ელზა პაპოშვილი
06.03.2021

ოპოზიციის ნაწილი მზად არის, თუკი ხელისუფლებასთან პლებისციტსა და საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებას  მიაღწევს, პარლამენტში შევიდნენ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ ამის შესახებ უკვეე ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, რასაც მათი მხადაჭერა სჭირდება. ხელისუფლების პოზიცია კი კვლავ უცვლელია და აცხადებენ, რომ პლებისციტი და რიგგარეშე არჩევნები მათვის მიუღებელია და მაქსიმუმ რაც შეიძლება ოპოზიციას შესთავაზონ, საგამოძიებო კომისიაში ჩართვაა. 

თუმცა „რეზონანსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები სწორედ პლებისციტთან დაკავშირებით მიდის. ხელისუფლება ოპოზიციას პირობას უყენებს, რომ თუკი პლებისციტზე შეთანხმება მოხდება, მაშინ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

16 მარტს, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სწორედ პლებისციტზე შეთანხმებას ჩაიტანს. ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება საბოლოოდ მარტის ბოლოს გაფორმდება.

აღსანიშნავია, რომ პლებისციტის იდეა კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალური მოძღაობისა“ და „ევროპული საქართველოსათვის“. ოპოზიციაში ამგვარი აზრთა სხვადასხვაობა, ანალიტიკოსების აზრით, იმის ნიშანია, რომ მცირე პარტიები „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებას იწყებენ, რადგან გააცნობიერეს რომ ენმ-ის ორბიტაზე დარჩენა მათთვის განადგურების ტოლფასია. 

„ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შესვლას გეგმავენ 

„ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა და მხარდაჭერაც სჭირდება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. 

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის გარეშე ვერ მოხდება ის ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც არის საუბარი. ეს არის სრულად პროპორციული სისტემა, საარჩევნო ბარიერის დაწევა და ა.შ. 

ვაშაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ინიციატივით მართლმსაჯულების საკითხიც არის შესული იმ საკითხთა ჩამონათვალში, რომელზეც შეთანხმება უნდა მოხდეს და შესაძლოა, მასაც დასჭირდეს საკონსტიტუციო ცვლილებები.

„შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ინიციატივით მართლმსაჯულების საკითხი დაემატა ამ საკითხებს. შეიძლება გარკვეულ თემებზე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაგვჭირდეს მართლმსაჯულებასთან მიმართებაში. ასევე არის ანტიკორუფციული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე საუბარი, ძალაუფლების გადანაწილებაზე საპარლამენტო საქმიანობის დროს. ასე რომ, ბევრი საკითხი დაემატა. ეს საკითხები დაემატა ევროკავშირის მხრიდან,“ - განაცხადა ვაშაძემ. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უკვე მორიგ შეხვედრაზე მათ „რაღაც ახალი“ უნდა უთხრას. ვაშაძე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ აირჩიონ ან პირდაპირი არჩევნები, ან პლებისციტი.

ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მაქსიმუმ მარტის ბოლომდე მოხდება და ამ მოლაპარაკებების პროცესში კომპრომისზე წასვლა როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას მოუწევს.

„ლელოს“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში „ლელო“ პარლამენტში შევა და საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება.

როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საგამოძიებო კომისია ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ოპოზიციის სიტყვა წონადი იყოს.

„შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შევდივართ პარლამენტში და აქტიურად ვიმუშავებთ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე, რადგან ის მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიაშიც მივიღებთ მონაწილეობას, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია იმდაგვარად უნდა იყოს ფორმირებული, რომ ოპოზიციის სიტყვა იყოს მართლაც წონადი და არ იყოს საგამოძიებო კომისია მხოლოდ ქაღალდზე, რომ  სადღაც აღნიშვნა მოხდეს, რომ გამოძიება ჩავატარეთ. ეს უნდა იყოს რეალური საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა ჯაფარიძემ. 

„ქართული ოცნების“  ორაზროვანი პოზიცია

ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ჩატარების მოთხოვნას კვლავ არ ემხრობა მმართველი გუნდი და მას არარელევანტურს უწოდებს. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ მაქსიმალური კომპრომისი, რასაც „ქართული ოცნება“ ოპონენტებს სთავაზობს, საგამოძიები კომისიის მუშაობაში ჩართვაა. 

„მაქსიმალური კომპრომისი არის მიიღონ არჩევნების (შედეგების) გადამთვლელ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა და შესაბამისად, იქნება არჩევნები, თუ მართლა გაყალბდა. თუ არა და, კეთილი ინებონ და 60 მანდატი აქვთ, ეს უზარმაზარი მანდატია ხალხისგან მიღებული, შემოვიდნენ პარლამენტში და იმუშაონ,“ - ამბობს სოზარ სუბარი.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია შეცვლის მიდგომას „ან ყველაფერი, ან არაფერს“, ამ შემთხვევაში კომპრომისის მიღწევა უფრო გამარტივდება და კონსენსუსის მიღწევაც შესაძლებელი გახდება.

„არცერთი ნაბიჯი მათი მხრიდან გადმოდგმული ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს. გასაგებია, რომ ესკალაცია უნდათ, გასაგებია, რომ არეულობა უნდა ბევრ მათგანს და შეიძლება ეს ყველას არ დავაბრალოთ, მაგრამ ხომ არის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფოებრივად ფიქრობს? იქნებ ვიღაც გამოჩნდეს, ჯგუფები, მათ შორის, რომელიც იფიქრებს, რომ სახელმწიფოებრივად ასე ჯობია და უარი ვთქვათ პრინციპზე - არ ყველაფერი, ან არაფერი. ამ შემთხვევაში კომპრომისი უფრო მარტივია, სხვა შემთხვევაში კონსესუსამდე ვერ მივალთ,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.  

რატომ არ აწყობს „ნაცმოძრაობას“ პლებისციტი 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ემხრობა ადგილობრივი არჩევნებთან ერთად შემოდგომაზე პლებისციტი ჩატარდეს. ამაშიძე ამბობს, რომ სასიგნალო ინფორმაციაა  ევროპარლამენტიდან, რომლებიც პლებისციტის ჩატარებას ასევე ემხრობიან. ამიტომაც აბაშიძე არ გამორიცხავს ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის ამ თემაზე კონსენსუსი მოხდეს და ღარიბაშვილი ბრიუსელში ხელცარიელი არ წავიდეს. 

„არაა გამორიცხული, რომ ამ თემაზე კონსენსუსიც იყოს მიღწეული. შესაძლოა ზუსტად ამაზე ხელისუფლება და რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეთანხმდნენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ კონსტრუქციულ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ უნდა, ეს მისი ნებაა. გავიგეთ უკვე, რომ გიგი უგულავამ განაცხადა, ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთო. ეს კი პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ სამარეს ითხრის. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ დასავლელი პოლიტიკოსებისგან სრული იგნორი უნდა, ეს მათი არჩევანია.  

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რომ პოლიტიკურ ველზე სხვა პოლიტიკური პარტიები მოძლიერდნენ. ეს არის ამ პარტიის  მთავარი სტრატეგია და უნდათ, რომ ოპოზიციურ ველზე მხოლოდ თავად დომინირებდნენ. სწორედაც, რომ ამ პატარა პარტიების ინტერესში უნდა იყოს არა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, არამედ პლებისციტი. თუ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა ამავე საარჩევნო სისტემით, ეს პატარა პარტიები პარლამენტში ვეღარ შევლენ. მათ ამომრჩეველი პარლამენტის  ბოიკოტირებით და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსის გამო უკვე დაკარგეს. ამიტომაც თუ ენმ-ის ჭკუაზე სიარულს განაგრძობენ, ისინი პოლიტიკიურად საბოლოოდ გაკოტრდებიან“, - აცხადებს აბაშიძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ზუსტად „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ხელისუფლებასთან პლებისციტის თემაზე შეთანხმდნენ. ასევე საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და რეფორმაზე, რაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციითაც არის გათვალისწინებული. 

აბაშიძის აზრით, პატარა პარტიების ინტერესში უნდა იყოს, რომ როგორც საკრებულოებში, ასევე პარლამენტში მეტი წარმომადგენლობა ჰყავდეთ. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენისგან თავს თუ გაითავისუფლებენ, პატარა პარტიები ბევრს  მოიგებენ. 

„მე ვვარაუდობ, რომ ზუსტად პლებისციტზე და განახლებულ საარჩევნო კოდექსზე მმართველი პარტია და პატარა ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან. ხოლო რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათთვის ეს საბოლოოდ პოლიტიკური დასამმარება იქნება და ველი, რომ უახლოეს მომავალში მარტო დარჩებიან. 

„ოპოზიციაში პოლიტიკური რღვევა დაწყებულია და მყიფე ოპოზიციური ერთიანობა მალე დასრულდება. „სტრატეგია აღმაშენებლი“, „ლელო“ და „გირჩი“ „ნაციონალების“ გავლენიდან გამოვლენ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებენ. ამის ნათელი მაგალითი კი პლებისციტის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა“, - აცხადებს აბაშიძე „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი ფიქრობს, რომ თუკი საუბარი მოლაპარაკებაზე და კომპრომისზეა, მაშინ ორივე მხარე პლებისციტის ჩატარებაზე უნდა შეთანხმდნენ. თუმცა, ხელისუფლებამ ოპოზიციას ამ შეთანხმების პირობად პარლამენტში შესვლა უნდა წაუყენოს. სხვაგვარად გამოდის, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით კაპიტულაციის გამოცხადებას სთხოვს. ზურაბიშვილი ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ  გამოსავლად  პლებისციტს მიიჩნევს. 

„ვფიქრობ, პლებისციტზე ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმება მოხდება. ეს საკითხი კომპრომისის საფუძველი გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური კრიზისი დაიწყება, რომ უბრალოდ ვერავინ ვეღარ გვიშველის.  

„თუ ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ივანიშვილი პლებისციტს გააყალბებს, მაშინ მაგ ლოგიკით ადგილობრივ არჩევნებშიც არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. თუ პლებისციტს გააყალბებს, თვითმმართველობის არჩევნებს  რატომ ვერ გააყალბებს? ამიტომ რაღაცაზე შეჯერება რომ მოხდება, ეს ფაქტია.  

„კომპრომისი ორმხრივია. მხოლოდ მე რომ მაწყობს იმაზე დამთანხმდი - ეს მოლაპარაკება არაა. ეს არის კაპიტულაციის გამოცხადება და დანებება. ოპოზიცია ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების  დანიშვნით ამას სთხოვს. ორივემ სარგებელი ხომ უნდა დაინახოს, სხვანაირად შეთანხმება არ ხდება. თუ ოპოზიცია პლებისციტს წააგებს, მაშინ ის პარლამენტში უნდა შევიდეს. მოლაპარაკების  დროს ხელისუფლებამ ოპოზიციას ეს პირობა უნდა ჩამოართვას, რომ თუ წააგებენ, მაშინ პარლამენტში შევიდნენ. პატარა პარტიებისთვის პარლამენტს გარეთ ბოიკოტი არის დამღუპველი და წამგებიანი. რც უფრო მალე იქნება რამე კომპრომისული გადაწყვეტილება მიღებული,  მათთვისვე უკეთესია“, - აცახდებს ზურაბიშვილი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×