თამთა ჩაჩანიძე
26.01.2021

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება არ სცნო. ასეთი გადაწყვეტილება ასამბლეის ზამთრის სესიაზე ორშაბათს მიიღეს. ეს საკითხი შესასწავლად შესაბამის კომიტეტებს გადაეგზავნა, რომლებმაც დასკვნა უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც, ოთხშაბათს რუსების საკითხი ასამბლეაზე იქნება გამოტანილი კენჭის საყრელად.

საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის მხარდასაჭერად კონკრეტულ პირობებს აყენებენ. ამ საკითხის ინიციატორი კი უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი მარია მეზენცევა იყო. 25 იანვარს მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის უფლებამისილების გასაჩივრებას მხარი ასამბლეის 38-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 61, ხოლო 51-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

მეზენცევმა ამის არგუმენტად მოიყვანა ის, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევას განაგრძობს და ამით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას არღვევს.

ამ საკითხზე საქართველოს დელეგაციის პოზიცია 25 იანვრის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გაახმოვანა.

„ხვალ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებას, რომლის დროსაც, რუსეთის დელეგაციის წევრები იტყვიან, რომ ისინი იმსახურებენ საპარლამენტო ასამბლეის წევრობას, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ასამბლეას, ამ ინსტიტუციას ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ინსტიტუციას?" - განაცხადა კუჭავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე.

მისი თქმით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხებოდა, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ მათი უპატივცემულო დამოკიდებულების ნათელი დემონსტრირებაა. მან სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საუკეთესო საშუალებაა.

საგარეო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ასამბლეის მხრიდან საკითხის ასე დაყენება ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. მისი აზრით, ერთ-ერთ პირობად, რომ რუსეთს ხმის უფლება დაუბრუნდეს, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა იყოს ჩადებული, მხედველობაში კი სტრასბურგის გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული.

„რუსეთს იმდენი დარღვევები აქვს, რომ ევროსაბჭოში ეს უკვე ერთგვარ ტრადიციადაც ჩამოყალიბდა. მათთვის ხმის უფლების შეჩერება იმ მუდმივი დარღვევების გამო, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, მგონია, რომ ძალიან სწორი პოლიტიკური ჟესტი და გადაწყვეტილება იქნება. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ პირობად იმისათვის, რომ რუსეთს ხმის უფლება დაუბრუნდეს, იმ ვალდებულებების შესრულება უნდა იყოს, რაც საქართველოს ტერიტორიების უპირობო დეოკუპაციას უკავშირდება. მათ შორის თავისთავად ცხადია მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თუნდაც ბოლო გადაწყვეტიება, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო და რუსეთმა საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

„ასე რომ, ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მირებული, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება. თუმცა ეს ასეთი ნათელი ჯერ კიდევ არაა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს", - განაცხადა ფხალაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება ჩამოართვა 2014 წელს ჩამორთვა ყირიმის ანექსიის გამო. 2019 წლის ივნისში ასამბლეამ რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების აღდგენის რეზოლუცია მიიღო, რომლის რატიფიცირებაც და შესაბამისად, რუსეთის სრულმასშტაბიანი დაბრუნება ევროსაბჭოში 2020 წლის იანვარში მოხდა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×