
დასავლელი პარტნიორების მწვავე განცხადებებს, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" წევრები, ლადო კახაძე და ნინო წილოსანი ეხმაურებიან. კახაძის თქმით, საქართველო აუხსნის დასავლეთს თუ რატომ მოხდა მელიას დაკავება და რეალურ სურათს დაანახებს, ხოლო წილოსანი ამბობს, რომ ქვეყანას თავისი კონსტიტუციური მდგრადობის დაცვა ყოველთვის სახარბიელო მდგომარეობაში არ აყენებს, მაგრამ კანონი უზენაესია.
„ჩვენი პარტნიორები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის მაშინაც, როცა ოპოზიციის პარლამენტში არშესვლას აფასებდნენ და მოუწოდებდნენ მათ დარჩენილიყვნენ დემოკრატიის ჩარჩოებში.
„უფრო მეტიც, ამ საბოტაჟს დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრა უწოდეს ევროპარლამენტარებმა. ამის პარალელურად სახელმწიფოს უწევს თავისი კონსტიტუციური მდგრადობის დაცვა, რაც შეიძლება ყოველთვის სახარბიელო მოცემულობაში არ აყენებდეს მას, მაგრამ კანონი არის უზენაესი და პოლიტიკოსობა არ უნდა იყოს დანაშაულისგან თავის არიდების საშუალება," - ამბობს ნინო წილოსანი „რეზონანსთან" საუბრისას"
კახაძის შეფასებით კი, სახელმწიფოს ვალია კონსტიტუციური მდგრადობა და შესაბამისად, აღნიშნული ვითარება დასავლეთთან ახსნას ექვემდებარება.
„დასავლეთის აზრს პატივს ვცემთ და მათი სურვილის შემთხვევაში, მათ სრულად მიეწოდებათ ნამდვილი ინფორმაცია ჩვენი ხელისუფლებისგან.
„ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ოპოზიციურ ფრთას თავისი აზრის გამოთქმას, ისინი ყოველთვის შეეცდებიან ვითარების მუქ ფერებში დანახვას. ჩვენი სახელმწიფო კი გააკეთებს რეალურ განცხადებებს და ამ რეალური სურათიდან გამომდინარე მიაწოდებს დასავლეთს ინფორმაციას.
„ჩვენი ვალია, რომ სახელმწიფოს მდგრადობა, კონსტიტუციური ურყეობა და სამართლის წინაშე თანასწორობა შევინარჩუნით. ჩვენ უნდა ვუთხრათ დასავლეთს, ჩვენს ნამდვილ მეგობრებს, რომ საქართველოს რეალური სიტუაციიდან გამოდინარე, ხელისუფლებამ დააკავა მელია და ისიც უნდა ვკითხოთ, თვითონ როგორ მოიქცეოდნენ.
„ეს ყველაფერი ახსნას ექვემდებარება. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ხელისუფალი მზად იყო ამ ყველაფრისთვის, ასეთი ნაბიჯის გადადგმისთვის და შესაბამისად, რეაქციასაც ელოდა. გაუზარებელ ქმედებს არავითარ ემთხვევაში არ ჩაიდენდა.
„მაგალითად, ჩვენ ვეტყვით დასავლეთს, რომ აშშ-ის კონგრესის წევრი გამოცხადდა შიდა ტერორისტად, აშშ-ს ჩვენთვის სამაგალითო დემოკრატია აქვს, კაპიტოლიუმზე თავდამსხმელებს მათთან 30-40 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. სამართალი არ ცნობს არავითარ იმუნიტეტს.
„იმუნიტეტს ცნობს პოლიტიკური განცხადება, დიპლომატია, მაგრამ სამართლის წინაშე ყველა უნდა იყოს თანაბარი. მათ შორის მოქმედი ხელისუფალი, ოპოზიციონერი თუ სხვა. ყველამ უნდა სცეს პატივი თავის ქვეყანაში სამართალს.
„ზოგჯერ ადამიანის ქცევა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სამართალს, სისტემისთვის არის საზიანო, ამიტომ მელიას შემთხვევას თუ ავიღებთ, აქ სამართალი მუშაობს კონსტიტუციის დასაცავად.
„მე ნამდვილად არ ვიცი დასავლეთს სპეცრაზმის სიტუაცია როგორ უნდა ავხსნათ, ამას ახსნის ჩვენი ხელისუფალი. მე ამაში ვერ ჩავერევი, მაგრამ როგორც ექიმმა შემიძლია გითხრათ, რომ ოპერაციის დროს შესაძლებელია გაკეთდეს ღია კვეთა, ან გაკეთდეს მხოლოდ ზედაპირზე ჩხვლეტით, მთავარი კი ის არის რომ, ის პათოლოგია მოაცილო", - განაცხადა კახაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით კი დღეს განცხადებები გააკეთა აშშ-ის სალეჩომ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ესტონეთის მთავრობამ, ისინი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ მელიას დაკავების გამო.
„ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე", - ნათქვანია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მას აქვს. ეს საქართველოში დემოკრატიისთვის კრიტიკული მომენტია," - წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი „ტვიტერში"
„სამწუხაროა იმის დანახვა, თუ რა ხდება ამ დილით თბილისში. ძალადობა არ არის პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქართველ მეგობრებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ უფრო ღრმა კრიზისში ჩავარდნა. თავშეკავებამ და დემოკრატიის ერთგულებამ უნდა გაიმარჯვოს!" - წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.