ქრისტინე კაპანაძე
03.02.2021

ბოლო პერიოდში, საქართველოში, აქტიურად დაიწყო საუბარი კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალი, შესაძლო მესამე ტალღის გავრცელებაზე. მაშინ როცა ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ შეზღუდვებისა და რეგულაციების ეტაპიდან უკვე ინფექციონისტები ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების საშიშროებას აანონსებენ.

რამდენად გონივრულად მოხდება შეზღუდვების მოხსნა, ისე, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება თავიდან ავირიდოთ და ელოდება თუ არა საქართველოს Covid 19 - ის მესამე ტალღა?

აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსს" ინფექციონისტი, ირაკლი ხმალაძე ესაუბრა. მისი თქმით, ტალღა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.

„ტალღა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, შეიძლება იყოს გარკვეული მატება რიცხვების, როდესაც შეზღუდვები მოიხსნება განსაკუთრებით ტრანსპორტზე, რადგან ყველაზე მარტივად აქ ხდება ვირუსის გადაცემა. გარდა ამისა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დაიცავენ თავს ადამიანები ამ ინფექციისგან.

„საუბარი არის ასევე ახალი ინფექციის შტამზე, რომელზეც ჯერ ბევრი არაფერი ვიცით და ჯერჯერობით არც ვაქცინა არსებობს, თუმცა, არამგონია ამან მესამე ტალღის საფუძველი შექმნას, რადგან ძალიან დაბალი დონით ვითარდება ინფექციის გავრცელება და შეიძლება სულაც არ მოხდეს არაფერი.

„ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო პატარაა ქვეყანაა, რაც კიდევ უფრო ამცირებს შანსს, რომ მივიღებთ მესამე ტალღის აფეთქებას. სულ ამას ვამბობ, ვირუსი უკვე მოსახლეობის უმრავლესობას მოხდილი აქვს, შესაბამისად, მათ გააჩნიათ ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი. ამასობაში მოგვისწრებს ვაქცინაც, ამიტომ მე პოზიტიურად ვუყურებ ამ საკითხს და არ მაქვს მოლოდინი დიდი აფეთქებისა.

„მე ცოტა მიჭირს ვისაუბრო რამდენად ხარისხიან ვაქცინას შემოიტანს მთავრობა, რადგან ამას მთლიანად ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა აკონტროლებს, მე იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან მალე გამოჩნდება ვაქცინის დადებითი და უარყოფითი ხმარეები.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში სანამ შემოვა ვაქცინა, ის იქნება შემოწმებული არაერთი ქვეყნის მიერ და უშუალოდ პაციენტებზე გამოცდილიც. ჯერჯერობით რამდენადაც ვიცი, არცერთი ვაქცინირებული არ დაავადებულა განმეორებით ვირუსით.

„ზოგადად კი ნებისმიერ ვაქცინას აქვს გარკვეული გართულებები, რადგან ამ დროს უცხო ცილა შემოდის ორგანიზმში და იქ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, გარკვეული სახის გართულებები. მთავარი ის არის, რომ ვაქცინირებული ადამაინების უმრავლესობა ვგულისხმობ 90%-ზე მეტს არ დაავადდეს განმეორებით,"- ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის აზრით აზრით ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გონივრულად მოვახდენთ შეზღუდვების მოხსნას.

„მესამე ტალღა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე ,რამდენად გონივრულად მოვახდენთ შეზღუდვების მოხსნას. თუ შეზღუდვების მოხსნა მოხდება ეტაპობრივად და არა ხელაღებით, როგორც ამას მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს, პროცესი არ გართულდება.

„მთავრობა ჯერჯერობით თავის თავში ნახულობს ძალას, არ აჰყვეს ამ პოპულისტურ მიდგომებს და ერთიანად არ მოხსნას მოთხოვნები. შეზღუდვები იხსნება ძალიან სერიოზული მიდგომით. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში რჩება შედარებით მკაცრი შეზღუდვები, თუ ასე გონივრულად გაგრძელდა და თუ ჩვენი მოსახლეობა ისწავლის და შეინარჩუნებს პირბადის ტარების თვისებას, სავარაუდოდ მესამე ტალღა საერთოდ არ გვექნება,"- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით თუ პირბადეების ტარებას 90%-ზე ავწევთ ვირუსის მესამე ტალღა აღარ იქნება.

ჩვენი მოსახლეობა თუ ისწავლის პირბადის მაქსიმალურად გამოყენებას, ჩვენთან მესამე ტალღა დიდი ალბათობით არ იქნება.მესამე ტალღას აანონსებენ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები, უკვე იღებენ ზომებს, უკვე ეშინიათ მესამე ტალღის, რადგან იქ ჯერ მეორე ტალღას ვერ გაუმკლავდნენ.

ჩვენ მეორე ტალღას უკვე გავუმკლავდით. უჭირთ იქ, მეორე ტალღა ვერ ჩააცხრეს ჯერ და უკვე მესამის ეშინიათ. ჩვენთან მეორე ჩავაცხრეთ. ახლა პირბადეების ტარება არის 60-65%. ჩვენ თუ 90%-ზე ავწევთ პირბადეების ტარებას, მესამე ტალღას თავიდან ავიცილებთ", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კი, კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი დღითიდღე იკლებს, ამ რიცხვის შემცირება კი ჰოსპიტალურ სექტორს განვიტვირთვისა და დასვენების საშუალებას აძლევს.

„153 პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში. ტესტირების პროგრამა სრული ინტენსივობით გრძელდება. პროგრამას ახალი სისტემური ჯგუფების ტესტირებაც დაემატა და მარტის განმავლობაში სავაჭრო ცენტრებში დასაქმებული პედაგოგებიც გაიტესტებიან, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ყველა ინფიცირებულის გამოვლენა დროულად მოხდეს," - ამბობს გაბუნია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×