
სამეტაპიანი ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებულია და დიდი ალბათობით პროექტი კვირის ბოლომდე მზად იქნება. გეგმაში აღნიშნულია, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა, ასევე, ცნობილია, თუ პირველი დოზები როდის შემოვა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, სპეციალისტებმა ვაქცინის გეგმაზე მუსაობა უკვე დაასრულეს - ვერსიას სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს და დასამტკიცებლად მთავრობას გაეგზავნება.
„ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა პარასკევს დასრულდა. მასში 82 სპეციალისტი იყო ჩართული. ამ ეტაპისთვის ტექნიკური სამუშაო დასრულებია. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის ვერსიას, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად გამოიგზავნება. ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს დასრულდება.
„გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მაღალი რისკის ჯგუფებიდან მოხდება ვაქცინაცია, მოსახლეობის იმ ჯგუფებამდე, რომელსაც რისკი მაღალი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი მოცვა მნიშვნელოვანია.
"სამიზნე მაჩვენებლი, რასაც ჩვენ გვინდა ქვეყნის კოორნავირუსის ინფექციისგან დასაცავად მივაღწიოთ, არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც გარანტია იქნება იმისთვის, რომ იმუნურობის დონე იყოს შესაფერისი. მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში. პირველი ჯგუფი არის ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ ამას მოყვება ასაკობრივი პაციენტები და სხვა ჯგუფები."-თქვა მან.
გაბუნიამ ბრიფინგისას აღნიშნა, რომ მსოფლიოში დღეისათვის აღიარებული სტატუსით სამი ვაქცინაა, მანვე განმარტა, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის მისაღებად ქვეყანა მზადაა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ საქართველოში რომელი ვაქცინა შემოვა.
„საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის მქონე ვაქცინა, დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით. რამდენიმე ვაქცინაა ამგვარი აღიარების: ეს არის „ფაიზერი", „ასტრაზენეკა" და „მოდერნა". როგორც კი მსგავსი აღიარების ახალი ვაქცინა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, მასაც გავითვალისწინებთ.
„ვაქცინის დანერგვის გეგმაში მკაფიოდ დაკონკრეტებულია, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა. მას დამატებითი ინვესტიცია ნებისმიერი ტემეპერატური რეჟიმის ვაქცინის მისაღებად არ სჭირდება", - განაცხადა გაბუნიამ.
ამასობაში, მსოფლიოს რიგი ქვეყნები უკვე მზად არიან, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისთანავე კოვიდპასპორტების გაცემა დაიწყონ. ორი დღის უკან ამაზე მზაობა უკრაინამაც გამოთქვა, მაგალითისთვის, დანიაში აცრილ მოქალაქეებს კოვიდპასპორტს გადასცემენ. მანამდე დანიის მთავრობაში განაცხადეს, კოვიდპასპორტების გაცემა საერთაშორისო მოგზაურობის განახლებისთვის აუცილებელი პირობაა.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აცხადებს, რომ იმისათვის, რომ ქვეყნებს შორის მიმოსვლა აღდგეს და თან პანდემიის რისკები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ვაქცინაციაზე და კორონავირუსზე დამადასტურებელი საბუთი საჭიროა.
„ამაზე საუბარი მთელს მსოფლიოში მიდის, კოვიდპასპორტების შექმნა ზოგადად ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო მიმოსვლა აღდგეს და ადამიანებმა შეძლონ, რომ საზღვრებს გარეთ გავიდნენ და ამისათვის საჭირო იქნება დამადასტურებელი საბუთი, რომ ადამიანი ვაქცინირებულია.
„ეს შესაბამისად პანდემიის გავრცელების რისკებს შეამცირებს, ამიტომ, დიდი ალბათობით მსგავსი რამის გაკეთება ბევრ ქვეყანას მოუწევს, მათ შორის შესაძლოა ეს საქართველოშიც გახდეს საჭირო. ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ცოტათი რთულია, განსახილველია, მაგრამ ჩემი აზრით ცუდი იდეა არაა.
„გლობალურად რომ შევხედოთ, ეს რა თქმა უნდა კარგია, იმისთვის, რომ დაავადების გავრცელებამ ისევ ფართომასშტაბიანი ხასიათი არ მიიღოს და 2021 წელს მთელმა მსოფლიომ კორონავირუსული ინფექცია დაამარცხოს. საქართველოში კონკრეტულად რა და როგორ იქნება არ ვიცი, მაგრამ მსოფლიოს ქვეყნები მსგავს რამეს გეგმავენ" - განაცხადა გოგინავამ.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით4 964 ტესტი ჩატარდა, ხოლო აქედან 110 ახალი კოვიდშემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 25 ადამიანი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა სტაბილიზაციისკენ მიდის, ყველა მრუდი ქვემოთ მოდის, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.
გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოხდება. მისი თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს ქვეყანაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შემუშავება დაავალა.
რაც შეეხება იმას თუ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებით, ქვეყნის ეკონომიკა რამდენ ხანს გაძულებს, ამ საკითხზე „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბონს, რომ თუ მიმდინარე წელს კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები არ აღმოიფხვრა, ეკონომიკა კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩავარდება.
„ჩემი აზრით, თუ მოსახლეობის ვაქცინაცია დროზე არ მოხერხდა, დამატებითი პრობლემები შეიქმნება, რადგან 2019 წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 12% ტურიზმზე მოდიოდა, ანუ 2019 წელს საქართველოში დაახლოებით 9 მილიონ 300 ათასი ტურისტი შემოვიდა და ამით საქართველომ დაახლოებით 3 მილიარდი შემოსავალი მიიღო.
„აქედან გამომდინარე, როდესაც ტურიზმის სექტორი 80%-ით შემცირდა, ბუნებრივია, რომ აღნიშნულმა ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინა, მითუმეტეს, როდესაც საქართველოში მსხვილი საწარმოები არ ფუნქციონირებს, ამიტომაც, თუ ეს მომავალშიც გაგრძელდა, საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს. იმიტომ, რომ, თუ ქვეყანამ ტურისტები ვერ მიიღო, სხვა დარგების ამისი ალტერნატივა არაა.
„დაახლოებით 12%-იც საგარეო გადმორიცხვებზე მოდის, შარშანდელი მონაცემებით ამან მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა, თუ საქართველოს ეკონომიკამ წელს რაღაცით გაძლო, ეს იმიტომ, რომ ქვეყანამ დიდი რაოდენობით საგარეო და საშინაო ვალი აიღო, რომელიც დღეს 30 მილიარდს აჭარბებს, მიმდინარე წელს საქართველოს გასასტუმრებელი დაახლოებით 2 მილიარდი ლარი ექნება.
„ამიტომაც, ამხელა თანხას უკვე ბევრი დონორი ორგანიზაცია აღარ გამოყოფს. თუ მაგალითად, ტურიზმის სფერო არ აღდგა და ბიზნესი არ ამუშავდა, ჩემი აზრით საქართველოს ძალიან გაუჭირდება და შეიძლება ეკონომიკა დაეცეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვაქცინაცია, რომელიც სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიწყება, ეკონომიკის ზრდას თუ არა, შემცირების შეფერხებას მაინც მოახერხებს.
„წინააღმდეგ შემთხვევში ლარი კიდევ უფრო დაცემას დაიწყებს, საქართველო სავალუტო რეზერვებს რაც შეეხება, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარია, მაგრამ ეროვნული ბანკი იძულებული იქნება, რომ სავალუტო ინტერვენცია განახორციელოს და ქვეყანა კიდევ უფრო მეტ უცხოურ ვალუტას დაკარგავს, ამიტომ თუ მიმდინარე წელს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემები არ აღმოიფხვრა, უარესი წელი გველოდება" - განაცხადა ჩიტაძემ.