
2021 წლის თვითმართველობის არჩევნების ერთგვარ ტესტად გამოყენება მმართველი პარტიისათვის მიუღებელია. ამ საკითხზე „გირჩი" სხვა ოპოზიციურ პარტიასთან მართავს შეხვედრებს, რათა მმართველ პარტიასთან იანვრის ბოლოს დაგეგმილი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე ერთიანი პოზიციით წარსდგნენ, თუმცა „ოცნებაში" აქედანვე აცხადებენ, რომ ეს შეთავაზება ლოგიკასაც ეწინააღმდეგება და ქვეყნის კანონდებლობასაც.
„ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ ვინაიდან ყველა ოპოზიციური პარტია აპირებს მაინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მოდი, თავად ეს ადგილობრივი არჩევნები ყოველგვარი პლებისციტის გარეშე გამოვიყენოთ ტესტად და პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად, რომ განვსაზღვროთ როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი. თუ აღმოჩნდა, რომ ეს ბალანსი „ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ შეიცვალა, ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წელსაც მოიპარა არჩევნები. თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო, ცესკო-ც შეცვლილი უნდა იყოს და სხვა რეფორმებიც უნდა გვქონდეს", - განაცხადა მეგრელიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ყველა იმ ოპოზიციონერს პატივს სცემს, ვინც ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში გადანაცვლებას ცდილობს, თუმცა 2021 წლის თვითმართველობის არცევნების შედეგებზე 2020 წლის საპარლამენტო არცევნების შედეგების მიბმა არასამართლებრივი და ალოგიკურია.
„პატივს ვცემ ყველა იმ ოპოზიციონერი ადამიანის სურვილს, რომ რაღაც გზები გამონახონ, რომ მათი ბოიკოტი და ეს მდგომარეობა შეწყდეს და პარლამენტში გადმოინაცვლონ თუმცა, ვადამდელი არჩევნები სრულებით სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია და ვთვლი, რომ ეს იდეა თავად საკმაოდ არაკანონიერია, რადგან ვერც ოპოზიცია და ვერცერთი ობიექტური გარემოება ვერ ასაბუთებს რატომ თვლიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებული არის, ან იყო და მათი ეს ძირითადი არგუმენტი სრულიად უსაფუძვლოა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამას ლოგიკურ შემოთავაზებას ვერ ვუწოდებდი.
„ამასთანავე, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან პლებისციტთან დაკავშირებით ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინეთ, მაგალითად, ერთ-ერთი ის, რომ დიდ აქალაქებში თვითმართველობის არჩევნებისას მიღებულმა შედეგებმა გადაწყვიტოს თურმე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვის გაუმარჯვია. ეს ჯერ ელემენტარულად არაიურიდიული და არასამართლებრივია, მეორე მხრივ, საკმაოდ საშიში განცხადებაა იმიტომ, რომ ესე იგი რეგიონებში და სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს საერთოდ ჩვენს ამომრჩევლებად არ თვლიან და მხოლოდ დიდი ქალაქების მიხედვით უნდათ, რომ პოლიტიკური მოცემულობა განსაზღვრონ", - აღნიშნა წილოსანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოპოზიცია როცა რაიმეზე შეთანხმდება კომენტარს მერე გააკეთებს.
„ჯერ ოპოზიცია თვითონ შეთანხმდნენ, დადუღდნენ და თქვან რა უნდათ. რა უნდათ არ იციან, მათ ერთ ნაწილს კატეგორიულად არეულობა და დესტრუქცია უნდათ, ხელს არაფერზე არ მოაწერენ, დამიჯერეთ. ამიტომ მე ოპოზიციის არცერთ ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ, სანამ ოპოზიციიდან ერთიანი აზრი არ იქნება", - განაცხადა კახაძემ.