ელზა პაპოშვილი
02.02.2021

51 ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატს ისევ ინარჩუნებს. „ოცნებამ" გადაწყვიტა, მოთხოვნის მიუხედავად, უფლებამოსილება არ გაუუქმოს იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს და პარლამენტში არ შევიდნენ. რა იქნება შემდეგ და როგორ შეიძლება  ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები განვითარდეს? 

„რეზონანსთან“ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას მოლაპარაკებისთვის კარი ღია კვლავ დაუტოვა და ამის პარალელურად ქართულ საზოგადოებასა და დასავლეთს აჩვენა, რომ მათ პარლამენტში შესაყვანად ყველაფერს აკეთებს. გარდა ამისა, მათივე თქმით, ხელისუფლება პოლიტიკურ პროცესებს გაზაფხულამდე გაწელავს და ოპოზიციის მოქმედებებს დააკვირდება - შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხალხსი ქუჩაში გამოყვანას  და თუ ვერ შეძლებს, მაშინ სავარაუდოდ ბევრ ოპოზიციონერს ნერვები უღალატებს და პარალმენტში შევა. ამიტომაც. ანალიტიკოსთა შეფასებით, სამშაბათს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მომგებიანი და გამართლებული ნაბიჯია. 

„ოცნების“ არგუმენტები

„დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა“ , - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული“.

„დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე.

„ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას:

„რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს;

„დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39%-მა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა;

„გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შესვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო, ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. 

ოპოზიცია შემდეგ ნაბიჯებს ელოდება

ოპოზიციაში პარლამენტის სამშაბათის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის მხრიდან კომპრომისისთვის შესაძლო მზადყოფნად აღიქვამენ.

„ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ ქვეყნისთვის დიალოგსა და შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ მათ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგან, ოპოზიციასთან კონკრეტული წინადადებებით მოვიდნენ, რომელიც თავად ოპოზიციისთვის იქნება მისაღები, იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. სხვა შემთხვევაში ჩვენთვის ამ გადაწყვეტილებით არაფერი იცვლება. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები წაყენებული გვაქვს მოლაპარაკებაზე, არ ვაპირებთ არანაირი ახალი ინიციატივებით გამოსვლას. 

„ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ წინადადებას. როგორც ოპოზიციის ყველა წევრმა საერთო განცხადებაში განაცხადა, მანდატებით ვაჭრობაში შესვლას არ ვაპირებთ , თუმცა, მზად ვართ დიალოგისთვის, რომ დავსხდეთ მეხუთე, მეექვსე თუ მეშვიდე რაუნდზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა. 

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით კი, მისი პოლიტიკური ძალა უახლოეს მომავალში „ქართულ ოცნებასთან“ და ფასილიტატორებთან შეხვედრას და პოზიციების გაცნობას გეგმავს. ხვიჩიას თქმით, თუ მმართველი პარტია კონსტრუქციული იქნება, არის შანსი, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ამასთან, იაგო ხვიჩიამ გაიხსენა ზურაბ ჯაფარიძის ნათქვამი, რომ ოპოზიციაში არსებობენ ძალები, რომლებიც პარლამენტში შესვლას არანაირი შეთანხმების ფასად არ აპირებენ:

„ალბათ შევხვდებით უახლოეს მომავალში, ჩვენს პოზიციებს გავაცნობთ „ქართულ ოცნებასაც“ და ფასილიტატორებსაც და ვეცდებით, რომ ეს პროცესი, რომელიც ახლა ჩიხშია შესული, ამ ჩიხიდან დავძრათ.

„ქართული ოცნება“ თუ ხელს არ შეგვიშლის და საქმეს არ გააფუჭებს, ჩემი აზრით, ოპოზიცია შევა პარლამენტში. არ შეგვიშლის არის ის, რომ იქნება რაციონალური, იქცეოდეს ისე, რომ მოლაპარაკება უნდა. დღეს რომ არ დაუჭირეს მხარი კოლეგების გარიცხვას, ერთ-ერთი კონსტრუქციული ნაბიჯია. ციხიდან გამოშვება იყო კონსტრუქციული ნაბიჯი. ჩვენი აზრით, თუ ასე წავალთ კონსენსუსის და მოლაპარაკების გზით, მაშინ ეს გამოვა. თუმცა, როგორც ვიცით, არსებობს ხალხი ყველა მხრიდან, რომელსაც არ უნდა მოლაპარაკება,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

„ოცნების“ გათვლა და მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ტაქტიკურად ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგანაც რაღაც პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ ოპოზიციას საცთუნებლად კარი ღია დაუტოვა. მისივე აზრით, ოპოზიციურ ამომრჩეველში ეს ისე იქნება გაგებული, რომ „ოცნება“ დასუსტდა და ბოიკოტმა გაამართლა. მეორეს მხრივ კი „ოცნება“ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს აჩვენებს, რომ ის ოპოზიციის პარლამენტში შესაყვანად ყველაფერს აკეთებს. 

ძაბირაძის თქმით, თუკი „ოცნება“  შეძლებს და ამ პროცეს მაისის  ბოლომდე გააჭიანურებს, მაშინ შესაძლოა, ვისაც შესვლა უნდა და ვერ შედის, ეს ნაბიჯი მართლაც გადადგას.

„ოპოზიციის პერსპექტივა ქუჩაში ნულის ტოლია. ამიტომაც „ოცნებამ“ ტაქტიკურად გათვალა, რომ თუ კი გაზაფხულზე ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანეს ვერ შეძლებს და მასობრივი აქციები არ იქნება, იმედგაცრუება სწორედაც რომ ოპოზიციის ნაწილში დაიწყება და ის 20 ადამიანი, ვისზეც კობახიძე საუბრობს, პარლამენტში შევა.  

„ოპოზიციას შეუძლია  იჩივლოს და ეს ყველაფერი დროში გაიწელება. ეს კი ყველაზე მეტად „ოცნებას“ აწყობს. მაისამდე თუ ამ პროცეს გააჭიანურებს, მერე უკვე გამოჩნდება, რომ ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია მარტოა და მას ხალხი არ ყვება. ამიტომაც ამაზე გათვალა „ოცნებამ“, რომ ვიღაცას ნერვები უმტყუნებს  და შევა.

„ამიტომაც მოლაპარაკებები რომც გაგრძელდეს, მმართველი გუნდი მაგიდაზე სალაპარაკო თემად ახალს არაფერს აღარ დადებს, ყოველ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებზე არ წავა. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით უფრო მეტი დათმობები შეიძლება იყოს. შესაძლოა მოლაპარაკების რაუნდები გაგრძელდეს, მაგრამ ეს მხოლოდ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით იქნება. 

„დღეს ხელისუფლება უპირატეს მდგომარეობაშია, რადგანაც ადრე თუ ოპოზიცია ხელისუფლება პოლიტიკურ დღის წესრიგს თავად უყენებდა, ახლა ხელისუფლების დღის წესრიგით თამაში მოუწევთ. როლები შეიცვალა და პოლიტიკურ პროცესებს ახლა ხელისუფლება მართავს“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ოპოზიციმ პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლი იმიტომ დაკარგა, რომ მას არც დასავლეთის მხარდაჭერა აქვს და არც ხალხის.  

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ჩიხშია - ახლა კი ჩააგდეს კენჭისყრა, მაგრამ გაურკვეველია ამას რამდენ ხანს გააგრძელებენ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ისინი ამით ადამიანის უფლებებს არღვევენ და ძალით ცდილობენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შეიყვანონ. 

ზაქარეიშვილის შეფასებით, „ოცნების“ ტაქტიკა პოლიტიკურად სწორია, თუმცა დანაშაულებრივი, რადგანაც ადამაინებს აიძულებენ ის გააკეთონ, რაც მათ არ უნდათ. 

„ოპოზიცია რამდენად სწორად იქცევა ან არ იქცევა, ეს უკვე სხვა საკითხია. თავის დროზე რომ შესულიყვნენ, კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. დღეს ისინი მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ შესვლა არ უნდათ და ესენი ძალით ექაჩებიან. რამდენად სწორია ოპოზიიცის გადაწყვეტილება, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს და ეს თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე გამოჩნდება. მანამდე ამ ხალხს აქვთ უფლება, რომ არ იყვნენ პარლამენტის წვერები. ამიტომ ეს პროცესები ჩიხში შევა. 

„თუ „ოცნებას“ ჭკუა არ ეყოფა და ასე გააგრძელა, მაშინ სასამართლო პროცესები წავა. ახლა კენჭისყრის ჩაგდების შემდეგ, ეს დეპუტატები განცხადებებს ისევ დაწერენ, მერე ესენი ისევ ჩააგდებენ და ასე იწუწავებენ მანამდე, სანამ არ მოსწყინდებათ. ეს იქნება საკმაოდ კომიკური ამბავი და საბოლოო ჯამში იძულებულები გახდებიან ოპოზიციის დეპუტატები, რომ „ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლონ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.  

მისივე აზრით, რეალურად მმართველ გუნდს აწყობს, რომ ოპოზიცია პარალმენტში არ შევიდეს. ასე თავს უფრო მშვიდად და  კომფორტულად იგრძნობს და პარალელურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქულებს დაიწერს და იტყვის, რომ ყველაფერი გააკეთა პარლამენტში ოპოზიციის შესაყვანად. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×