
ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის რიგები თანდათან თხელდება. თუ „პატრიოტების“ წევრების შესვლას სხვადასხვა გამართლებას უძებნიდნენ, ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ნაბიჯი ოპოზიციის ერთიან ფრონტს უკვე აშკარად არღვევს. ახლა საკითხი ასე დგას, მიჰყვებიან თუ არა ელისაშვილ-იოსელიანს სხვა ოპოზიციონერები.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება გააფორმეს, რის შემდეგაც საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე.
„ჩვენ, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა, მე და ლევან იოსელიანმა შეთანხმება გავაფორმეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან. რაც გულისხმობს, რომ ჩვენ, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავერთვებით სპარლამენტო საქმიანობაში.
ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებაზე. ის, რომ ნებისმიერი „კარუსელის“ პრევენციისთვის იქნება ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას 5 საათის შემდეგ.
სამი კამერა იქნება, ყველა საარჩევნო უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი. ასე რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს.
გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე. ცესკოში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, არამედ, შვიდივე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი. ცესკოს თავმჯდომარს არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, შეთანხმების მიხედვით, ამ საკითხების ინიცირება პარლამენტში პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, "მოქალაქეები" დატოვებენ პარლამენტს.
„ამ დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით და რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება პარლამენტში უნდა მოხდეს პირველ მარტამდე, ხოლო მათი განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება, როგორც შემოვედით პარლამენტში, ისე გავალთ 1 თვის განმავლობაში.
ბარიერის დაწევაც საკითხია, მაგრამ აქ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს დანარჩენმა ოპოზიციამაც,ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. სამი საკითხი თითქმის ბოლომე წამოვიღეთ , ორმა კაცმა რაც შევძელით, ის გამოვგლიჯეთ ქართულ ოცნებას და დანარჩენი ოპოზიცია, 54 კაცი, გარეთაა დარჩენილი, ისინიც შემოვიდნენ, დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც მის პოლიტიკურ ძალასა და მმართველ პარტიას შორის გაფორმდა, ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმას ითვალისწინებს, რომელიც არჩევნებისადმი ნდობის დაბრუნებას უზრუნველყოფს.
ამასთან, როგორ ლევან იოსელიანმა „დღის კურიერში“ განაცხადა, დოკუმენტი ღიაა და მასზე ხელმოწერა შეუძლია ყველა იმ ოპოზიციონერს, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატის მანდატის მოპოვება შეძლო:
„ამ დოკუმენტზე არის ჩემი, ალეკოს, ბატონი თალაკვაძის და ბატონი მდინარაძის ხელმოწერა. დოკუმენტი ღიაა და მას შეიძლება შეუერთდეს ყველა მანდატის მქონე დეპუტატი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დოკუმენტში ასახული რეფორმა და პრინციპები, მე ვფიქრობ რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და ეს არის საუკეთესო გამოსავალი, ჩვენმა პარტიამ ეს დავამტკიცეთ, მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის მიერ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ამის შესახებ აქამდეც იცოდა.
„ალეკოს და ლევანის გაცხადებული პოზიციები ჩემთვის აქამდეც იყო ცნობილი, აქედან გამომდინარე, მე ვიცოდი და ველოდი, რომ ისინი პოლიტპატიმრების გამოშვების შემდეგ შევიდნენ პარლამენტში და იმ ცვლილებების განხორციელების და პირობის მიღების შემდეგ, რაზეც ალეკო საუბრობდა, მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„გირჩის” თავმჯდომარე ამბობს, ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ არსებული 5%-იანი ბარიერი 2024 წლისთვის მიუახლოვდეს ბუნებრივ ბარიერს.
„ჩვენ ახლა გაგვიჩნდა შანსი და ეს არის ერთადერთი შანსი, მგონი, ჩვენ ამის შემდეგ შანსი არ გვექნება, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შევთანხმდეთ იმაზე, რომ 5%-იანი ბარიერი, რომელიც არსებობს 2024 წლისთვის საარჩევნო, ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვწიოთ და მივუახლოვოთ ბუნებრივ ბარიერს. ჩვენ თუ ახლა ამას არ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ქვეყანას ვტოვებთ ორპარტიულ მმართველობის ქვეშ, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“. სწორედ ეს მიჩენს მე მთავარ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალები, რომლებსაც არ უნდათ შეთანხმება და რომელთაც უნდათ შეინარჩუნონ ის ბარიერი მუდმივად, რომელიც მხოლოდ ორ ძალას ამყოფებს ამ ქვეყნის პარლამენტში. ამიტომ, ჩვენ ამ შანსს ვხედავთ, რომ ის ახლა გვერგო და თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს დავალაპარაკოთ, ახლა შეიძლება მივიღოთ ისეთი პირობა, რომ ამ ქვეყანაში მმართველობითი სისტემა ერთხელ და სამუდამოდ გაიმართოს და ჩვენ არ გვეშინოდეს არასოდეს იმის, რომ ვინმე, ერთპიროვნულ ძალაუფლებას ვინმე ჩაიგდებს ხელში,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.