ელზა პაპოშვილი
18.02.2021

როგორ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები განვითარდეს და შექმნის თუ არა მთავრობის მეთაურის გადადგომა სახელმწიფოებრივ კრიზისს. რას ნიშნავს გახარიას განცხადება, რომ მისი გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმესთან შეუთანხმებლობამ განაპირობა. 

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ დიდი ალბათობით გახარიამ 20 ივნისის მსგავსი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება აღარ გადაწყვიტა. „ოცნებას“ თუკი ამ საკითხის ირგვლივ  გუნდის შიგნით შეუთანხმებლობა ჰქონდა, მელიას დაკავების პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ გახარიას პოლიტიკურ გუნდთან პრობლემები ისედაც ჰქონდა, ამიტომაც გაშვებას წასვლა ამჯობინა და პოლიტიკური მომავლისთვის მელიას საქმე გამოიყენა. ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული „ოცნება“ პრემიერად ვის კანდიდატურას დაასახელებს, რადგანაც მათ შესაძლოა გახარიას წასვლა ელექტორატის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. ხოლო საბოლოოდ სიტუაცია იქამდე მივიდეს, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. შესაბამისად, ბევრი რამ  „ოცნების“  მომდევნო ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. 

„იქიდან გამომდინარე, რომ მე ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რადგანაც, დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და ჩვენ შორის დაპირისპირება არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.  

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი  დაადასტურა, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა მართლაც იყო. მისი თქმით, მათ გახარიასგან ვერ მოისმინეს საკმარისი არგუმენტები. 

„მოგეხსენებათ, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაგომის შესახებ. ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და სამწუხაროა, რო მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან გასხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს ცხადად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი - ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკურ რადიკალიზაციას და პოლარიზაციას.

ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება. პრემიერის გადადგომის ფონზე, შს მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ. ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული მთავრობის ახალი გუნდის ფორმირებაზე. მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ნიკა მელიამ ოპოზიციური ერთობის სახელით განაცხადა, რომ იმედოვნებს, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება განახლდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. 

„ოპოზიცური პარტიების სახელით ვაცხადებ, რომ იმედს ვიტოვებთ, მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილავთ საკითხს ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არ არის, არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება ძალადობა, ვინმეს დაჩაგვრა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები,“ - გაცხადა ნიკა მელიამ. 

ვახატნგ ძაბირაძე „რეზოანანსთან“ ამბობს, რომ არაა გამორიცხული, გახარიამ იცოდა, რომ მის გადაყენებას გუნდი აპირებდა და ნიკა მელიას თემა საკუთარი ნებით წასვლისთვის გამოიყენა. გაშვებას წასვლა ამჯობინა, თანაც ისე, რომ ხმაური ყოფილიყო. ძაბირაძე ამბობს, რომ გახარიას გადადგომამ  ქვეყანაში არსებული რეალობა და გარემოება აბსოლუტურად შეცვალა. ისედაც  რთული ვითარება იყო, ახლა კი უფრო დამძიმდა. პრემიერის გადადგომა ოპოზიციამ აღიქვა საკუთარ გამარჯვებად, რაც სრულიად სამართლიანია. ამიტომაც ოპოზიციამ მივიწყებული თემა რიგგარეშე არჩევნეზე ისევ გააქტიურა.  

„თუ ხელისუფლებაში ნიკა მელიასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსესბობდა, მაშინ ეს შიგნით უნდა მოეგვარებინათ და დაკავების გადაწყვეტილება მერე უნდა მიეღოთ. როდესაც იცი, რომ მთავრობის მეთაური სხვა აზრზეა, მინიმუმ ეს პროცესი ცოტა ხანს მაინც უნდა გადადო. სასამართლომდე საქმე არ უნდა მისულიყო და პოლიტიკური გადაწყვეტულება პარალმენტს უნად მიეღო. დღეს მივიღეთ ის, რაც გვაქვს და ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. აქ მოხდა პოლიტიკური შეცდომის დაშვება, რაც გახარიას გადადგომის სახით მივიღეთ. ასევე ძალიან საინტერესოა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი განცხადებები, სადაც ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ მათთან არ იმუშავა. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ სამართლებრივად ეს პროცესი გამართულია, გასაგებია, მაგრამ ამას რა სახის პოლიტიკური რისკები და რყევები მოჰყევბა, ეს ხომ უნდა გაანალიზებულიყო“,-აცახდებს ძაბირაძე.  

მისივე თქმით, ქვეყანაში ახალი რეალობა დღეიდან დაიწყო, ამიტომაც წინსწარ რა მოხდება და მოვლენები როგორ განვითარდება რთული სათქმელია. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება ახალი მთავრობის ფორმირებაზე, სადაც გდამწყვეტი მნიშვნელობა ახალი პრემიერის კანდიდატურას მიენიჭება. ძაბირაძე ამბობს, რომ, როგორ ჩანს გახარიას ეს გადაწყვეტილება ყველასთვის  მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომაც ახლა დაბნეულობა ხელისუფლების შიგნითაც არის. რა თქმა უნდა, ეს მათ ამომრჩეველზე დიდ გავლენას მოახდენს. თუმცა რა გზას აირჩევს გახარია და შექმნის თუ არა ახალ პოლიტიკურ ძალას, ანალიტიკოსისთვის რთული სათქმელია. მისი აზრით, გახარია მარტო კაცია, რომელსაც არც გუნდის შიგნით და არც მის გარეთ დიდად მომხრეები არ ჰყავს, თუმცა მოვლენების განვითარება აჩვენებს ის პოლიტიკურ ფიგურად შედგება თუ არა.  

„ჩემთვის გახარიას გადადგომა ძალიან მოულოდნელი იყო. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნების“ ამომრჩევლებისთვის და პარტიის  შიგნითაც ეს დიდი სიუპრიზი იყო. ოპოზიციამ  ამ რაუნდში პირწმინდად მოიგო. მთავარია ახლა ამან ახალი დაპირისპირების სახე არ მიიღოს. პროცესები თუ კი გამწვავდება, ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს. რაც შეეხება გახარიას ფიგურას, რასაც ვხედავდით ის ხელისუფლებაშიც და პარტიაშიც მარტო მოთამაშე იყო. ამიტომაც რთული სათქმელია რა სახის პოლიტიკურ ფიგურად შეიძლება ჩამოყალიბდეს. ის თუ ოპოზიციაში გადაინაცვლებს, მაშინ ამას გუნდი  და ფინანსური რესურსები დასჭირდება. ამიტომაც ჯერჯერობით მის პოლიტიკურ მომავალზე საუბარი რთული იქნება“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გახარიამ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტლება მიიღო და მან საქართველოს სახელმწიფოებრივად გადაარჩინა. ყოფილი მინისტრი აბობს, რომ მას თუ ადრე ეგონა, რომ „ოცნებაში“ პოლიტიკის ნატამალი არ იყო, გახარიას სახით გამოჩნდა, რომ ვიღაცა სახელმწიფოებრივად აზროვნებს. 

„კობახიძე და მისი ჯგუფი  სახელმწიფო გადამტრიალებლები არიან, ამიტომაც ძალიან გული მწყდება, რომ კახა კალაძე მათ გვერდით დავინახე. არ ვიცი, რას ფიქრობს და რატომ იდგა იქა, მაგრამ ძალიან კარგად იცის მანაც, რომ ახლა პოლიტიკურად ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია მას გააჩნია, ეს ქვეყანა სადმე არ გადაიჩეხოს. ის არის ხალხის მიერ არჩეული მერი, რომელიც ასევე მეტი რეიტინგით სარგებლობს ვიდრე იქ ვინც იდგა, ყველა ერთად აღებული. 

გახარიამ მიიღო სხელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება და ქვეყანას სისხლის ღვრა აარიდა. ეს არის პასუხისმგებლიანი და პატრიოტი ადამიანის ქცევა, რომელსაც ქვეყნის ბედი და მომავალი აღელვებს. როგორც ჩანს, გახარია ამ კობახიძეს და მის ჯგუფს შეასკდა. რომ ვერაფერი გააწყო, ალბათ ივანიშვილს დაურეკა და ვერ დაუკავშირდა. ამიტომაც ჩათვალა, რომ ის ამ ჯგუფის მხარეს იყო. დარწმუნებული ვარ, გახარიას არავისთვის უთქვამს, რომ გადადგომას აპირებდა. მიხვდა, საქმე რაშიც იყო, ამიტომაც უკვე გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო სიუპრიზი, რომელიც კობახიძეს სახეზე ეტყობოდა“,-აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ეს რომ „ოცნებას“ სცოდნოდა, მაშინ გახარიას დაასწრებდნენ და რაღაცას მოიფიქრებდნენ. გახარია იმდენად იყო გამწარებული და  ხვდებოდა, რომ ეს ხალხი ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას იღებდა, რომ ბოლომდე დამალა. დაასწრო და პირველმა იმოქმედა. ეშმაკურად მოიქცა, შეუქმნა კობახიძეს და მის ჯგუფს განცდა, რომ ჯანდაბა თქვენს თავს და ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. 

„პირდაპირ ჩვენს თვალწინ სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, სადაც პრემიერ-მინისტრს არაფერი დაუტოვეს, როცა ლეგიტიმურები თავად არ არინ. ეს ხალხი არავის აურჩევია. ხალხმა ვინც აირჩია ის კაცი წავიდა. უცბად შეიმქნა პოლიტიკურ კრიზისი, რადგანაც გახარია  მიხვდა, რომ სხვა გზას აღარ უტოვებენ. მიუხედავად 20 ივნისის ამბებისა, მაინც მგონია, რომ პატიოსანი კაცია. გახარიას მიმართ მქონდა გარკვეული სიპატიები. ის თავისი ღვარძლიანი და ბოღმიანი განცხადებებით არ გამოირჩეოდა.  მოსახლეობის ნაწილში და ჩემშიც ყოველთვის რაღაც სიმპატიებს იწვევდა. დღეს მან ღირესული გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის სახლმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელმაც გამოააშკარავა, რომ ქვეყანაში ძალიან მყრალი სიტუაციაა. აჩვენა, რომ მთელი „ქართული ოცნება“ საერთოდ ჩამომპალია. არ შეიძლება ამისთვის მადლობა არ ვუთხრათ. რაც შეეხება ელჩების „ნაციონალებთან“ მისვლას, ფაქტია, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის გადარჩენას ცდილობენ. აქ მელიას დაკავება-არდაკავების ამბავზე არ არის. ელჩები მიდიან სახელმწიფოს და დემოკრატიის  დასაცავად და არა მელიასი“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე აზრით, გახარიას მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგანაც ქვეყანაში ვიღაცეებს სახელმწიფო გადატრიალების საშუალება არ მისცა. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალები“ გულზე საერთოდ არ ეხატება, მაგრამ „ოცნება“ ყველფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო მხოლოდ ენმ-ზე გადიოდეს და მათ გარშემო ტრიალებდეს. ყოფილი მინისტრის შეფასებით, გახარიას წასვლა „ოცნებას“ მინიმუმ ამომრჩევლების და მომხრეების დიდი რაოდენობით დაკარგვის ფასად დაუჯდეს. მაქსიმუმ კი ეს იქნება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.  

„ოცნებამ“ ვერაფერი გათვალა და დღეს გამაოგნებლად დაშლილი და  უორიენტაციო ოპოზიცია გააძლიერეს.  შეკრეს „ნაციოანლური მოძრაობის“ გარშემო და ხელახალ დღის წესრიგში თითქმის უკვე ჩამარხული ვადამდელი არჩევნების იდეა ზედაპირზე ამოვა. თუ ქართველმა ხალხმა ღრმად ამოისუნთქა, შეიძლება ვადამდელი არჩევნები ადგილობრივ არჩევნებს დაემთხვეს“,-აცახდებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.     

ზაქარეიშვილის აზრით, თუ კი გახარია ოპოზიციაში გადავა, მას აქვს შანსი, რომ ქვეყანაში მესამე ძალის  ფორმირება შეძლოს. მას აქვს რესურსი იმის, რომ მიიმხროს ადამიანები, რომლებსაც არც „ოცნება“ და არც „ნაციონალები“  უნდა. შეუძლია  გუნდი იმ ადამიანებისგან დააკომპლექტოს, რომლებიც „ოცნებიდან“ არიან წამოსულები. შესაბამისად,  მისი ამ ფორმით წასვლა შეიძლება იმ სიგნალათ ჩავთვალოთ, რომ ის სხვა პრემიერების მსგავსად პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×