
ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმების თაობაზე მმართველი გუნდში პოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გუნდური პრინციპით იქნას მიღებული. უმრავლეობის დეპუტატი ლადო კახაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მსჯელობს, თუმცა იგი მომხრეა, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს.
„ამაზე ჯერ კომიტეტში მიდის მსჯელობა. რასაკვირველია მომხრე ვარ, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს, ეს ჩემი ცალსახა დამოკიდებულებაა. 500 ათასზე მეტმა ადამიანმა უფლება მისცა, რომ მათი ხმა მიკროფონით, საქვეყნოდ და ყველასათვის მისაწვდომად გაჟღერდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. პარლამენტის ტრიბუნისა და მიკროფონის გამოყენება ძალიან დიდი უფლებაა და ლოგიკას სცდება ადამიანებს უთხრა, რომ არა, მე თქვენ ისევ ქუჩაში მეგაფონით უნდა გელაპარაკოთ. აქ რაღაცა სხვა სარჩული დევს და ეს ამბოხის სარჩული არ მომწონს.
„რა გადაწყვეტილებას მივიღებთ უმრავლესობა? ადამიანები დაჟინებით მოითხოვენ, რომ შეგვიწყვიტეთ უფლებამოსილებაო და მე იმ ღილაკზე ხელის მიჭერით მოხარული ნამდვილად არ ვიქნები, ასეთი შინაგანი განწყობა არ მაქვს. მაგრამ, თუ იმ ადამიანებს ეს რაიმე მიზნის მისაღწევად უნდათ, რავიცი, ვიფიქრებთ... ეს ასე ადვილი გადასაწყვეტი არაა", - განაცხადა კახაძემ.
კითხვაზე, თუ იგი პირადად რომელ ღილაკს დააჭერს ხელს კენჭისყრისას, თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.
„მე ოპოზიციის პარლამენტში ყოფნის მომხრე ვარ, მაგრამ თუ ოპოზიცია, რომელსაც მიზანი აქვს და მერე მეტყვის - ჩემი მიზნის მიღწევაში ხელი შემიშალაო, აქეთ დაგაბრალებს და დაგადანაშაულებს, ეს უკვე ბოიკოტი არაა, ეს უკვე მოსახლეობის მიმართ ჩადენილ საბოტჟს ჰგავს. საბოტაჟში კი ადამიანს მხარი არ უნდა დაუჭირო. ყოველთვის ქვეყნის ინტერესიდან უნდა გამოხვიდე, არცერთი გადაწყვეტილება ქვეყნის საზიანოდ არ უნდა იყოს მიღებული.
„ჩვენ ამისათვის უპრეცენდენტოდ დიდი დრო გამოვიყენეთ. არა მარტო დარწმუნება, პირდაპირი დიალოგი, კონსულტაციები, ტელედებატები, ფასილიტატორები, ამაში ქვეყნის ყველა გულშემატკივარია ჩართული და გაჯიუტება რას უნდა ემსახურებოდეს, არ მესმის", - განაცხადა კახაძემ.