ელზა პაპოშვილი
04.02.2021

ხელისუფლება ოპოზიციას მოუწოდებს, ჩაერთონ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ფაქტებით დაამტკიცონ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე, ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. ოპოზიცია კი ამას არ აპირებს, მიაჩნიათ, რომ ახლა ამის შემოწმებას აზრი არა აქვს, რადგან „ყველაფერი გადაწიკწიკებულია“. გარდა ამისა, კომისიაში მუშაობისთვის საჭიროა პარლამენტში შესვლა, რასაც ოპოზიცია არ გეგმავს.

„ჩვენ გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიებისა, თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. 

„ალეკო ელისაშვილი შემოყოლილი განწყობით ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუ ასე ამბობენ, მაშინ კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ელისაშვილის პარტიამ, ამ პროცესში ჩაერთონ და დაამტკიცონ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „მოქალაქეების“ არგუმენტი, რომ საარჩევნო კომისიაში წევრები არ ჰყავდათ და სხვა პარტიებმა უკეთ იციან ფაქტები, ბოლომდე დამაჯერებელი არ არის.

„საპარლამენტო ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ალეკო ელისაშვილი შემოყოლილი განწყობით ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ისინი ვერ გამოვიდნენ იმ ნარატივიდან, თითქოს არჩევნები გაყალბდა. თუ ასე ამბობენ, მაშინ კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ამ პროცესში ჩაერთონ და დაამტკიცონ, გაყალბდა თუ არა. იმ არგუმენტის წარდგენა, რომ კომისიაში წევრები არ გვყავდა და სხვებმა უკეთესად იციან, გასაგებია, მაგრამ ბოლომდე დამაჯერებელი არ არის. თუ ეჭვი აქვთ, რაღაც გაყალბებას ჰქონდა ადგილი, უზრუნველყონ, რომ ერთპროცენტიანი ცდომილება დაამტკიცონ და ისინი ავტორები იქნებიან, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნება.

კომისიაში ყველა ოპოზიციონერს ვეპატიჟებით, მოვიდნენ და ჩაერთონ საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში, რაც უპრეცედენტო იქნება. კომისიის მუშაობაში ჩაერთონ, რომ თავად დაამტკიცონ ის, რასაც ამბობენ. თუ მათ აქვთ ერთპროცენტიანი შანსი იმისა, რომ სიყალბე დაადასტურონ მტკიცებულებებით, ფაქტებით და არა მხოლოდ სპეკულაციურად, როგორც აკეთებენ, ამის შანსი აქვთ მხოლოდ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. თუ არადა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ. გაყალბდა თუ არა არჩევნები, ამის დასადასტურებლად ამაზე დიდი არგუმენტი არ არსებობს. ერთადერთი „არგუმენტი“ დარჩათ, რომ ახლა გვიანია, რადგან ოქმები გადაწერეს და ა.შ. შეუძლებელია, ობიექტურად მოფიქრალმა ადამიანმა წარმოიდგინო, რომ კომისიაში, მათი 11 300 წარმომადგენლის ხელმოწერები ან მასიურად გაყალბდა, ან ისინი ვიღაცამ აიძულა, რომ შიშით, ზეწოლით ხელი მოეწერათ. ეს წარმოუდგენელი არგუმენტია და მსგავსი არგუმენტი ბუნებაში არც უნდა არსებობდეს. საზოგადოებას რომ დააჯერო, საკუთარ ამომრჩეველს ამ დოზის სითავხედის სპეკულაცია, ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა ჰკადრო,“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.  

კომისიაში სიამოვნებით ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაით 3 800 საარჩევნო უბანში კომისიის წევრები ჰყავდა. ესენი არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერიას პარტია, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.  

მისივე თქმით, გაყალბების სრული სურათის დასანახად დასახელებული პარტიების მონაწილეობა აუცილებელია.

„ამ ხალხს ჰყავდათ ცესკო-ს მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები 3 800-ვე უბანზე. იმისათვის, რომ დავინახოთ, გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, ეს პარტიები მონაწილეობდნენ. მათი 10 ათასი დამკვირვებელი ადასტურებს თუ არა გაყალბების ფაქტს, ან რა მასშტაბით ადასტურებს. სხვა შემთხვევაში, მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. ჩვენ სულ რამდენიმე ათეული მოხასლისე დამკვირვებელი გვყავდა, 3 800 უბანია და ამ სამ პარტიას არათუ დამკვირვებლები ჰყავდათ, არამედ კომისიის წევრები. თუ ათი ათასი კაცის ოქმები არ იქნება, სურათის დადგენა გაგვიჭირდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.  

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის პარლამენტში შექმნილ საგამოძიები კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისივე თქმით, კომისია „ქართული ოცნების" მიერ არის შექმნილი და მათ უნდათ ამით საკუთარი პოზიციები გაამართლონ.

„ჩვენ ამ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს კომისია არის შექმნილი ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ მიერ და მათ უნდათ შექმნან ხელოვნური პროცესი, რითაც საკუთარ პოზიციებს გაამართლებენ.

ვფიქრობ, რომ საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, არაერთი ფაქტი გვაქვს ამის წარდგენილი. ამ ტიპის სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტს, რომელიც არის არალეგიტიმური საქართველოში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს, რადგან არჩევნების შემდეგ დიდი ხანია გასული და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ყველაფერი გადათეთრებულია. ამას გარდა, როგორც უდუმაშვილი ამბობს, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ვერც კომისიაში მიიღებენ მონაწილეობას.

„ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც ვითხოვდით, გახსნილიყო უბნები და გადათვლილიყო, ეს ხდებოდა უშუალოდ არჩევნების შემდეგ, დაიწერა ასეულობით საჩივარი და ათეულობით სარჩელი შევიდა სასამართლოში, არც ერთი ჩვენი საჩივარი, არც ერთი  სარჩელი დაკმაყოფილებული არ იქნა. შესაბამისად, ბუნებრივია, მაშინ იყო დრო, რომ ჩვენ რეალურად, გამოგვეკვლია, თუ რა მოხდა არჩევნების ღამეს. ახლა, როდესაც ოთხი თვე გავიდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გადაათეთრა და გადააწიკწიკა, არანაირი აზრი არა აქვს უბნების გახსნას.

მით უმეტეს, როდესაც ახლა კიდევ ერთი მიზეზი, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და ბუნებრივია, ვერ მივიღებთ ვერანაირ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას. არც ისე მეორეხარისხოვანი, ეს არის ნდობის საკითხი, ჩვენ არანაირად არ ვენდობით „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიას, რომელმაც საკუთარი ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ახლა არანაირი აზრი არ აქვს გადათვლას, შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას დაა ავტომატურად არანაირ საგამოძიებო კომისიაში არ ვიქნებით წარმოდგენილი. თუ ალეკო ელისაშვილის განცხადებით ვიმსჯელებთ, არც ის იქნება ამ საგამოძიებო კომისიაში წარმოდგენილი, ასე რომ, ახლა „ქართული ოცნება“ დაჯდეს და თვალოს რამდენიც უნდა საკუთარი ჩასწორებული ოქმები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×