ქრისტინე კაპანაძე
16.02.2021

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ ვაქცინაც არ შემოსულა, მთავრობის გეგმით, საქართველოში, წლის ბოლომდე, მოსახლეობის 60%-ის, ანუ 2 მილიონზე მეტი ადამიანის აცრაა დაგეგმილი. ხოლო პირველ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინის რაოდენობა მხოლოდ 20%-სთვის იქნება საკმარისი.

საკითხზე, თუ რამდენად რეალისტურია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა და რატომ აგვიანებს საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესი, „რეზონანსს" ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ესაუბრა. მისი თქმით, მთავრობის აღნიშნული გეგმა ძალიან ამბიციურია და ამისათვის სერიოზული მობილიზებაა საჭირო.

„წელს დაგეგმილია საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრა, რაც ვფიქრობ ძალიან ამბიციური გეგმაა და არსებული შესაძლებლობების გაოთხმაგებას მოითხოვს. ამავე გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე, კერძოდ 10 დეკემბრამდე, უნდა მოხდეს ამ 60%-ის აცრა. ამისათვის აუცილებელია მზადყოფნა და მობილიზება, რადგან რეალურად პირველ ეტაპზე ვაქცინა იქნება მხოლოდ 20%-ისთვის, ხოლო დანარჩენი 40%-ისთვის ეს ვაქცინა იქნება მობილიზების საგანი.

„შესაბამისი ორგანოების ჩართულობა უნდა იყოს მაღალი, რადგან განხორციელდეს გეგმა, რომელიც მოსახლეობის 60%-ის აცრას მოითხოვს. ამაში უნდა ჩაერთონ კერძო და საჯარო სექტორი, უნდა ჟღერდებოდეს მოწოდებები, რადგან თვითონ საზოგადოებაც იყოს მობილიზებული აცრისათვის.

„ვფიქრობ რეალისტური ამოცანაა, მაგრამ ძალიან ამბიციური. რთულია ნამდვილად წლის ბოლომდე აიცრას მოსახლეობის ნახევარზე მეტი, როცა ჯერ ვაქცინა არც შემოსულა ქვეყანაში. ასევე აქ არის ერთი გარემოებაც, რომ მოსახლეობის 20-30% უკვე გადატანილი აქვს ვირუსი, ამიტომ ესეც იქნება გათვალისწინებული.

„ზოგადად კი, როდესაც ინფექციონისტები პოპულაციურ იმუნიტეტზე საუბრობენ, არ ვიცი ამას რამდენად სერიოზულად ამბობენ. ჯერ იმას ვიტყვი, რომ ინფექციონისტები არ არიან ეპიდემიოლოგები, ამიტომ უმჯობესია ყველამ თავისი სპეციალობიდან გამომდინარე ისაუბროს მსგავსს საკითხებზე. კი, შეიძლება 30%-ს უკვე გადატანილი აქვს ჩვენთან ვირუსი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაქცინამდე ყველა გადავიტანთ.

„არასწორი მიდგომაა, ფაქტობრივად იმაზეა საუბარი, რომ ვაქცინის შემოტანამდე ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ უნდა იყოს. ვირუსის გადატანა ერთია, მაგრამ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს? ამიტომ ნამდვილად არ მიმაჩნია სერიოზულად იმაზე საუბარი, მათ შორის არც ხუმრობით, რომ ვაქცინა აღარ იქნება საჭირო", - განუცხადა ზოიძემ „რეზონანსს".

საკითხზე, თუ რატომ აგვიანებს საქართველოში ვაქცინაციის პროცესი, როცა ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა აცრები ჯერ კიდევ იანვარში დაიწყეს, ზოიძე გვპასუხობს, რომ მთავარია ხარისხი და არა ის, თუ ვინ დაიწყო პირველად ვაქცინაციის პროცესი.

„ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, იგივე აზერბაიჯანის მაგალითი რომ ავიღოთ, სადაც აცრები იანვარში დაიწყეს, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ვაქცინა ჰქონდათ მათ. ეს იყო ჩინური და რუსული ვაქცინები. ჩვენ მივიღებდით რუსულ ვაქცინას? რასაკვირველია არა, რადგან რუსეთი ამას პროპაგანდისთვის გამოიყენებდა აუცილებლად. ასევე ჩინური ვაქცინის მიმართაც მოსახლეობის უმრავლესობა უარყოფითად იყო განწყობილი.

„მთავარი ის არაა ვინ უფრო ადრე დაიწყო ვაქცინაცია, მთავარია რა შედეგი ექნება ამ ყველაფერს. აზერბაიჯანმა თუ ჩვენზე ადრე დაიწყო ეს პროცესი და ჩვენ კი ჯერაც არ დაგვიწყია, ეს არ არის მთავარი. საქმე ეხება ხარისხს. თუ შედარება გვინდა, მაშინ მოვიყვანოთ ისეთი ქვეყნის მაგალითი, როგორიც ამერიკაა, რადგან იქ უკვე მილიონობით ადამიანი აიცრა და რეალური შედეგებიც არსებობს.

„ეს არ არის შეჯიბრი, ამიტომ ჩვენთან მხოლოდ ის ვაქცინა შემოვა, რომელსაც გავლილი აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტები და უმაღლესი ხარისხისაა," - ამბობს ზოიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×