმის შანსს, რომ ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აიძულონ. 

„სულაც არაა საჭირო, რომ მოლაპარაკება გაგრძელდეს და ხელში მანდატი გვეჭიროს. მოლაპარაკების დროს ოპოზიცია გაცილებით უკეთეს სიტუაციაში იქნება, რადგანაც „ოცნებას“ მანდატები სავაჭრო აღარ ექნება. ახლა ხელისუფლება ვაჭრობს, რომ ვინმე პარლამენტში შეიყვანოს. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ „ოცნებას“ ლავირების საშუალება აღარ ექნება. მოლაპარაკების მაგიდასთან სხვადასხვა წაინადადებებით ვეღარ ივაჭრებს. ახლა, როცა ათას ინსტრუმენტს იგონებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შეიტყუოს, ამის შემდეგ ამის საშუალება აღარ ექნება. პოლიტიკური კრიზისი უფრო და უფრო გაღრმავდება და ამიტომ, როცა პარლამენტში მხოლოდ ივანიშვილის გუნდი იქნება, საბოლოოდ ის იძულებული გახდება, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. ერთპარტიულ პარლამენტს დიდხანს ვერ გაუძლებენ“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი კი „რეზოანნსთან“ ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ისინი როგორც საპარლამენტო სიას ჩახსნიან, ასევე ცესკოს მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით მიმართავენ. 

„ჩემი მხრიდან სიის ჩახსნა გარანტირებულია. გიორგის პოზიცია იყო, რომ იქნებ მოლაპარაკება გაგრძელდეს და რამე კარგი პაკეტით გამოვიდეთო, მაგრამ გუშინ კობახიძემ რაც გააკეთა, ეს მოლაპარაკების ჩაშლა იყო. მისი განცხადების შემდეგ საუბარი რამეზე ზედმეტია. როდესაც ოპიზიცია გაყალბებაზე საუბრობს, ამ სისხლის დანაშაულის საპირწონედ ხელისუფლებამ რაღაცა ხომ უნდა შემოგვთავაზოს?!

„მიდი თავს ნუ მოვიტყუებთ - რა პირობებზეცაა საუბარი, ეს არის რეალური სატყუარა, რომელსაც ხელისუფლება გვიგდებს. როდესაც ოპოზიცია უკვე შეთანხმდა, რომ დანაშაულია ჩადენილი, გაუგებარია რაზე ვესაუბრებით. სიის არჩახსნას ხალხიც და ხელისუფლებაც გააფორმებს, როგორც პარლამენტში შესვლას. უბრალოდ არაპრაგმატულია, როდესაც დიქტატორს გაყალბებაში ყვები. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ხვალ ოპოზიცია ერთიანი იქნება“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ჩარკვიანი. 

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მას მსგავს აქტზე ხელი უკვე სამჯერ აქვს მოწერილი. ამიტომაც პარასკევის შეკრებაზე არ მივა, თუმცა მანდატზე უარს იტყვის. მისი აზრით, მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს და ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში არ უნდა შევიდეს. ამიტომაც ის ელისაშვილის არგუმენტებს რაღაც ნაწილში იზიარებს.

„ალეკოს ვეთანხმები იმაში, რომ ლაპარაკის გაგრძელება სწორია. რამით დასრულდება თუ არა, ამას ალტერნატივა არ აქვს. არ მგონია ელისაშვილი რაიმე სატყუარას გადაყლაპვას აპირებდეს. უბრალოდ მას უნდა ტექნიკური გამოსავალი დაინახოს, რომელსაც მე ვერ ვხედავ. პერსპექტივაში მე მგონია, რომ შეუძლებელია ახლა ხმების გადათვლა. ავიღოთ საიტზე დაჯამებული ცეესკოს მონაცემები და შევადაროთ იქ შენახულ ოქმებს, რომელიც უკვე გადასწორებულია?

„არ ვიცი ხვალ ვინ მიდის ხელის მოწერაზე, მაგრამ მსგავს რაღაცაზე ხელი 3 ჯერ მაქვს მოწერილი. მგონია, რომ მსგავსი სპექტაკლები არ არის საჭირო. ხელის მოწერა იქნება თუ სიტყვით იტყვიან, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დარბაზში ხვალ ვინ იქნება. 

„მე ხვალ არ ვიქნები, რადგანაც უკვე სამჯერ მოვაწერე ხელი. ეს არის რაღაცა ცერემონია, რომელის გზავნილიც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ უნდა გააგზავნონ. პრაქტიკაში რაცაა გასაკეთებელი - მანდატზე უარის თქმა - იმას გავაკეთებ“, - ამბობს ჯაფარიძე „რეზონანსთან“.

„ხელისუფლება გარეთ დარჩენილებს გარეთ „მოგუდავს“ და შიგნით შესულებს შიგნით „გაგუდავს“

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და ეს ყველამ ერთად უნდა გააკეთოს. ცალ-ცალკე ვინმეს იქ შესვლას აზრი არ აქვს, რადგანაც იმ მოლაპარაკების მაგიდაზე რა შეთანხმებაც მოხდება, თუნდაც ეს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით იყოს, ამას საკონსტიტუციო უმრავლესობა და 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამიტომაც მისთვის გაუგებარია, ჯერ ერთი, რომ არ შედიან და ამით რას მიაღწევენ და მეორეც - ცოტაც რომ შევიდნენ ამითაც ვერაფერს მიიღებენ. ხოლო ხელისუფლება კი გარეთ დარჩენილებს გარეთ „მოგუდავს“ და შიგნით შესულებს შიგნით „გაგუდავს“. 

„ჯერ მარტო ე.წ კარუსელებით 3%-იანი გაყალბების ამოგდებაა შესაძლებელი. ამით ხომ ოპოზიციას შეუძლია დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყლბდა. ამიტომაც მომხრე ვარ, რომ მოლაპარაკება გაგრძელდეს და პარლამენტში თუ შევლენ, ყველა შევიდეს. 

„ელისაშვილი სხვების აზრს რატომ ახმოვანებს, გაუგებარია. თუ ბნელები იყვნენ ოპოზიციაში, ამდენი ხანი იმათთან ერთიანობაზე რატომ მეპრანჭებოდა? 

„ბოკერია რომ ბნელია, ახლა გაიგო? თქვას პირდაპირ, რომ შესვლა უნდა. სხვა რას ამბობს, ვერ გავიგე. მის შესვლას მხოლოდ რა აზრი აქვს? ხაზარაძეს მოსწონს, რომ ელისაშვილი აბრალებს, რომ ბოკერიას ის მძევლად ჰყავს? 

„მოვუწოდებ სახეს საერთოდ ნუ დაკარგავენ. 113 კაცი თუ არ იქნება პარლამენტში, რა პირობას შესარულებს ხელისუფლება? როგორ მოახერხებს საარჩევნო რეფორმის განხორციელებას, თუ „ნაციონალები“ არ შევლენ? თუ არ არის იმის გარანტია, რომ შეივსება, ელისაშვილის განცხადება ტყუილია. თუ ორო კაცი შეპროწიალდა, რა აზრი აქვს?! ეს დაპირება ფარატინა ქაღალდი იქნება და მეტი არაფერი. 

„მეორეც, მანდატებზე უარის თქმა იურდიული პორცედურაა და ასე საჯაროდ რაღაც დოკუმენტებზე ხელის მოწერა კი არ უნდა მოხდეს, ცესკოს უნდა მიმართონ ოფიციაალურად. მხოლოდ სიების ჩახსნა არაფერია, ყველამ განცხადება ინდივიდუალურად უნდა დაწეროს“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×