
ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ძველ თანამდებობას უბრუნდება, „ქართულმა ოცნებამ" პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომაზე ნაციონალებთან ყველაზე დაპირისპირებულ კანდიდატს დაუჭირა მხარი, რომელმაც ახალ ამპლუაში თავისივე პირველ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, „ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას"-ო.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმდჯომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას მოგეხსენებათ, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას თავდაცვის მინისტრის პოზიცია ეკავა.
„მისი მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ეს არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში", - განაცხადა კობახიძემ.
თავად ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ეს მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს. მანვე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდი ძალიან მალე „წესრიგს აღადგენს".
„ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღე არის. ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს.
„ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწარაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.