
პოლიტიკურად რამდენად მომგებიანია ოპოზიციისთვის „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა და დაპატიმრება? როგორ შეფასდება ეს ფაქტი დასავლეთის მხრიდან და ამ შემთხვევაში შეძლებს თუ არა ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ძლიერი საპროტესტო ტალღის აგორებას?
აღნიშნულ საკითხებზე საუბრისას „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ შესაძლოა ამ ფაქტს ევროპარლამენტარების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვეს, თუმცა არა ცალსახა და ძლიერი.
„ევროპარლამენტში წარმომადგენლები ბევრნაირები არიან და შეიძლება ამას სხვადასხვა შეფასება მოჰყვეს. ალბათ ის პოზიცია, რომელიც მელიამ დაიკავა, ნაწილობრივ ამაზეც არის გათვლილი, მაგრამ არ მგონია, რომ ეს შეფასება ძალიან ძლიერი ან ცალსახა იყოს, იმიტომ, რომ მას მერე, რაც ამერიკამ თავის პარლამენტზე შეტევა დაგმო, მეეჭვება, რომ დასავლეთის ქვეყნებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვან იმ ადამიანებზე, რომელიც ანალოგიურად პარლამენტზე შეტევის მოწოდებაშია ბრალდებული, რაშიდაც ტრამპს სდებდნენ ბრალს, და ამავე დროს გირაოს არ იხდის, რომელიც ყველა ქვეყანაში კანონითაა განსაზღვრული.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ დიდი ტალღა პრაქტიკულად ვერაფერზე ვერ ააგორა. მელია ქართული საზოგადოებისთის ისეთ ფიგურას არ წარმოადგენს, რომელსაც ეს საზოგადოება გულშემატკივრობს. სწორედ ამიტომ იყო, რომ, მიუხედავად მისი მოწოდებებისა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა პარლამენტის აღების ის იდეა არ გაიზიარა. არც წინა ეტაპი, როდესაც მელიას დაპატიმრების საკითხი იდგა, საზოგადოების განხილვის საგანი არ ყოფილა. ამიტომაც მეეჭვება, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციამ მათი მხარდაჭერა მოახერხოს.
„ოპოზიციისთვის მელიას დაპატიმრება ერთადერთი იმ თვალსაზრისითაა მომგებიანი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" ლიდერის თაობაზე ძალების ხელახალი გადანაწილება მოხდეს. შეიძლება მელიამ მიერ გირაოს არგადახადის ერთ-ერთი ქვეტექსტი ესეც იყოს. ამას მაფიქრებინებს ის, რომ გირაოს არგადახდაზე ხალხის მობილიზაცია „ნაცმოძრაობას" სხვა შემთხვევებშიც შეეძლო, როდესაც მელაშვილის ან გვარამიას საკითხი იდგა. არცერთ ამ შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული გეგმა და განზრახვა არ გამოუვლენიათ და ასეთი განზრახვა მხოლოდ მელიაზე გამოვცლინდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მის მიმართ ჩანაფიქრი, რომ ნიკა მელიას საკითხი იმ დონემდე მიიყვანონ, რომ მისთვის გარეთ ყოფნა გართულდეს, მემგონი ძირითადად მისი დღევანდელი თანამდებობით და შიდა პოლიტიკური ბრძოლებითაა გამოწვეული", - განაცხადა საყვარელიძემ.