
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი" კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით კოლექტიურ სარჩელზე მუშაობს - „საქართველოს ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ. ამისათვის სამშაბათს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ეწინააღმდეგება თუ არა მოქმედი შეზღუდვები კონსტიტუციას და რა პერსპექტივა აქვს ამ სარჩელს?
„საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არის არაკანონიერი, ზღუდავს როგორც მეწარმეობის თავისუფლებას, ასევე, საკუთრების უფლებას და შესაბამისად, ამას გავაპროტესტებთ. სხვა ადგილი არც დაგვრჩენია, პარლამენტმა უარი თქვა ნებისმიერი სახით ამ ამბებში ჩარევაზე და მთელი უფლებები მთავრობას გადასცა. ჩვენ ერთადერთი, სადაც შეგვიძლია, რომ საკუთარი თავი დავიცვათ, არის საკონსტიტუციო სასამართლო და ამას გავაკეთებთ", - აცხადებს ორგანიზაციის დირექტორის სალომე ხვადაგიანი.
როგორც კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, ამ შემთხვევაში ყურადღება მთავრობის არგუმენტაციას უნდა მიექცეს, თუ რითი აქვს დასაბუთებული მთავრობას ესა თუ ის კონკრეტული აკრძალვა.
„კონკრეტულად უნდა ვნახოთ რომელი და რა შეზღუდვებია. ყურადღება უნდა მიექცეს არგუმენტაციას. კონსტიტუცია ადამიანის უფლებების შეზღუდვას უშვებს, მაგრამ შესაბამისი პირობების არსებობისას. ეს პირობები თუ მთავრობას გათვალისწინებული აქვს, კი, ბატონო, მაშინ ვერაფერსაც ვერ იზამ. თუმცა, მე იმ აქტებს არ ვიცნობ, რომლითაც ეს ყველაფერია დაწესებული", - განაცხადა დემეტრაშვილმა.
რაც შეეხება თავად სარჩელსა და საკონსტიტუციო სასამართლოში მის განხილვას, დემეტრაშვილის აზრით, შესაძლოა საქმის განხილვა დროში გაიწელოს და ამ თემამ აქტუალურობა დაკარგოს.
„სასამართლომ ამ შეზღუდვების გამოყენების მიზანშეწონილობა სიღრმისეულად უნდა განიხილოს, ყველა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომელიც თან ამ შეზღუდვებს მოსდევს. ამიტომაც თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ამას სიღრმისეულად შეუდგებიან. მაშინ რა თქმა უნდა პერსპექტივა ექნება. თუ აქ კონიუქტურული მიდგომა იქნა გამოყენებული, მანდ კი უმრავლესობა „ოცნების" პერიოდშია გამწესებული, მაშინ რა თქმა უნდა ამ საქმეს გააჭიანურებენ, ამას დიდი ხანი დასჭირდება და სარჩელს აზრი აღარ ექნება. იცით, რომ სარჩელები საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში განიხილება, მაგრამ სარჩელში უნდა იქნას მითითითებული, რომ ეს დაუყოვნებლივ იქნას განხილული, ანუ არ გადაიდოს და თაროზე არ შემოიდოს, თორე შეიძლება ეს ერთი წელი იქ იდოს", - განაცხადა დემეტრაშვილმა.