
დავით გარეჯის საკითხსა და კარტოგრაფების საქმის დეტალებზე საჯაროდ მსჯელობისას გაკეთებული განცხადებები არაჯანსაღ განწყობებს ქმნის და საზიანოა ქვეყნისათვის. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რომელიც ივერი მელაშვილის მხრიდან პარასკევს გაკეთებულ განცხადებას ასევე გაუმართლებლად მიიჩნევს.
„როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას", - ამის შესახებ გირაოთი გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მის სიტყვებს სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, რომელშიც მელაშვილის სიტყვებს „კადნიერსა" და „შეურაცხმყოფელს" უწოდებს.
ასეთი მკვეთრი რეაქციის შემდეგ ივერი მელაშვილმა უკვე შაბათს დამატებითი განცხადება გააკეთა.
„მე გუშინ რაც განვაცხადე, განვაცხადე ურაპატრიოტული განცხადებების წინააღმდეგ. ანუ, რაშია საქმე - გამოდის ვიღაც პოლიტიკოსი, პოზირებს კელიებთან და იდეებს აფრქვევს. გამოდის ბერი, თუ ერი და ურაპატრიოტულ განცხადებებს ამბობს. სულიერად რომ არის შენი და გინდა ამისი მიღწევა, ამას აქვს თავისი წესი და რიგი. ასე ჯიკავ-ჯიკავით, ჩხუბით და დავიდარაბით ვერაფერს მივაღწევთ.
„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რაც არის, იგივე პროკურატურის ხმამაღალი განცხადებები, ეს ყველაფერი მოლაპარაკებების ინტერესებს ვნებს. ეს არის საზიანო ქმედება. იძულებული გახდება ქართული მხარე, რომ უკანდახეული პოზიციიდან დაიწყოს მონაწილეობა", - განაცხადა გირაოთი გათავისუფლებულმა კარტოგრაფმა.
ძაბირაძე ამბობს, რომ პოლიტიკოსების, ექსპერტების, ჟურნალისტების, ან თუნდაც თავად მელაშვილის მიერ ამ საქმის დეტალურად შეფასება საზოგადოებაში არაჯანსაღ გარემოს ქმნის, რომელიც, მისივე თქმით, ქვეყნის ინტერესს ზიანს აყენებს.
„გარეჯის თემას, რომელიც რატომღაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სრულიად მოულოდნელად აქტუალური გახდა, მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ეს პრობლემა ათეული წლებია დგას და ვერცერთმა ხელისუფალმა ამ მისი გადაჭრა და მოგვარება ვერ მოახერხა. მაგრამ ნებისმიერი განცხადება, მით უმეტეს ექპერტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, ძალიან ფრთილი და მოზომილი უნდა იყოს.
„ის, რომ ეს ქართული კულტურის ძეგლია, ეს რა თქმა უნდა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ სხვა უფრო დეტალურად რაღაცეების შეფასება, გნებავთ მელაშვილის ან ექსპერტების განცხადება, რომელსაც კიდევ დამატებით განცხადებები და ახსნა სჭირდება, საკმაოდ არაჯანსაღ განწყობას ქმნის ცალკე მოსახლეობაში, ცალკე საეკლესიო წრეში, ცალკე აზერბაიჯანში. ეს ის თემაა, რომელიც მაგიდასთან მუშაობით უნდა გადაწყდეს და გამოსავალი მოიძებნოს.
„თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არ არსებობს, რომ გამოსავალი ვერ მოვძებნოთ. როდესაც ჯერ საკითხი შეთანხმებული და გადაწყვეტილი არაა, მაშინ რაიმე ტიპის განცხადება, რომ ეს არაა საქართველოს ტერიტორია, სწორი არაა.
„არ ვარ კარტოგრაფი და არ ვიცი თუ 200 ათასიანი რუკა რას იძლევა და 500 ათასიანი რას. ეს ხომ ურთულესი პროფესიაა. ერთი რამ ვიცი - ხელისმოსაჭიდი რაც იქნება, მას ხელი უნდა ჩავჭიდოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ფაქტორი ჩვენთვის მისაღებად გამოვიყნოთ და ჩვენს პარტნიორებს აზერბაიჯანის მხრიდან დავუმტკიცოთ, რომ ეს ასეა და არა სხვაგვარად.
„ოპოზიციის, ხელისუფლების, ან ექსპერტების მხრიდან თუ იქნება იარლიყების მიკერება, რომელიც შეიძლება უარყოფითიც იყოს და დადებითიც და მსგავსი განცხადებები, ეს ქვეყნის ინტერესებისთვის სწორი მიდგომა არაა. ეს შეიძლება ვიღაცამ პოლიტიკური ინტერესებისთის გამოიყენოს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ამ თემას ამ ინტერესისთვის იყენებ, ქვეყნის ინტერესს ზიანს აყენებ. ეს თანაბრად ეხება ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც, ექსპერტებსაც, მედიასაც და საზოგადოების წარმომადგენლებსაც და ყველას", - განაცხადა ძაბირაძემ.