
ორშაბათს 12:00 საათზე ოპოზიციური პარტიები იკრიბებიან და შეხვედრაზე სავარაუდოდ „გირჩიც" მივა. როგორც „რეზონანსთან" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ამ დროისთვის შეკრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ჟურნალისტებისგან აქვს და ამ საკითხზე კომუნიკაცია არც სხვა ოპოზიციონერებთან და არც საკუთარი პარტიის წევრებთან ჯერ არ ჰქონია.
ოპოზიციური პარტიების შეხვდერაზე ინფორმაცია „სტრატეგია აღმაშენებელის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ გააჟღერა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე სამომავლო სტრატეგიაზე იმსჯელებენ, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი, თუ ნიკა მელიას დააკავებენ.
ხვიჩია ამბობს, რომ მას ინფორმაცია არ აქვს თუ ოპოზიციური პარტიები რაზე აპირებენ მსჯელობას და თუ შეხვედრაზე მივიდა, პირველ რიგში იმის გარკვევას შეეცდება, თუ ოპოზიციონერი კოლეგები რატომ არიან მასზე გაბუტულები.
„ვიცი, რომ რაღაც შეხვედრა ტარდება, მაგრამ მეტი არაფერი ვიცი. ამის შესახებ ჟურნალისტებმა მითხრეს, ფიზიკურად არ მომიკითხავ ჩემს კოლეგებთან - არც ვახოსთან, არც სანდროსთან. შეიძლება მათ ჰქონდეთ რაღაც ინფორმაცია, ვართ თუ არა დაპატიჟებულები, მაგრამ იქ, როგორც წესი, არავინ არ გვპატიჟებდა, ისე დავდიოდით. ანუ, ოპოზიცია იქ იკრიბებოდა, აქედან გამომდინარე, თუ ხვალ მართლა არის შეხვედრა, არ გამოვრიცხავ, რომ მივიდეთ.
„წარმოდგენა არ მაქვს შეხვედრაზე საუბარი რაზე იქნება. მე თუ მივედი, პირველ რიგში გავარკვევ იმას, თუ რატომ არიან ჩემზე გაბუტულები. ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები რას მერჩიან - ყველაზე მეტად ეს მაღელვებს და რა თქმა უნდა, მომავალთან დაკავშირებული გეგმებიც მაინტერესებს რას აპირებენ," - განაცხადა ხვიჩიამ.