
არ შეიძლება, რომ მელია ქართული პოლიტიკის და სახელმწიფოებრივობის დროშა გახდეს, ეს ძალიან ცუდი იქნება, რადგან ასეთი ნაკლებად ინტელექტუალური ლიდერი არ გვყოლია, აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიმდინარე პროცესების კომენტირებისას და დასძენს, რომ ამ ფონზე გახარიამ ინტელექტუალური სიმწიფე და უპირატესობა აჩვენა.
„ნიკა მელიას წინააღმდეგ წამოწყებულმა კამპანიამ, ის აბსოლუტურად უსამართლოდ და დაუმსახურებლად გააძლიერა, მომავალში პრობლემები გვექნება, იგი სანიმუშო ლიდერი არაა, მას უფრო მეტი „კუნთი" აქვს, ვიდრე ინტელექტი, რაც პოლიტიკოსისთვის კარგი არაა, მას როგორც კი ინტელექტუალური რესურსები უქრება, კუნთებზე გადადის. როცა ელისაშვილმა საკმაოდ უკბილოდ და უადგილოდ დასცინა, ფულს გადაგიხდიო, მელიამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და გამოგათრევო, ანუ იმდენად დაბალი ინტელექტი აქვს, რომ დაცინვას დაცინვითვე ვერ უპასუხა. ეს ლიდერისთვის ძალიან ცუდია, თორემ რიგითი ადამიანი რომ იყოს, რომელიც სხვებს ნაგვის ყუთს თავზე ახურებს, ეს პრობლემა არ იქნებოდა.
„არ შეიძლება, რომ მელია ქართული პოლიტიკის და სახელმწიფოებრივობის დროშა გახდეს, ეს ძალიან ცუდი იქნება. როგორიც მელიაა, ასეთი ნაკლებად ინტელექტუალური ლიდერი არ გვყოლია, ამ ფონზე გახარიამ ინტელექტუალური სიმწიფე და უპირატესობა აჩვენა, ამიტომაც მგონია, რომ ოპოზიციამ მოახერხოს და არა კუნთებით, არამედ წინ ინტელექტით გამოვიდეს.
„მგონია, რომ კარგი დროა, რათა ვადამდელ არჩევნებზე საუბარი წამოიწყონ, ოღონდ ხალხი უნდა გამოყვეს, გუშინდელი არჩეული პრემიერი დღეს გადადგა, ესეიგი „ქართულ ოცნებას" აშკარად ლეგიტიმაციის პრობემა აქვს, ახლა ყველაზე კარგი დროა, რომ „ქართულ ოცნებამ" იფიქროს, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს,"- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.
„გახარიას გადაწყვეტილებით აღტაცებული ვარ, მან ქართული პოლიტიკა და სახელმწიფოებრივობა გადაარჩინა, მან ქვეყანაში პოლიტიკა და სახლემწიფოს აღქმა დააბრუნა, მიმაჩნია, რომ მან სწორი მორალური გადაწყვეტილება მიიღო, მიხვდა, რომ ქვეყნის მართვა ასე არ შეიძლება, აშკარად უამრავი პრობლემები წარმოაჩინა.
„წარმოაჩინა ის, რომ ივანიშვილი არსად არ წასულა, ჩანს, რომ ქვეყანას რაღაცა კლანი მართავს, რომელსაც სახეც კი არ აქვს, ერთადერთი სახელი შეიძლება კობახიძე ახსენო, და ჩანს, რომ ამ კაცში, რომელშიც არანაირი სითბო და ღიმილი არ არსებობს და ბოღმის ბუკეტია... ესენი მართავენ ქვეყანას, ესაა კატასტროფული შედეგი და ბიძინა ივანიშვილმა ამათზე დადო ფსონი.
„აშკარად ჩანს, წუხელ შიგნით ძალიან სერიოზული ბრძოლები იყო, 88 კაცმა მელიას იმუნიტეტის მოხსნას ხმა მისცა, ესეიგი აშკარად ყველა ამ უსახო წარმონაქმნის ნაწილია და გახარიას სხვა რომ არაფერი დარჩა და მიხვდა, რომ ამათ ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავთ და სახელმწიფოზე არ ფიქრობენ, მან აბსოლუტურად ღირსეული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„გახარიამ ასეთი გადაწყვეტილება მელიას ფაქტორით არ მიიღო, მელია სხვა პრობლემაა, მისი კრიტიკა ჩვენ კიდევ ხშირად მოგვიწევს, ის ქვეყნისთვის საუკეთესო ვარიანტი არაა, მაგრამ, გახარიამ მისთვის კი არა სახელმწიფოსთვის იფიქრა,მან სახელმწიფო გადაარჩინა, ღირსეული ნაბიჯი იყო, მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო.
„რა თქმა უნდა ჩვენი ოპოზიცია იმ სიმაღლეს არ შეესაბამება, რაც სახელმწიფოს სჭირდება, ამ წუთში სახელმწიფოს დონეს მხოლოდ გახარია მიუახლოვდა, დღევანდელი ოპოზიცია კი არაა იმ წონის, რომელსაც მოითხოვს, გახარია ასეთი გახდა, თუმცა უკვე მიდის, რაც სამწუხაროა, პოლიტიკოსები როცა მიდიან, ღირსებას მაშინ ავლენენ, თუმცა იმედია საქართველოსათვის გახარია არ დაიკარგება.
„ოპოზიციამ ახლა კარგად უნდა დაინახოს, რომ არჩევანია არა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას" შორის, არამედ სახელმწიფოსა და არასახელმწიფოს შორის და კეთილი უნდა ინებონ, სახელმწიფოზე იზუნონ და საქმეს ჭკუა მიაყოლონ. ისინი ამ წუთში ძლიერები და წელში გამართულები არიან და ვადამდელი არჩევნებისათვის ხელახლა თემას დააბრუნებენ, კი ბატონო დააბრუნონ, ოღონდ თუ გამოუვათ, თუ არ გამოუვათ სხვა მექანიზმებზე უნდა იფიქრონ," აცხადებს ზაქარეიშვილი.