
„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე არაერთი მოსაზრება გაჟღერდა იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მელიას ციხეს თავი აარიდოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირველივე მუხლში წერია, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში ბრალდებულის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება, ან მისივე თანხმობით მის პირად ქონებას ყადაღა ედება და ამ გზით ხდება გირაოს საფასურის უზრუნველყოფა. თავად მელიას თქმით კი, მის დაპატიმრებას სადეპუტატო იმუნიტეტი მოხსნის შემდეგაც ვერ მოახერხებენ.
„თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე," - წერია სისხლის სამართლის კოდექსში.
ხშირია თუ არა საქართველოში გირაოს გადაუხდელობის შემთხვევები და ამ მხრივ რა ბედი ელის ნიკა მელიას? როგორც „რეზონანსს" იურისტმა ლია მუხაშავრიამ განიცხადა, ზოგადად გირაოს გადაუხდელობის შემთხვევები საკმაოდ მცირეა, ხოლო მელიას შეუძლია კონკრეტული თანხის ნაცვლად გირაოს ვალდებულება მის სახელზე რეგისრირებული ქონებით გადაიხადოს.
„ვფიქრობ, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევები ძალიან მცირეა და ნიკა მელიას შემთხვევა გამონაკლისი იქნება, თუ არ გადაიხდის. ზოგადად, გირაოთი შეიძლება არა მხოლოდ თანხის გადახდა, არამედ ქონებით უზრუნველყოფა დაახლოებით ამავე გირაოს ოდენობის ქონებით და ამ შემთხვევაში ადამიანმა იცის, რომ ეს თანხა დაუბრუნდება გამოძიების დასრულების შემდეგ. ამიტომ გირაოზე უარის თქმა პრაქტიკულად არ ხდება. სტატისტიკა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არ მგონია ასეთი შემთხვევები ბევრი იყოს.
„ზოგადად, გირაოს გადაუხდელობის დროს ხდება დაპატიმრება, თუმცა პატიმარს ეძლევა ვადა 30 დღე იმისათვის, რომ გადაიხადოს და თუ გირაოს არ შეიტანს, ამ შემთხვევაში, მისი სურვილისამებრ, შეუძლია საკუთარი უძრავი ქონებით გადაიხადოს.
„მელიას შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მან საკუთარი, პირადი ქონება შესთავაზოს სასამართლოს, თუკი გირაოს არ ან ვერ გადაიხდის. სასამართლოს კი არ შეუძლია მელიას პირადი ნების გარეშე გაუყინოს საბანკო ანგარიშები და ა.შ.
„ის, ვისაც გირაოს გადახდა დაეკისრა, მას უფლება აქვს თანხის სანაცვლოდ თავისი ქონებით უზრუნველყოს ეს ვალდებულება. ამ შემთხვევაში დაყადაღდება მისი ქონება - შეიძლება ეს ავტომობილი იყოს, სახლი, მიწა, უძრავი ქონება და ა.შ. ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ გირაო არის გადახდილი და როდესაც ამოიწურება გამოძიების ვადა, შემდეგ უკვე ეს ქონება თავისუფლდება ყადაღისაგან და თანხაც უკან უბრუნდება ადამიანს," - ამბობს მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას.