
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ჯერ კიდევ კარანტინის რეჟიმში რჩებიან, კორონავირუსის შესაჩერებლად მიღებული შეზღუდვების პარალელურად კი ევროპაში უკვე დაიწყო მასობრივი გამოსვლები და პროტესტი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. შესაძლოა თუ არა დაიწყოს მასობრივი არეულობა და გამოსვლები, თუ პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი დიდხანს გაგრძელდება?
აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსს" უსაფრთხოების ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ესაუბრა. მისი თქმით, მოსალოდნელი საპროტესტო ტალღის შეჩერებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, შეიძლება, ვაქცინაციის მიმდინარე პროცესებმა შეუწყოს ხელი, თუმცა, თუ კარანტინის რეჟიმი ისევ გაგრძელდა, ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად.
„რაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, უკვე ბევრ ქვეყანაში, ამან შეიძლება მოახდინოს სიტუაციური პრობლემების მოგვარება, თუმცა, კარანტინი, რომელიც დღეს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ჩვენთანაც, რასაკვირველია, ეს თავის შედეგებს მოიტანს, რაც პირველ რიგში ეკონომიკური პროცესების განვითარებას შეუშლის ხელს.
„ჩვენთან მაგალითად, ჯერ ვაქცინაცია არ დაწყებულა, ამავდროულად ვრჩებით კარანტინის რეჟიმში, ეს რასაკვირველია გამოიწვევს ხალხის უმრავლესობის პროტესტს. ერთის მხრივ გასაგებია, რომ ანტიპანდემიური ზომების მიღება აუცილებელია, თუმცა, თუ ასეთ რეჟიმში დიდხანს დავრჩით, ნებისმიერი შესაძლო პროტესტის მოლოდინი უნდა გვქონდეს.
„როდესაც სახელმწიფოებში ეკონომიკური სეგმენტები იხურება, ძალიან დიდი დარტყმა მოდის შემდეგ სხვადასხვა სფეროებსა თუ დარგებზე, რომელიც ამავე მიზეზით ვეღარ ფუნქციონირებს. ჩვენ ვხედავთ თუნდაც რა დიდი დარტყმა მიაყენა ამ პროცესებმა ზამთრის კურორტებს, ფაქტობრივად ეს ბიზნესი ჩავარდა.
„ამ შემთხვევაში კი უკვე მთავრობა იძულებულია აიღოს ვალი და ჩვენ დღეს ფაქტობრივად ვალით ვცხოვრობთ, ესეც ძალიან დიდ პრობლემას იწვევს ეკონომიკური პროცესების შეფერხების კუთხით.
„აღნიშნულ ეკონომიკურ კრიზისს ჩვენთან უკვე მოჰყვა პოლიტიკური კრიზისიც და უკვე სახელმწიფო კრიზისზეც გადავდივართ. ამ შემთხვევაში თუ არ მოხდა დროული ვაქცინაცია, უნდა ველოდოთ ამ პროცესების გართულებას.
„წესით ჩვენც უნდა შეგვძლებოდა ვაქცინების დამზადების პროცესებში ჩართვა, რადგან ჩვენ ფუნდამენტურად ამის შესაძლებლობა გვაქვს, კლინიკებიც გვაქვს, გვყავს საკმაოდ ძლიერი ბიოლოგები, მკვლევარები. ასე რომ, შეგვეძლო ჩვენი ვაქცინა გვქონოდა, თუმცა ეს არ მოხერხდა და ახლა ვართ მისულები საკმაოდ რთულ კრიზისთან, რომელიც წესით უნდა იყოს გამოწვევა მთავრობისთვის და დროულად უნდა მოხერდეს ამ ვითარების მოგვარება.
„ხალხში უკვე სერიოზული პროტესტის ნიშნებია, უმუშევრობის დონე იზრდება. გუშინ მოხდა სრულიად კატასტროფული რამ, როდესაც 53 ათასმა ადამიანმა შეავსო განცხადება გერმანიაში დასაქმების თაობაზე. 53 ათასი ადამიანი ფაქტორბივად უკვე მზად არის დატოვოს საქართველო და წავიდეს გერმანიაში, ეს კი ნამდვილად დიდი რეგრესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
„ჩვენ ვზივართ ძალიან ძლიერ დემოგრაფიულ ბომბზე, ამაზე მეტი რა უნდა ითქვას. რასაკვირველია ასეთ რეჟიმში ყველაფერია მოსალოდნელი, ნამდვილად უნდა ველოდოთ სერიოზულ საპროტესტო ტალღას, თუ კი ამ პროცესების მოგვარებას ხელი დროულად არ შეეწყობა," - ამბობს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.