
მას შემდეგ, რაც „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა, საზოგადოების ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ იგი სავარაუდოდ პარლამენტში შევა. „რეზონანსთან" კი ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში კარტოგრაფების გათავისუფლება უფრო მეტად აღიქმება, როგორც ხელისუფლების მიერ ოპოზიციის პარლამენტში შესვლისთვის გაკეთებული ჟესტი.
„რას გადაწყვეტს ელისაშვილი, არ ვიცი, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ციხიდან გამოვიდნენ და აღკვეთის ღონისძიება შეცვალეს, პოლიტიკურ ვითარებაში, რაც დღეს ქვეყანაშია, უფრო მეტად აღიქმება იმად, რომ ხელისუფლებამ ეს ოპოზიციისთვის გააკეთა, რათა მათ გადაწყვეტილება მიიღონ და პარლამენტში შვიდნენ.
„რას გააკეთებენ ალეკო ელისაშვილი და „გირჩი", ეს რთული სათქმელია, მაგრამ ეს ნაბიჯი ნადვილად ამ მიმართულებითაა გადადგმული, ამის დიდი ალბათობაა, რომ ეს ასეა და არა სხვაგვარად," - განაცხადა მან.
კითხვაზე თუ ამის შემდეგ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ბედი როგორი გამოიყურება, ანალიტიკოსმა გვიპასუხა, რომ აქ მთავარი ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციებია, რომელთა შერბილებასაც ძაბირაძე არ ელოდება.
„აქ მთავარი პატიმრების გათავისუფლება არაა და ზოგადად, მე რომ მკითხოს კაცმა, იმ განცხადებების მიღმა, რასაც ცალკე ოპოიზიცია აკეთებს და ცალკე ხელისუფლება, არც ერთ და არც მეორე მხარეს მაინცდამაინც დიდი ინტერესი იმისა, რომ მოლაპარაკება შედგეს, არ გააჩნიათ. არცერთმა მათგანმა ნაბიჯი არ გადადგა იმ პოზიციიდან რომელი პოზიციებიც არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
„ოპოზიციის ნომერი პირველი პრობლემაა, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, ხელისუფლება კი ამაზე უარს აცხადებს, პრინციპში ეს პოზიციები თუ არ შერბილდა და შეიცვალა, მაშინ ამ შეხვედრებს აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს.
„თუმცა არა მგონია, რომ პოზიციები შერბილდეს იმიტომ, წინა ხაზზე „ევროპული საქართველო" იბრძვის და ერთი ნაბიჯით უკან „ნაციონალური მოძრაობაა", თუმცა რეალურად არც „ნაცმოძრაობას" და არც „ქართულ ოცნებას" პოზიციების შეცვლა არ აწყობთ, „ქართული ოცნება" რა თქმა უნდა ამას იყენებს, იგი ახლა უპირატეს-მომგებიან პოზიციაზეა. რაც შეეხება ოპოზიციას, ის იმედოვნებს, რომ თუ მანდატებს შეუწყვეტენ, ამის შემდეგ დასავლეთის პოზიცია შეიცვლება და მათი მხარდამჭერი გახდება, რაც, ჩემი აზრით, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მიამიტური გათვლაა," - განაცხადა ძაბირაძემ.