
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება 20-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუფარდა, აცხადებს, რომ რუკები, რომლითაც ისინი ხელმძღვნელობდნენ საქართველოს ინტერესებს არ აზიანებს და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა, რომელიც საქმეში დევს და რის საფუძველზეც აქვთ ბრალი წაყენებული, „დილეტანტური შინაარსის რუკაა".
გირაოთი გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა „ტვ პირველთან" განაცხადა, რომ სწორედ ამ რუკის მიხედვით ბერთუბანი საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ხვდება და კომისიის მუშაობის მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი და სალოცავი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო.
„როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არა გაქვს ამის საფუძველი. ეს ურაპატრიოტიზმი... გამოდის ვიღაც პოლიტიკოსი, პოზირებს კელიებთან და რაღაც იდეებს აფრქვევს, გამოდის იქ ვიღაც ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს," - განაცხადა „ტვ პირველთან" ივერი მელაშვილმა.
ამ განცხადებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეფასბები დიამეტრულად განსხვავებულია. "ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მეცნიერი საუბრობდა არა ისტორიულ სიმართლეზე, არამედ სამარლებრივ საკითხზე. პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი კი თავის ფესიბუქ გვერდზე წერს, რომ მელაშვილის განცხადების ერთი მონაკვეთი „ქოცპროპაგანდისტებმა" კონტექსტიდან ამოგლიჯეს, რადგან ივერი მელაშვილი ლაპარაკობს სადაო მონაკვეთის სამართლებრივ გაფორმებაზე და არა ისტორიულ სიმართლეზე.
„ივერი მელაშვილმა ტელეგადაცემაში თქვა, რომ როცა მუშაობდა საზღვრის დამდგენი ორმხრივი კომისია, არის სადაო მონაკვეთები და ამ დროს სახელმწიფო თანამდებობის პირი ჩადის ამ სადაო ტერიტორიაზე და იძახის ჩვენია, ეს საქმეს აფუჭებსო. აბსოლუტურად სწორი მოსაზრებაა. ეს მსჯელობა ქოცპროპაგანდისტებმა კონტექსტიდან ამოგლიჯეს და მოჭრეს ერთი მონაკვეთი, სადაც ისმის ფრაზა „რომ მბობენ ჩვენიაო, ამ დროს არ არის შენი". პრინციპში ამ მოჭრილ მონაკვეთშიც ობიექტური მსმენელი ადვილად მიხვდება, რომ ლაპარაკია სადაო მონაკვეთის სამართლებრივ გაფორმებაზე და არა ისტორიულ სიმართლეზე," - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
მელაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით „ოცნებაში" ამბობენ, რომ ჩიჩხიტურთან და ქედთან გავლებული მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაა, არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ სამართლებრივადაც და აქ კითხვის ნიშანი არ არის. რომ საქართველოს ამ საკითხში ყველა ასპექტით ძლიერი პოზიცია აქვს და „რუკებიც ჩვენს სასარგებლოდაა".
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით კი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა იქნება უკომპრომისო და სასამართლოზე ფაქტების წინაშე დადგებიან ბრალდებულები და კონკრეტული პასუხის გაცემა მოუწევთ. მისი თქმით, მელაშვილს და ილიჩოვას 15 წლამდე სასჯელი ემუქრებათ. რაც შეეხება ივერი მელაშვილის მიერ ტელეგადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ ეს წარდგენილი ბრალის აღიარებაა.
„როდესაც ივერი მელაშვილი ამბობს, რომ იურიდიულად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორია არ არის, ამ გარემოებას სწორედ მან და 2006-2007 წლებში მოქმედმა სადემარკაციო სადელიმიტაციო კომისიამ გამოაცალეს საფუძველი. ზუსტად ამას ვამტკიცებთ ბრალდების მხარე, რაც საქვეყნოდ განაცხადა მელაშვილმა," - ამბობს პროკურატურის წარმომადგენელი.
როგორც „რეზონანსთან" ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, გირაოთი გამოშვებულმა მელაშვილმა ერთ საათში საქვეყნოდ პირდაპირ ეთერში თქვა ის, რასაც საზოგადოება ციხეში მყოფი დამნაშავე მელაშვილისაგან ვერასდროს ვერ მოისმენდა.
"მელაშვილმა „ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში თქვა ის, რასაც ფიქრობდა, აკეთებდა და მომავალში გააკეთებს. დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილი საქართველოს არააო და მას ეს დაუდასტურა კაკო ბობოხიძემ. ოპოზიცია კი აგერ უკვე ნახევარი წელია მათ წამებულ რაინდებად წარმოადგენას ცდილობდა. მოხდა მათი თვითლუსტრაცია. ახლა ცდილობენ შეალამაზონ მელაშვილის ნათქვამი და თავი დაიძვრინონ.
„სწორედ ასე ლაპარაკობდნენ ბოლშევიკები, სერგო ორჯანიკიძის თამადობით, რომლებმაც კიდეც გადასცეს და წაღმა-უკუღმა დაარიგეს ისტორიული ქართული მიწები. მათი იდეური მემკვიდრეები არიან ეს ადამიანები და ამათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. მე, ერთმა რიგითმა მოქალაქემ, მინდა მივმართო პროკურატურას, ხელისუფლებას, გირაოდადებულ ადამიანებს, თუ 2005 წლამდე საზღვარი გადიოდა დავით გარეჯის ქედს იქით, 2006 წლის შემდეგ რატომ ამოიწია და გადის ქედზე? ვინ გასცა ბრძანება, ვინ შეუწყო ამას ხელი, რომ ჩვენი წინაპრების სისხლდაღვრილი მიწა გასხვისებულიყო?" - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.