თამთა ჩაჩანიძე
15.02.2021

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ვაქცინაცია თითქმის 2 თვეა რაც მიმდინარეობს და ამ დროისთვის დედამიწაზე კორონავირუსზე აცრა 200 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა, თუმცა, ქვეყნები შეზღუდვებს უფრო ამკაცრებენ, რადგან ეპიდსიტუაცია უარესდება - სინამდვილეში რა პროცესთან გვაქვს საქმე, ამაზე პასუხს სპეციალისტები გვაძლევენ.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან ამბობს, რომ ქვეყნებში ეპიდგარდატეხა მაშინ მოხდება, როცა მოსახლეობის ნახევარზე მეტი აიცრება და ვაქცინაცია აქტიურ და მობილურ ადამიანებს შეეხება.

„გარდატეხა მაშინ მოხდება, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი აიცრება, ამჯერად აცრები მარტო ექიმებისთვის და მოხუცებისთვის მიდის და იმ ხალხისთვის, ვინც ძირითადად მოძრაობს და თავშეყრის ადგილებში იკრიბება, ალბათ ჯერ აცრებს მაგ ადამიანებამდე არ მიუღწევია, (ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ინფორმაცია მაქვს).

„გარდატეხა მოხდება, მაშინ როდესაც იმუნური ფენის შექმნა მოხდება. მეორეც, არ ვიცით რომელ ვაქცინას რა ეფექტი აქვს და იცოდეთ, რომ ვაქცინიზაციის შემდეგ არაა გარანტირებული, რომ პაციენტს კორონავირუსი არ დაემართოს. ანუ, ყოველთვის სრულ თავდაცვას არ გვაძლევს.

„ზოგირთ ვაქცინას ეფექტურობა მაღალი აქვს, ზოგიერთს დაბალი. მე არ ვიცი რუსული და ჩინური ვაქცინები რამდენად ეფექტურებია, ჯერჯერობით ყველაზე მეტად „ფაიზერის" და ასტრაზენეკას ვაქცინას ვენდობი და დანარჩენი ვნახოთ რას იზამენ" - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება გრძელდება. ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით მედპერსონალის ტრენინგი მიდის და თებერვლის ბოლოსთვის უკვე იქნება შესაძლებელი, რომ ვაქცინაციის პროგრამა დაიწყოს.

„ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება გრძელდება. შეირჩა სამედიცინო დაწესებულებები. მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი. ვფიქრობთ, თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება საშუალება, რომ ვაქცინაციის პროგრამა დავიწყოთ. სოლიდარული და თანაბარი პრონციპიდან გამომდინარე, შეიქმნა „კოვაქსის" პალტფორმა.

„ამის პარალელურად კიდევ არის ორი მექანიზმი, რაც გვინდა, რომ გამოვიყენოთ. ერთი არის ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, იმგვარად, რომ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მათთვის აუცილებელი, გადმოგვცენ. შესაძლოა, ეს მოხდეს შესყიდვის ან დონაციის სახით.

„ასევე, ყოველთვის ძალაში რჩება ბილატერალური მოლაპარაკება, რადგან პირველი კვარტალი არის ყველაზე რთული ყველასთვის, შემდეგ კი წარმოების მოცულობები გაიზრდება და უფრო მოგვიანებით, მესამე მეოთხე კვარტლისთვის უკვე შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს, რათა ჩვენ პირდაპირაც მოვიპოვოთ დოზები მწარმოებლებისგან.

„კოვაქსი" არის მხოლოდ მილიონ-ნახევარ დოზაზე, ანუ დაახლოებით 400 000 დოზაა, რომელიც ჩვენ „კოვაქსიდან" გვეკუთვნის. დანარჩენი ორ მილიონ ნახევარი სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ. ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება, ასევე პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც ხმალაძე ამბობს, საქართველოში ეპიდგარდატეხა წესით მალე უნდა დაიწყოს, რადგან ვირუსი უკვე ბევრმა ადამიანმა მოიხადა, თუმცა დასძენს, რომ ეს ვაქცინაციის სისწრაფეზე და ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენთან საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბება წესით ადრე უნდა დაიწყოს იმიტომ, რომ კორონავირუსი უკვე ბევრმა მოიხადა. ახლა უკვე შესაძლოა, რომ მცირე-პატარა ტალღასავით ისევ დაიწყოს, იმიტომ, რომ რესტორნები გაიხსნება და თავშეყრა ისევ იქნება, მაგრამ იმ რაოდენობით არ იქნება, იმიტომ, რომ ეს ვირუსი პრაქტიკულად ბევრმა ადამიანმა უკვე მოიხადა.

„ამიტომ ამ ყველაფერს უკვე მოსახლეობის (და არა მხოლოდ მედპერსონალის და მოხუცების) აცრა, მერე უკვე გარდატეხა მოხდება, დრო კი დამოკიდებული იქნება ვაქცინირების სისწრაფეზე და ხარისხზე. პირველ რიგში მედპერსონალის აცრა უნდა მოხდეს, მერე რისკის ჯგუფები და მერე უკვე მოსახლეობის აცრა."- განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის გამო საქართველოში დაწესებულ შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსას, როგორც ჩანს კომენდანტი საათი ერთ-ერთი რეგულაცია იქნება, რომელიც ყველაზე ბოლოს მოიხსნება, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, გადაადგილების შეზღუდვა, ეს ის ზომაა, რომელიც უკვე გახსნილი რეგულაციების პირობებში ეპიდსიტუაციას აბალანსებს.

„ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, როდესაც წერტილოვანი შეზღუდვები დავაწესეთ, იყო სწორედ ღამე გადაადგილების შეზღუდვა, მე ამას არ დავარქმევდი კომენდანტის საათს, კომენდანტის საათი გაცილებით უფრო მკაცრი რამ არის.

„სწორედ ამ გადაწყვეტილების და შეზღუდვის გამო, ჩვენ დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ შემსუბუქებაზე და ცალსახად ვთქვათ, რომ ეს იყო ის ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში პოზიტიური ეფექტი მოგვცა. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის."- განაცხადა თურნავამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არსებულ ეპიდსიტუაციით არ გავთამამდეთ და უარი ვთქვათ ყველანაირ თავყრილობაზე, რათა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე ეპიდაფეთქება ისევ არ განმეორდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×