
პანკისის ხეობაში სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. სიმონ მარგოშვილი, რომელმაც იბრაჰიმ ქავთარაშვილს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა, შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ მის კვალზე ადგილობრივები ჯერ ვერ გადიან.
ნათესავის მიერ მოკლულ 40 წლის მამაკაცს დღეს დაკრძალავენ და პანკისში სისხლის აღებაზე უკვე ალაპარაკდნენ. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მათ ტრადიციის მიხედვით გვარების გადაკიდების და სისხლის აღების საფთხე არსებობს. ამიტომაც ყველანაირად ეცდებიან, რომ გვარების შერიგება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სრულიად უდანაშაულო ადამიანები შეიძლება დაიხოცონ.
სოფელ დუისში ჩადენილი დანაშაულის მიზეზი ნათესავებს შორის წარსულში დაწყებული უთანხმოებაა. მოკლულს ცივი იარაღით 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული და ჯერ მარტო გულის არეში 4-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლულსა და სავარაუდო დამნაშავეს შორის წარსულში უთანხმოება არ მომხდარა და კონფლიქტის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. ამბობენ, რომ ისინი მეგობრები იყვნენ. თუმცა, ფაქტია რომ ბოლო დროს მათ შორის რაღაც დაპირისპირება იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა მოკლულს ტელეფონზე დაურეკა და ე.წ. ხეხილის ტერიტორიაზე შეხვედრა სთხოვა. ადგილზე მისულს კი რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. ადგილობრივები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ მკვლელი ნარკორტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
“სიტუაცია ძალიან დაძაბულია, აქ უკვე ერთი დამნაშავე აღარ არის. ამ მკვლელობაში მთელი გვარი იჭყლიტება. ის ერთი თუ დამნაშავეა, ბევრი უდანაშაულოა და სისხლის აღების საფრთხე ჩნდება. უბედურება კი ისაა, რომ, სრულიად არაფერში დამნაშავე ადამიანები შეიძლება დაიღუპნონ.
დამნაშავე რომ არაა, იმაზე ტყდება ხანდახან ჯოხი. ამიტომ, ხეობაში ეცდებიან, რომ ცოტა ხნის შემდეგ შერიგება მოხდეს. საერთოდ, რაზე მოხდა ეს უბედურება, არავინ იცის.
იბრაჰიმი ქორწილში მიდენილა, ტელეფონზე სიმონს დაურეკია და უთქვამს საქმე მაქვს, შემხვდიო. რაზე იჩხუბეს და რა იყო კონფლიქტის მიზეზი, ეს მხოლოდ დამნაშავემ იცის. ამბობენ, მოკლულს მკვლელი ედავებოდა - მამის გარადცვალება რატომ არ მომისამძიმრეო. არ არის გამორიცხული, რომ ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ ყოფილიყო. ნათესვები არიან და როგორც ვიცი, მეგობრობდნენ კიდევაც. ამიტომ, რთულია რაიმე მოტივზე დაზუსტებით საუბარი" - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
იბრაჰიმ ქავთარაშვილს სოფელ დუისში დღეს დაკრძალავენ. 40 წლის მამაკაცის დაკრძალვის შემდეგ, პანკისის ხეობამ უნდა გაარკვიოს, მხარეები შერიგდებიან თუ სისხლის აღების წესი განიხილება.
გარდაცვლილის დედა კი ამბობს, რომ მის შვილს სავარაუდო ბრალდებული ედავებოდა, მამამის სიკვდილი რატომ არ მიუსამძიმრა. დედის ინფორმაციით, მისი შვილი ნათესავთან დასალაპარაკებლად მივიდა, მან კი დანით დაჩეხა.
"მამა მოუკვდა, სამძიმრად რატომ არ მოხვედიო, მთელი დაპირისპირების მიზეზი ესაა....ჩვენს მეზობლად ცხოვრობენ და ამაზე იყო ნაწყენი. სხვა ჩემს შვილის მის მიმართ არანაირი დანაშაული არ ჰქონდა. ასე სასტიკად ნათესავი როგორ გაიმეტა. მეგობრობდნენ კიდევაც ...სოფელში იკითხეთ, როგორი იყო ჩემი ბიჭი, ყველას ეფერებოდა და ასე დაუნდობლად როგორ მომიკლა", - ამბობს იბრაჰიმ ქავთარაშვილს დედა.