თამთა ჩაჩანიძე
03.02.2021

საქართველოში შემოსვლა სულ უფრო მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მარტივდება, ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი "პისიარ" ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთიც ემატება. რამდენად უსაფრთხოა ვიზიტორების მხოლოდ „პისიარ" ტესტით შემოშვება და რა ლოგიკურ ბმაშია ერთმანეთთან ვიზიტორების რაოდენობის ზრდა, თუ რესტორნები და ბარები კვლავ დაკეტილია.

აღნიშნულზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედეგ განაცხადა.

"15 თებერვლიდან ავიაკომპანიები უფრო გააქტიურდებიან და საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც არა კრიტიკულად, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ნათელი, მკაფიო და კარგად გააზრებული წესები გვაქვს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის.

უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც ვაქცინაციის მოწმობა აქვს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში, ასევე, გვაქვს ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შემომსვლელი შემოდის ნეგატიური "პისიარ" ტესტის პასუხით და საქართველოში მესამე დღეს ვალდებულია, ჩაიტაროს ტესტირება. ეს სია გადაიხედება ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ეპიდვითარებაა, ასევე იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშეა, ჩვენი ამოცანაა, ტურისტულ ინდუსტრიას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ- ნელა ამოქოქვა დაიწყოს",- განაცხადა თურნავამ.

როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან საუბარში აღნიშნავს, „პისიარ" ტესტი მეტ-ნაკლებად სანდოა, თუმცა, ასევე მიიჩნევს, რომ ამავე დროს ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჩივილებს ყურადღება უნდა მიექცეს.

„ჯერჯერობით შემთხვევები არ ყოფილა ისეთი, რომ „პისიარ" ტესტი არ გამართლებულიყო, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა დროსაა გაკეთებული და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტესტის პასუხი უარყოფითია, ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოდის, გაციების ნიშნები და ჩივილები არ უნდა აღენიშნებოდეს.

„სხვა გზა არ გვაქვს, მთლად ვერ ჩავიკეტებით, ეკონომიკაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამიტომ საბანი ისე უნდა დავიფაროთ როგორც გაგვწვდება" - განაცხადა მან.

უცხო ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ვიზიტორები ძირითადად რესტორნებსა და ბარებში იყრიან ხოლმე თავს, თუმცა ამჯერად მათი მუშაობა მხოლოდ გატანის სერვისითაა დაშვებული, მაშინ რა ლოგიკურ ბმაშია ვიზიტორების რაოდენობის ზრდა, თუ არც რესტორნები და არც ბარები ღია არაა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი შეფასებულია და ის საკმაოდ მაღალია, ამიტომ გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია.

„რისკი რესტორანში შეფასებულია გლობალურად და ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება არსებობს, რომ არის საკმაოდ მაღალი, რადგან რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება.

"ახლა რაც შეეხება რესტორნების გახსნას, როგორც იცით, აქ ვსაუბრობთ თანმიმდევრულ გახსნაზე და პირველ რიგში გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აუცილებელი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემდეგ ამას ეტაპობრივად მოყვება სკოლა. თუ ჩვენ თანმიმდევრობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა. ასეც არის დაგეგმილი.

„როდესაც ცნობილია რისკის დონე, ექსპერიმენტირება არის სრულიად დაუშვებელი. ეტაპობრივად თანმიმდევრული და მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომები არის ის, რასაც ჩვენ გახსნის პროცესში ვიყენებთ.

"გახსნა უნდა იყოს მდგრადი. ის, რომ დღეს გავხსნათ და ხვალ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს. თითოეული 100 ინფიცირებულიდან ერთი არის ლეტალური გამოსავალი, ამდენად ასეთი ტიპის დაშვებები აბსოლუტურად დაუშვებელია", - განაცხადა გაბუნიამ.

ხმალაძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი, არა გასართობად, არამედ ბიზნენსის გამო ჩამოდის, ხოლო კვებას კი მისი ინფორმაციით, სასტუმროები უზრუნველყოფენ.

„ძალიან ბევრი ტურისტი მხარტო რესტორნისთვის არ ჩამოდის, მე რამდენადაც ვიცი ამ ადამიანების კვებას ძირითადად სასტუმროები უზრუნველყოფენ, თუ არა და ონლაინ მოსმახურება არსებობს. ძალიან ბევრი ვიზიტორი, არა გასართობად, არამედ ბიზნესების ან გასაგრძელებლად, ან დასაწყებად ჩამოდის.

„ეს მომენტი, რომ ბარები და რესტორები ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს, ვიზიტორების შემცირებაზე მაინცდამაინც არ იმოქმედებს, თუმცაღა როცა გაიხსნება ბევრად უფრო მეტი იქნება.

„რაც შეეხება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების საფრთხეს, მთავარია ყველა ფრთხილად ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ „პისიარ" ტესტები გვაქვს, სიფრთხილე გვმართებს და თუ ვთქვათ შემოსული ვიზიტორის ტესტი გადამოწმდა და ჩვენ დადებითი პასუხი მივიღეთ, მაშინ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს ტესტი თვითონ საზღვარზე გაკეთდეს და იმ ადამიანების იზოლირება მოხდეს, მანამდე გავაგრძელოთ ისე, როგორც გადავწყვიტეთ" - განაცხადა ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×