თამთა ჩაჩანიძე
30.01.2021

როგორ უნდა შესრულდეს „მოქალაქეებისა" და „ქართული ოცნების" მემორანდუმი, თუკი ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო და ეს უმრავლესობა ვერ შედგება, თუკი დანარჩენი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა? ლევან იოსელიანი ოპოზიციას დროებით პარლამენტში შესვლას სთხოვს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საჭირო 113 ხმის შეგროვება „ნაცმოძრაობის" გარეშეც შესაძლებელია.

პარასკევს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5%-ზე დაბალი, არაუმეტეს 3%-იანი საარჩევნო ბარიერი. გარდა ამისა, ასევე უნდა შეიცვალოს ბარიერი 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის. თბილისის საკრებულოს შემთხვევაში ბარიერი იქნება 2.5%, ხოლო სხვა საკრებულოების შემთხვევაში - არაუმეტეს 3.2%-ისა. ამ ცვლილების მიღებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ამ მომენტისთვის პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია - 90 „ქართული ოცნებიდან", 2 „მოქალაქეებიდან" და „პატრიოტთა ალიანსის" სიით გასული 4 დეპუტატი. „გირჩის" 3 წარმომადგენელი ჯერჯერობით ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, თუმცა არც საპარლამენტო მანდატებზე განუცხადებიათ უარი. დანარჩენ 51 ოპოზიციონერ დეპუტატს კი პროტესტის ნიშნად მანდატებზე უარის თქმის განცხადება აქვს დაწერილი და ამ საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა სამშაბათს, 2 თებერვალს გაიმართება.

როგორც „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ადგილობრივი არჩევნებისათვის საარჩევნო ბარიერის შეცვლა მხოლოდ მხოლოდ დანარჩენი ოპოზიციის შესვლით გადაწყდება და მიიჩნევს, რომ პარტიებმა ამისთვის ბოიკოტი დროებით გვერდით უნდა გადადოს და ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.

„საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ერთი პუნქტის შესასრულებლადაა საჭირო - ესაა 2024 წლისთვის გასატარებელი საარჩევნო რეფორმა, ანუ ბარიერის დაწევა 5%-დან 0-3%-ის ფარგლებში. ამ მემორანდუმში მხოლოდ ეს ერთი პირობაა, რომელიც დანარჩენი ოპოზიციის შემოსვლაზეა დამოკიდებული და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკითხის მნიშვნელობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე პარტიის ინტერესი.

„ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, რომ ამ შემთხევაში პოლიტკურმა პარტიებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, თავიანთი ბოიკოტი დროებით შეაჩერონ, პარლამენტში შემოვიდნენ, ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ და მერე თუ მათი დღის წესრიგი ისევ ბოიკოტის გაგრძელება იქნება, გააგრძელონ იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს აგრძელებენ.

„ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული ინტერესის ზემოთ დგას, ქვეყნის ინტერესია, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო პლურალისტური იყოს და ამის შესაძლებლობა მაშინ იქნება, თუ დაბალი ბარიერი იქნება. 5%-იანი ბარიერის პირობებში, გადალახვას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს და შეიძლება დაწევა მხოლოდ ამ პარტიას არ აწყობდეს.

„ბარიერის დაწევა ყველა სხვა პარტიის ინტერესშია და იმასაც გეტყვით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა „ნაცმოძრაობის" გარეშეც შესაძლებელია, ამ პარტიის გარდა ყველა სხვა დეპუტატის შემოსვლის შემთვევაში 114 ხმა გროვდება, რაც საკმაისია იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყოს", - თქვა იოსელიანმა.

კითხვაზე, 2 თებერვალს თუ ოპოზიციას მანდატები გაუუქმდა, ამის პერსპექტივას როგორ ხედავს, იოსელიანმა განაცხადა, რომ პირველივე სხდომაზე „მოქალაქეები" ამ საკითხს დააყენებს და შეეცდება, რომ „ქართული ოცნება" დაარწმუნონ იმაში, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები არ გაუუქმონ.

„ჩვენ მათთვის მანდატების გაუქმების წინააღმდეგი ვართ. ამ საკითხს პარლამენტში პირველივე სხდომაზე დავაყენებთ და შევეცდებით „ქართული ოცნება" დავარწმუნოთ, რომ ამის გაკეთება კრიზისის გაღრმავება იქნება და ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც ამ ქვეყანას კიდევ უფრო ცუდ პოლიტიკურ პერსპექტივას უქადის. ამიტომ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილების სიმძიმეს ისინი გაიაზრებენ და მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ.

„ჩვენი შესვლის მთავარი მიზანი და მოტივი ესაა - საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და რეფორმირება. ამიტომ დღეის მდგომარეობით ამისთვის პარლამენტში საკმარისი ხმები არის, საჭიროა მხოლოდ ამ პროცესის მიყოლა და კანონმდებლობაში ამ შეთანხმების იმდაგვარად იმპლემენტაცია და ასახვა, რომ ეს ქმედითი და აღსრულებადი იყოს.

„ჩემი გულისთვის არ უნდა შემოვიდნენ, უნდა შემოვიდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გულისთვის და ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო რეფორმა და ბარიერის დაწევაა, რომელიც მარტო ჩვენს და მათ ინტერესში არაა, ეს ქვენის ინტერესშია, რომ ქვეყანაში ორპარტიული პლიტიკური ცხოვრება დავასრულოთ, რომელმაც ეს ქვეყანა კრიზისში შეიყვანა და რომლიდანაც გამოსავალი ახალი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების პოლიტიკაში ჩაბმაა და თუ ახლა ჩვენ ამის შესაძლებლობას არ გავაჩენთ, მაშინ 2024 წელს ბევრად უფრო ღრმა კრიზისს და უარეს მდგომარეობას მივიღებთ, ვიდრე დღეს გვაქვს", - თქვა იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×