
რა გეგმით იმოქმედებს ოპოზიცია საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ? ეს კითხვა ბევრს აწუხებს ქვეყანაში - განსაკუთრებით ოპოზიციის მხარდამჭერებს. მათი სამომავლო გეგმა შეიძლება იყოს ის, რომ შექმნან ალტერნატიული პარლამენტი, სადაც აირჩევენ თავმჯდომარეს, მერე შეიძლება მთავრობაც შექმნან და დაიწყებენ ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების პროცედურა უკვე დაიწყო და პარლამნეტის საპროცედურო კომიტეტი 49 ოპოზიციური დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავს. ოპოზიცია კი ხელისუფლებას მოუწოდებს, უფლებამოსილება დროულად შეუწყვიტოს. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს "პატრიოტთა ალიანსიდან" შესული 4 დეპუტატი.
როგორც „ოცნებაში" აცხადებენ, ამ საკითხთან მიმართებაში გუნდში განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ უმრავლესობის განწყობაა, რომ ოპოზიციურ დეპუტატებს უფლებამისლება შეუწყდეთ.
„ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით თავისუფალ კენჭისყრაზე საუბარი არ მიმდინარეობს. გუნდური გადაწყვტილება უკვე მიღებულია. კენჭისყრის წინ ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, თუმცა ვერავის მივცემთ იმის გარანტიას, რომ გადაწვეტილება შეიცვლება. როგორც ჩანს ძალიან ნერვიულობენ ოპოზიციაში. თუ ნერვიულობენ, გაიტანონ განცხადებები და აქედან გამომდინარე გარანტია ექნებათ, რომ არ შეუწყდებათ უფლებამოსილება," - აცხადებს უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე.
იმ შემთხვევაში, თუ 2 თებარვალს, ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდება, "ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართონ.
როგორც „რეზონანსთან" პოლიტოლოგი იგორ კვესელავა აცხადებს, კრიტიკულ სიტუაციაში „ოცნებას" ყოველთვის აქვს უნარი იმოქმედოს ისე, რომ მისი პოლიტიკური მიზნები არ დაზარალდეს, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოისლების შეწყვეტის საკითხზეც იგივე ტაქტიკით იმოქმედოს.
„ერთია ინფორმაცია და მეორე არის ანალიზი. მე, როგორც პოლიტოლოგი და პოლიტიკასთან ახლოს მდგომი ადამიანი, ანალიზს ასეთ გავაკეთებდი: ოპოზიციას აქვს თავისი გეგმა, თავისი ტაქტიკა და სტრატეგია. ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ვერ შეძლეს. დღეის მოცემულობით, მათ არა აქვთ იმის რესურსი, რომ 5 ათასი კაცი მაინც გამოიყვანონ აქციებზე. არა აქვთ მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზეც. ერთადერთი, გამოდიან ტელევიზიით და იქაც ერთმანეს აგინებენ და ლანძღავენ. ამიტომ მათთვის აზრი არა აქვს პარლამენტში შესვლას. არ გამოვრიცხავ, რომ მათი სამომავლო გეგმა უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ იყოს ის, რომ შექმნან ალტერნატიული პარლამენტი, სადაც შეიკრიბებიან; შალიკოს ფანჩატურში იკრიბებოდნენ და ... აირჩევენ თავმჯდომარეს, მერე შეიძლება მთავრობაც შექმნან და დაიწყებენ ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის.
გამორიცხულია, რომ ხელისუფლება წავიდეს დათმობაზე და დანიშნოს ახალი არჩევნები. როგორც კი ამას გააკეთებს, ხელისუფლება დამთავრებულია.
რაც შეეხება ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვტის საკითხს, კრიტიკულ სიტუაციაში „ოცნებას" ყოველთვის ჰქონდა იმის უნარი, რომ მიიღოს ისეთ გადაწყვტილება, რომელიც მის პოლიტიკურ მიზნებს არ დააზარალებს. უმრავლესობში არიან საკმარისი პოლიტიკური ცოდნისა და გამოცდილების ადამიანები და ამ შემთხვევაშიც ამ ტაქტიკით იმოქმედებენ - მაგალითად, გაწელონ დრო.
სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანაში ქაოსია და უკვე დაიწყო სანაგვის ურნებით ბრძოლა, რაც შემაშფოთებელია და უფრო შემაშფოთებელია, რომ მსგავს საქციელს ზოგიერთები ამართლებენ. ქვეყანაში უნდა დამყარდეს პოლიტიკური წესრიგი. არ შეიძლება ასეთი პოლარიზება, დღეს ჩვენ გვყავს ფაქტიურად ორი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა". ვერც ბოკერია, ვერ ნათელაშვილი, ბურჯანაძე, „გირჩი" და „ლელო" ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ამიტომ საჭიროა გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კურსი აღებული. ეს ძალა შეიძლება თავად საზოგადოების წიაღშიც გაჩნდეს," - განაცხადა „რეზონანსთან" იგორ კვესელავამ.