ია აბულაშვილი
11.12.2020

"ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის აქტივობაზე, როგორ იმუშავებს ამომრჩეველთან. ოპოზიციას სჭირდება, როგორც სამოქალაქო, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერა და ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს"- აცხადებს "რეზონანსთან" პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ოპოზიციის სამომავალო პერსპექტივებთან დაკავშირებით საუბრისას.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეკრებილმა 5 ოპოზიციურმა პარტიამ სამი დოკუმენტი გააფორმა.

პირველი დაოკუმენტი ოპოზიციური სპექტრის საერთო განცხადებაა, რომ არჩევნები გაყალბებულია და ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.

მეორე დოკუმენტით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ვინც არჩევნების შედეგების მიხედვით მოიპოვა მანდატები, უარს აცხადებენ ამ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე. მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიების განცხადებას, რომლითაც ისინი მიმართავენ ცესკოს ხელმძღვანელს თამარ ჟვანიას "სიების ჩახსნასთან" დაკავშირებით და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავის მანდატებზე.

მემორანდუმზე ხელი მოაწერეს პარტიებმა: "ნაციონალურმა მოძრაობამ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". დოკუმენტს ხელი არ მოაწერა "გირჩმა" "მოქალაქეებმა" და "რესპუბლიკურმა პარტიამ".

ისინი მანდატებზე უარს მაშინ იტყვიან, როცა ფასილიტატორების მონაწილეობით ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებები ოფიციალურად დამთავრდება.

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის ნაწილი შეურთდება პარლამენტის მუშაობას. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პარლამენტში არშესვლით მოიპოვეს ბერკეტი, როგორიც არის ქუჩა, ქუჩა კი დემოკრატიის სამშობლოა.

როგორი იქნება ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციის პოლიტიკური მომავალი, არჩილ გამზარდიას პროგნოზის გაკეთება გრძელვადიან პერსპექტივაში უჭირს. მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობით ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა, სამართლებრივად ჯერ სიები არ ჩაუხსნია და არც პარლამენტი გაფორმუბულა ერთპარტიულად, ამიტომ ოპოზიციას ჯერ ეს უახლესი პერსპექტივა აქვს გადასალახი.

"2008 წელთან ანალოგის გავლება არ შეიძლება, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა და აქტიურობა დაკარგა, რადგან, მაშინ სხვა პოლიტიკური ეპოქა იყო, დღეს სხვა რეალობაა. ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის აქტიურობაზე, რამდენად აქტიურად იმუშავებს ამომრჩეველთან.

"ოპოზიციას სჭირდება, როგორც სამოქალაქო, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერა, ამიტომ ორივე მიმართულებით უნდა იმუშაოს. აქტიურობის შემთხვევაში კი არასაპარლამენტო ძალებს ქუჩიდანაც შეუძლიათ სრულიად დააბალანსონ ხელისუფლება.

რაც შეეხება მესამე ძალის გამოჩენას. იმ ძალებს, რომლებსაც არც "ქართული ოცნება" უნდა და არც "ნაციონალური მოძრობა" ცალკე აღებული გაუჭირდებათ ამ მიზნის მიღწევა. მათ სჭირდებათ გაერთიანება და ახალი პოლიტიკური პლათფორმა, რომელიც ნელ-ნელა დაწყებს სვლას მესამე ძალის სტატუსისკენ. ეს შანსი აქვს პატარა პარტიებს. მაგალითად "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი და "გირჩი" თუ გაერთიანდებიან, შეძლებენ მესამე ძალის შექმნას და გახდნენ ანგარიშგასაწევი ძალა"- განაცხადა "რეზონნსთან" არჩილ გამზარდიამ.

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია მარგინალიზაციის გზას დაადგეს.

"ოპოზიციას პარლამენტში შესვლით ხელისუფლებასთან ბრძოლის მეტი საშუალება ჰქონდა, თანაც არავინ უკრძალავს მათ ქუჩის აქციებს. ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს მასშტაბურს არა, მაგრამ პატარ-პატარა აქციებს, პერფორმანესებს, მაგრამ თავისი გაუგებარი მოქმედებით შეიძლება ამომრჩეველი დაკარგოს და მარგინალიზაციის გზას დაადგეს.

"ანუ, საპროტესტო ელექტორატმა სხვაგან დაიწყოს ყურება, იქ სადაც შეძლებს თავისი სურვილების რეალიზაციას. მათმა ამომრჩეველმა თქვას, რომ ეს არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელზედაც შეიძლება ფსონი დადოს.

"რაც შეეხება პატარა პარტიებს, თუ ისინი ისევ ბრმად გაჰყვებიან "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგს, უფრო მეტად დაკარგავენ ელექტორატს. დავუშვათ, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, არ მგონია, რომ ის შედეგი დადონ რაც დღეს აქვთ.

"მაგალითად, "ლელოს", მის მიერ გადაგმული ნაბიჯებით შეუმცირდეს ელექტორატი. "ევროპული საქართველო" შეიძლება ითქვას, რომ თავისი ამბიციის მძევალია, აქედან გამომდინარე მისი პოლიტიკური მომავალი მძიმედ გამოიყურება"- განაცხადა "რეზონანსთან ზაალ ანჯაფრიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×