თამთა ჩაჩანიძე
26.01.2021

კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეზღუდვების გახანგრძლივებამ რეალურად შესაძლოა ქვეყანაში სოციალური აფეთქება გამოიწვიოს, თუმცა, ხელისუფლებამ აქციების გავლენით გადაწყვეტილება არ უნდა შეცვალოს, რადგან ეს საშიშ პრეცედენტს შექმნის - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომელიც შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციებს „სოციალურ მიტინგურ ტერორს" უწოდებს.

ბიზნესის წარმომადგენლები კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და სოციალურ აფეთქებას პროგნოზირებენ. სახელმწიფო კანცელარიასთან სამშაბათს გამართული აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ახალი ულტიმატუმი წამოაყენეს და თუკი შეზღუდვები 1-ლი თებერვლიდან არ გაუქმდება, ისინი სამთავრობო შენობების პიკეტირებას დაიწყებენ.

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ქვეყანა სოციალური აფეთქების წინაშეა, რადგან შეზღუდვებზე მთავრობის არგუმენტი მისთვის გაუგებარია, ამბობს, რომ ბიზნესის ლიკვიდირება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით ხდება, რომლებიც, „ადამიანის სიცოცხლით სპეკულირებენ".

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, არსებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა სოციალური აფეთქება გამოიწვიოს, თუმცა, ამის მიუხედავად, პროტესტის ფონზე მთავრობის მხრიდან დათმობა არ უნდა მოხდეს, რათა შემდეგ ეს ფორმა არ დამკვიდრდეს.

„სხვა ქვეყნებს შევხედოთ, პროტესტები იქ გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე აქ. მოტივაცია დაახლოებით იგივეა. რა თქმა უნდა, არავის და მითუმეტეს ბიზნესის პატრონებს არ სიამოვნებთ, როდესაც შეზღუდვების გამო შესაძლებლობები და შემოსავალი უმცირდებათ. ჩვეულებრივ ადამიანს მოძრაობის და მომსახურეობის შესაძლებლობა ეზღუდება და ბიზნესმენს - ფული.

„გაპროტესტების დროს ალბათ გასათვალისწინებელია ის, თუ რას აპროტესტებ - იმას, რომ ადამინები არ გადარჩნენ? იმის ფიცი, რომ რეგულაციებს დავიცავთ, ცოტა ნაკლებად სანდოა, ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც რეგულაციების დაცვა არც ისე მკაცრად ხდება. აგერ მიტინგები ღია პირებით და დისტანციის გარეშე ტარდება, მერე კი ეს ვიღაცეების სიცოცხლის ფასად ჯდება. პრინციპში გამოდის, რომ ეს ბიზნესმენები არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბიზნესს ამჯობინებენ სხვა ადამიანების და შეიძლება საკუთარ სიცოცხლესაც," - განაცხადა საყვარელიძემ.

იგი აცხადებს, რომ, დიდი ალბათობით, ეს აქციები ინტენსიური ხასიათის იქნება, თუმცა ამის გამო ხელისუფლების მხრიდან დათმობა არ უნდა იყოს.

„რა თქმა უნდა, ეს აქციები ინტენსიურ სახეს მიიღებს. უცხოეთია ამის მაგალითი, მაგრამ იქ დათმობა არ კეთდება იმიტომ, რომ საპროტრესტო აქციაა. აქაც არ მგონია, რომ რამე დათმონ. მითუმეტეს, თუ ახლა დათმობა ამ ფონზე მოხდა, ეს ნიშნავს, რომ მერე ყველა შემთხვევაში მიზნის მიღწევას საპროტესტო აქციებით ეცდებიან. ეს ხომ ტერორის გარკვეული ფორმაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სოციალური მიტინგური ტერორი. თუ ეს მიტინგური ტერორი იმოქმედებს, ტერორიზმის ზოგადი ფორმულაა, რომ თუ დაუთმე, ტერორიზმი გახშირდება. ანალოგიურად, თუ ამ ტიპის საპროტესტო აქციებს დაუთმე, აქციები გაცილებით უფრო ნაკლები მნიშვნელობის საკითხებზე უფრო გახშირდება.

„იმ საკითხების მნიშვნელობას არ ვამცირებ, როს გამოც აქციებია. ფაქტია, რომ სხვა გზაც არაა, მაგრამ არც დათმობა არ შეიძლება იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში აქციები არასწორი სვლაა, მათ დიალოგის ფორმა უნდა მოძებნონ, მით უმეტეს, რომ დიალოგის ფაქტები არის, რესტორნები იქნება, თხილამურები თუ სხვა, რაიმეს გადაწყვეტა მეტ-ნალკებად ცივილური ფორმით უნდა მოხდეს. ტერორის ფორმით გადაწყვეტა უბრალოდ იმიტომ არ შეიძლება, რომ მერე ეს ფორმა არ დამკვიდრდეს," - განაცხადა საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×