
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერ სერგო ჩიხლაძეს სამდეიცინო სფეროსა და და ზოგადად, ქვეყნის ხელმძღვანელობის უსაფუძვლოდ დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის საპასუხოდ ჩიხლაძემ „რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს თავის საქმეში წარმატებას უსურვებს, თუმცა მათი აზრები ერთმანეთს არასდროს დაემთხვევა.
„ბატონო სერგო! თქვენ შესანიშნავად იცით, რომ ჩემი „მავნებლობა" მხოლოდ და მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე თავდაუზოგავად ვცდილობ და მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის (და არც თუ წარუმატებლად), რომ რაც შეიძლება მეტი კოვიდ-19-ით ავადმყოფი გადარჩეს და ქვეყანა რაც შეიძლება უკეთესად და ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდეს კოვიდ-19-ის პანდემიას. სწორედ ეს გაღიზიანებთ თქვენ და თქვენს თანამოაზრე „ჰეითერებს" (სხვისი წარმატებისა და საკუთარი წარუმატებლობის მიმართ ფობია), რადგან ხელი გეშლებათ თქვენი მიზნების შესრულებაში.
„თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს, მათ შორის ახლადშექმნილ ექიმთა ასოციაციიდან, არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაგიკეთებიათ ქვეყნის და მოსახლეობის დასახმარებლად, სულ მცირედითაც კი არ შეგიწუხებიათ ამისთვის თავი და მოქმედებთ პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი". თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რათა შემდეგ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ. დაარწმუნოთ ადამიანები, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი არაფერს და ვერაფერს აკეთებს მათ დასაცავად და ამის გადაფარვას მხოლოდ მკაცრი შეზღუდვებით და ისევ მოსახლეობის ეკონომიკური შევიწროვებით ცდილობს, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია, ხოლო მთავრობამ თავისი მოქალაქეები ბედის ანაბარად მიატოვა", - წერს ცერცვაძე „ფეისბუქზე".
ჩიხლაძე ამ წერილზე ამბობს, რომ მისი და ცერცვაძის აზრები რიგ საკითხებზე განსხვავდება.
„მე და ბატონი თენგიზის აზრები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება პანდემიას იდელურად მართავს, მე ვფიქრობ, რომ ასე არაა; ის ფიქრობს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იდეალურად ფუნქციონირებს და უკეთესია, ვიდრე ევროპის, აშშ-ის, ბრიტანეთის და ა.შ. და პანდემია უკეთესად უმკლავდება, მე ასე არ ვფიქრობ, ამაში ჩვენი აზრები არასოდეს არ დაემთხვევა.
„ბატონ თენგიზს თავის ძირითად საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ. საჯარო სივრცეში ადამიანი არ დარჩენილა, ვისაც წერილი არ დაუწერა. მართალი გითხრათ, უკვე ცოტა მომაბეზრებელია და აღარც ვკითხულობ, ამისთვის არც დრო მაქვს და თანაც ყველგან ერთი და იგივე მეორდება - ხელისუფლების ქება-დიდება, აღფრთოვანება, ოპონენტების დადანაშაულება, პირიქით დემონიზება და ა.შ. პირდაპირ გეტყვით - ცოტა უინტერესოა.
„ჩემი კომენტარი ესაა, რომ, საკვირველია, ალბათ ბატონ თენგიზს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო აქვს, რომ სხვისი კომენტარები, პოსტები, პოსტის კომენტარები, „ფეისბუქ" გამონათქვამები და ინტერვიუები ამოწმოს. მას მის ძირითად საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ და კიდევ ვიტყვი, რომ ბევრ საკითხზე ჩვენი აზრები განსხვავდება და ეს მოცემულობა არ შეიცვლება", - განაცხადა ჩიხლაძემ.