
პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატთა მიერ მანდატებზე უარის თქმის განცხადებების განხილვის დაწყების წინ ოპოზიციამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მოლაპარაკების გაგრძელებას სთხოვს. ანალიტიკოსთან ნაწილი მიჩნევს, რომ მოლაპარაკება პრაქტიკულად უკვე ჩაიშალა, ხელისუფლება თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს, ოპოზიციის სტრატეგია კი მმართველი პარტიის დამუნათებამდე დავიდა.
როდის გაიმართება მოლაპარაკების მე-5 რაუნდი და გაიმართება თუ არა ის საერთოდ, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ მანდატებზე უარის მთქმელ ოპოზიციონერთა განცხადებებს პარლამენტი შესაბამის კომიტეტებში 27-28 იანვარს განიხილავენ და 2 თებერვალს კი ამ საკითხზე უკვე კენჭისყრა გაიმართება.
სამშაბათს ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტს 10 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. წერილში ნათქვამია, რომ პარტიებს შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, მოთხოვნებთან დაკავშირებით პოზიცია უცვლელი რჩება.
„ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული,“ - ნათქვამია მიმართვაში, რომლის ხელმომწერებს შორის არ არის ალეკო ელისაშვილის პარტია და „გირჩი“.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ განცხადების გამოქვეყნების მთავარი მიზანი საპარლამენტო მანდატების გაუქმება-არგაუქმების საკითხზე სპეკულაციების დასრულება იყო.
„ოცნების“ პასუხი
„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი კახიანი ოპოზიციის ერთიან განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე საუბარი მმართველ გუნდთან მიმართებაში, არარელევანტურია. მისი თქმის, „ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდიდან არსად წასულა და მზად არის ნებისმიერი კონსტრუქციული ნაბიჯისთვის.
„მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე საუბარი მმართველ გუნდთან მიმართებაში, უბრალოდ, არარელევანტურია. ჩვენ არსად წავსულვართ მოლაპარაკებების მაგიდიდან და სულ ვამბობთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული ნაბიჯისთვის.
„ყველა ნახა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ დრო გაგვეწელა და მიგვეყვანა, პროცედურების ფარგლებში, ბოლო მომენტამდე, ვიდრე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგებოდა.
„ყველამ იცის ჩვენთვის რა არის წითელი ხაზი. იმის იქით ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და იმედი გვაქვს, მეხუთე რაუნდი შედგება და კონკრეტული შედეგით დასრულდება. ეს შედეგი იქნება ის, რომ მთლიანად ოპოზიცია თუ არა, მისი ნაწილი მაინც მიიღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას,“ - განაცხადა კახიანმა.
რატომ გარიყეს „გირჩი“
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სავარაუდოდ, ისინი ამ ხელმომწერთა შორის იმიტომ არ მოხვდნენ, რომ მათ მანდატებზე უარის თქმის განცხადება დაწერილი არ აქვთ.
„მაინტერესებს და კითხვა გამიჩნდა - ამ ოპოზიციას ჩვენს გარეშე რამე ახალი წაინადადება ხომ არა აქვს მომზადებული, რომელიც ხელისუფლებას უნდა შესთავაზონ? აბა, სხვაგვარად მსგავსი სურვილი ჩვენც გვქონდა, რომ მე-5 რაუნდი გამართულიყო და ჩვენ რატომ არ დაგვიძახეს, ეს ვერ გავიგე.
„პოლიტიკას ადამიანური ემოციებით არასდროს ვუყურებ, მაგრამ უბრალოდ გაუგებარია „გირჩს“ რატომ არ ეძახიან, როცა ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება ყველაზე მეტად ბოლოს ჩვენ გვინდოდა. რაც არ უნდა უთანხმოება გვქნდეს „ენმ“-სთან ან „სტრატეგია აღმაშენებელთან“, ამ კონფლიქტის მიზეზი ადამიანური კი არა საქმეა.
„ეს დაპირისპირება მოლაპარაკების მაგიდაზე დადებული საკითხების გამო მოხდა. ჩვენ გვინდოდა და ახლაც გვინდა, რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. ხოლო თუ ოპოზიციამ ეს გზა ჩვენს გარეშე იპოვა, უბრალოდ გამიხარდება. იქნებ ჩვენც გაგვაგებინონ რა გზაა ეს და რა წინადადებებით მიდიან მე-5 რაუნდზე.
„ჩვენ ძალიან უცნაურ სიტუაციაში მოვხვდით. აქამდე ყველასთან კარგი და კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა. დაახლოვებით წინა კვირას კი ჯერ ვაშაძე არ დაგველაპარაკა, მერე „ევროპელებმა“ „განგრენა“ გვწიოდა, გუშინ კი მელიასთან გაუგებრობა მოგვივიდა. ხოლო ეს ყველაფერი ერთიდაიგივე თემას უკავშირდება. მაინტერესებს რა არის სიახლე, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს რაუნდი უფრო წარმატებული იქნება“, - ამბობს მეგრელიშვილი „რეზონანსთან“.
აქვს თუ არა აზრი მოლაპარაკების გაგრძელებას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბოლო დროს უკვე ძალიან რთულია ოპოზიციის სტრატეგიაში ლოგიკის დანახვა. მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები მათივე ამომრჩევლისთვისაც გაუგებარია, რაც „ენ-დი-აის“ კვლევებითაც კარგად გამოჩნდა.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიციას როგორც ჩანს აქვს არჩეული ტაქტიკა, რომ ბოლომდე მიყვნენ თავის მოთხოვნებს. გამოუვათ ხომ კარგი, თუ არა და ქუჩა სადღა წავა. ამასთანავე ცდილობენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციები გაიძლიერონ და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან რაღაცეები დაალაგონ.
„ოპოზიციის ლოგიკა ასეთია - თუ გამოუვათ, ხომ გამოუვათ, თუ არა და იქნება გაზაფხულზე ჩვენს სასიკეთოდ როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ რაღაც შეიცვალოსო. მათი მთავარი გათვლაა, რომ გაზაფხულზე ხალხი ქუჩაში გამოვა და ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოსთვის მოიცლის და „ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენს. ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გამწვავდება და ამის ფონზე შეძლებენ ხელისუფლების დაყოლიებას ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე. სწორედ ამის გათვლით არის განპირობებული მათი მიმართვა ხელისუფლებისადმი.
„მოლაპარაკების მე-5 რაუნდი რომ დაინიშნოს, ამისთვის რაღაც ხელშემწყობი პირობები უნდა გაჩნდეს. როდესაც შენს მოთხოვნებში აბსოლუტურად არაფერს ცვლი, არ თმობ, ისევ ვადამდელ არჩევნებს მოითხოვ და ჯიუტად იმეორებ, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, რაღა მოლაპარაკების იმედი გაქვს? მითუმეტეს, რომ ამ ყველაფერზე ხელისუფლების პოზიცია უკვე იცი - ამბობს „ოცნება“, რომ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების საკითხი წითელი ხაზებია და არ განიხილება.
„ვფიქრობ ელჩებსაც აღარ ექნებათ სურვილი, რომ შეხვედრა შედგეს. რა აზრი აქვს, შეხვდერა შეხვედრისთვის ხომ არ იქნება. ელჩებმა წინასწარ განწირულ მოლაპარაკებაზე დრო რატომღა უნდა დახარჯონ?!“, - აცხადებს ზაალა ანჯაფარიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ოპოზიციას რომ თავისი მოთხოვნების ოდნავი კორექტირება მაინც მოეხდინა და ეთქვა, რომ შემდეგ რაუნდზე საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების საკითხები განვიხილოთ, ან ცესკოს ხელახლა დაკომპლექტების პრინციპები, შეხვედრას აზრი კიდევ ექნებოდა.
ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუკი არცერთი მხარე დათმობაზე არ მიდის, მაშინ მე-5 რაუნდის გამართვას აზრი არ აქვს. მისი თქმით, ყველა კარგად ხვდება, რომ რეალური მოლაპარაკება არცერთ მხარეს არ უნდა.
„ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საერთოდ არ ფიქრობს და ოპოზიციამ რაზე უნდა ესაუბროს, ვერ გავიგე. რა აზრი აქვს ისეთ მოლაპარაკებას, სადაც კომპრომისული ნაბიჯების გადადგმისთვის არცერთი მხარე მზად არ არის?!
„ქართული ოცნებას“ არ უნდა, რომ ოპოზიციის დღის წესრიგით იმუშაოს. მან თავისი წესებით თამაში შესთავაზა და თუ უნდა - მიყვნენ, თუ არა და არ მგონია, რომ ხელისუფლება მათ პარლამენტში არშესვლას ძალიან განიცდიდეს.
„ელისაშვილი ვნახეთ, რომ ხელისუფლებასთან პოლიტპატიმრებზე დალაპარაკებას შეეცადა კიდეც, მაგრამ საკმაოდ სწრაფად შეაწყვეტინეს ამაზე საუბარი. ელისაშვილი შეხვედრიდან ძალიან გაწბილებული გამოვიდა. „გირჩის“ ერთი ფრთა ამბობს, რომ მოდი, იქნებ შევთანხმდეთ ორ წელში პროპორციულ ვადამდელ არჩევნებზე. ამ მიმართულებითაც არანაირი ძვრები არაა.
„ხელისუფლება თავს კომფორტულად და აშკარად კმაყოფილი გრძნობს. ყველაფერს ოპოზიციას იოლად აბრალებს. ამბობს, რომ 9 პარტიას მისცეს საშუალება პარლამენტში შესულიყვნენ და არ შედიან. ამიტომ გარედან მაყურებლისთვის სრულიად წარმოუდგენელია საერთოდ რაზე უნდა ისაუბრონ.
„ოპოზიციის მთელი სტრატეგია ამ დამუნათებაზე დავიდა - რომ აი, მოლაპარაკება ჩვენ გვინდა და მათ არა. ესაა საკმაოდ პრიმიტიული და ზერელე პოლიტიკური ტაქტიკა, რომლითაც ხელისუფლებას ვერაფერს აკლებენ“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ოპოზიციის მოლოდინი, რომ გაზაფხულზე ხალხი ქუჩაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო გამოვა და ამის პარალელურად ბაიდენის ადმინისტრაცია მათთვის მოიცლის, ფუჭი იმედებია, რაც მათ არათანმიმდევრულ გეგმასა და ტაქტიკას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. ყოფილი მინისტრის ვარაუდით, სოციალური პრობლემების გამო ხალხი ქუჩაში კი გამოვა, მაგრამ პოლიტიკოსებისადმი ნდობის ნაკლებობისა და ბევრი პოლიტიკოსის მიუღებლობის გამო, მათ არ მიეცემათ შანსი, რომ ეს პროცესები პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენონ. ამიტომაც აქციები იქნება, მაგრამ არცერთი იქ მისული ადამიანი რიგგარეშე არჩევნებს არ მოითხოვს.
რაც შეეხება დასავლეთის პოლიტიკას, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ბოკერიას საქართველოს ხელისუფლებაზე მეტი მეგობარი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვერ ეყოლება. ამიტომ პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოში რაიმე სახის რევოლუციას და დაპირისპირებას ხელს არ შეუწყობს.