
მარტის დასაწყისშიც კი ვაქცინის საქართველოში შემოტანის კონკრეტული თარიღი ამ დრომდე უცნობია - „კოვაქს" პლატფორმა, რომლისგანაც „ფაიზერის" პირველი დოზები ჯერ კიდევ თებერვალში უნდა მიგვეღო, აცხადებს, რომ გასულ თვეში ნაადრევი გზავნილები მხოლოდ იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს.
„კოვაქსში" აცხადებენ, რომ კრიტერიუმები, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთია: 1. მონაწილე ქვეყნის ეროვნული რეგულატორის მიერ შემოსატან ვაქცინაზე ავტორიზების მინიჭება. 2. ყველა მონაწილე ქვეყანამ ვაქცინის მწარმოებლებთან ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი უნდა გააფორმოს.
„კოვაქსი" „ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, რომ მოსალოდნელია გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდეს.
თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" „კოვაქს პლატფორმაში".
როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" ამბობს, იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა რაც შეიძლება დროულად შემოსულიყო, მთავრობამ და შესაბამისმა ორგანოებმა ყველაფერი გააკეთეს, ახლა უკვე „კოვაქსზეა" დამოკიდებული, თუ ვაქცინა როდის შემოვა.
„სახელმწიფოს მხრიდან „კოვაქსთან" მიმართებაში ყველაფერი გაკეთდა, მათი მხრიდან მოხდა ამ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობა. რა ვქნათ, რეალობა ასეთია, „კოვაქსიდან" მისი ხელმძღვანელის მიერ მოწერილი ოფიციალური წერილი მე თვითონ მაქვს ნანახი, რომელშიც ის თარიღები იყო დასახელებული.
„ვაქცინა რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, როდის დაიწყებ, არამედ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას როდის დაამთავრებ, რომ იმუნიტეტს მივაღწიოთ. თუ თავი მოაბეს, ეს გეგმა რეალურად კვლავაც ძალაშია, რომ ჩვენი მოქალაქეების ეს რაოდენობა წლის ბოლომდე აიცრას.
„ნებისმიერი თარიღის შემთხვევაში, რომელიც ადრე სახელდებოდა, მასობრივი ვაქცინაცია მაის-ივნისამდე არცერთ შემთხვევაში დაგეგმილი არ იყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვაქცინების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას ვიღებდი, როგორც გარე ექსპერტი. იქ ეს განხილვები რა თქმა უნდა იყო. ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან რეალურად ყველაფერი გაკეთდა, რომ ვაქცინა რაც შეიძლება დროულად შემოსულიყო.
„ვაქცინებთან დაკავშირებით გლობალურად პრაქტიკულად ომი მიდის. ჯერჯერობით მოთხოვნა მიწოდებას გაცილებით აჭარბებს და ის ქვეყნები იყენებენ, რომლებიც ვაქცინას თავად აწარმოებენ - ევროკავშირი, აშშ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში რამდენიმე ქვეყანა, ისრაელია გამონაკლისი. კოვაქს პლატფორმიდან „ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია ასევე ორმა ქვეყანამ - განამ და კოტდივუარის რესპუბლიკამ დაიწყო, მაგრამ ეს უფრო პიარულ სვლას ჰგავს - სურდათ ეჩვენებინათ, რომ სამართლიანი გადანაწილება არსებობს და მხოლოდ მდიდარ ქვეყნებზე არაა.
"ეს „კოვაქსის" პირველი სიმბოლური ჟესტი იყო, რომ ვაქცინა ყველზე უფრო ღარიბ ქვეყნებს მისცა. ამასობაში ყველაზე მდიდარ და ყველაზე ღარიბ ქვეყნებს შორის მყოფი ქვეყნები სამწუხაროდ ჩვენსავით ჯერ ელოდებიან."- განაცხადა ზოიძემ „რეზონანსთან".
ამასობაში ქვეყანაში კოვიდრეგულაციები ნელ-ნელა იხსნება, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა კი განაცხადა, რომ ასეთ პირობებში მოსახლეობა დუნდება და ქვეყანა ახალი შტამების გავრცელების საფრთხის ქვეშ დგება.
„კოვაქსს" კარი უნდა „ავუტალახოთ", თითოეული დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთ დღეს შეიძლება 15 ათასი ადამიანი ავცრათ, რომელსაც ვიცით რომ ვირუსი არ დაემართებათ და საავადმყოფოში მოხვედრა არ დასჭირდებათ. ამიტომ ერთ დღეში შეიძლება რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველ არხთან".
როგორ აისახება საქართველოში პანდემიის მსვლელობაში ვაქცინის დაგვიანება? აღნიშნულ საკითხზე ეპიდემიოლოგმა ირაკლი ხმალაძემ „რეზონანსთან" განაცხადა, რომ თუ რეგულაციებს ისევე დავიცავთ როგორც აქამდე ხდებოდა, შესაძლოა ვაქცინის შემოტანამდე ყოველდღიურმა რაოდენობამ ოდნავ აიწიოს და ამასთანავე საბოლოო გამარჯვების მიღწევა გადაიდოს.
„ეს ვირუსული ინფექცია თითქმის ყველამ მოიხადა, პრაქტიკულად ადამიანებმა რეკომენდაციების დაცვა და პირბადის ხმარება ისწავლეს, თუ ქორწილები და ქელეხები დაუშვეს, მაშინ შესაძლოა მართლა პრობლემა მოხდეს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, დაახლოებით ამ რაოდენობის მუსირება მოხდება, შესაძლოა ოდნავ აიწიოს.
„უბრალოდ ვაქცინის დაგვიანების პირობებში საბოლოო გამარჯვების მიღწევა გადაიდება მანამ სანამ საქართველოში ვაქცინა არ შემოვა, აქამდე ასე ვიყავით და კლებისკენ წავედით და ვაქცინა თუ შემოვა მაქსიმალური კლება წავა და შედეგს ძალიან მალე მივიღებთ, თუ არ შემოვიდა, კლება დინამიკაში გაიწელება,"- განაცხადა ხმალაძემ.
„გარდიანის" თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტს აკრძალავს, იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებლები, როგორიცაა „ასტრაზენეკა" ვაქცინის მიწოდებას კვლავ ვერ უზრუნველყოფენ.
"თუ გადავხედავთ, ექსპორტის აბსოლუტური უმრავლესობა, 95%-ი, ბიონტექ/ფაიზერ- ის მიერ ხორციელდება, დანარჩენი - მოდერნა-ს მიერ. ორივე პატივს სცემს კონტრაქტს, ასე რომ ჩვენში ყველაფერი კარგად არის. ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ ასტრაზენეკა- სთან, სადაც ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს. ასე რომ, ყურადღებით ვაკვირდებით, რა ხდება," - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
„გარდიანი" ასევე იუწყება, რომ ევროკავშირში ჩატანილი ოქსფორდ/ასტრაზენეკა-ს ვაქცინის ყოველი ხუთი დოზიდან ოთხი ჯერჯერობით გამოყენებული არ არის, აღნიშნულია, რომ გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და იტალიის ხელისუფლებებმაასტრაზენეკას ვაქცინის მხოლოდ 65 წლამდე ასაკის ადამიანებში გამოყენების რეკომენდაცია გასცა და შესაძლოა ამან ტემპის შენელებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.