თამთა ჩაჩანიძე
10.03.2021

ამერიკას შეუძლია, რომ საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით ნატოში როგორც სუპერ სახელმწიფომ თავისი სიტყვა თქვას, თუმცა ამით ყინული ვერ დაიძვრება და სკეპტიკურად განწყობილი სახელმწიფოების პოზიცია არ შეიცვლება - ამის შესახებ „რეზონანსთან" საგარეო საკითხების ექსპერტები საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით საქართველოს უსაფრთხოების თვასაზრისით უფრო რეალისტური ამერიკა-საქართველოს შორის პირდაპირი სამხედრო ხელშეკრულებაა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ჯერჯერობით, მანამ სანამ საქართველომ სკეპტიკოსი სახელმწიფოების გული მოიგოს, ყველაზე რეალისტური ვარიანტი ამერიკული ბაზების განთავსებაა, თუმცა, აქაც გარკვეული რისკებია.

„ამერიკას შეძლებით კი შეუძლია, რომ საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით ნატოში როგორც სუპერ სახელმწიფომ თავისი სიტყვა თქვას, მაგრამ არა მგონია, რომ ამან ყინული დაძრას იმიტომ, რომ აქ უკვე სხვა სახელმწიფოების დარწმნუნებაა საჭირო, პრობლემა არა ამერიკელების, არამედ სკეპტიკურად განწყობილი სახელმწიფოების დაძლევაზეა.

„საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ნატოს სახელმწიფოების თვალსაზრისით სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრობლემები იყო - სააკაშვილის დროს იყო ის, რომ საშინელი ავტორიტარული რეჟიმი იყო და „იმედის" დარბევამ და სხვა ქმედებებმა ურთიერთობა საკმაოდ დაძაბა, არცერთი სახელმწიფო სააკაშვილის მიერ აშენებულ ქვეყანას ნატოში არ შეუშვებდა. მერე იყო პრობლემები რუსეთის ფაქტორთან დაკავშირებით, რუსეთის არგაღიზიანების მომენტი, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიის მომენტი.

„ახლა რა ხდება არ ვიცი, თუმცა, ადრე თუ ეკონომიკური სტაბილურობის პრობლემები გვქონდა, ახლა პოლიტიკური კრიზისიც დაემატა, თან რეგიონშიც სიტუაცია უკვე განსხვავებულია.

„ჯერჯერობით თეორიულად საქართველოში ამერიკის ბაზების განთავსება უფრო რეალისტურია, ვიდრე ნატოში გაწევრიანების მთელი ეს პერიპეტიები. ასევე, თეორიულად, ევროკავშირში გაწევრიანების უფრო მეტი შანსია, ვიდრე ნატოში, მაგრამ ევროკავშირზე მეტად უფრო რეალისტური ამერიკის ორმხრივი სტრატეგიული, არანატოს წევრი ქვეყნის მოკავშირის სტატუსია. თუმცა, ამ ბაზების განთავსებასაც თავისი საფრთხეები აქვს, არავინ არ იცის რუსეთი რა რეაგირებას მოახდენს" - განაცხადა მაისაიამ.

ანალოგიურად ფიქრობს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე, იგი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღესდღეობით სკეპტიკოსი სახელწიფოების თვალსაზრისით სირთულეს წარმოადგენს, ამისი საუკეთესო ალტერნატივა კი საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებაა.

„ჩემი აზრით, აშშ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს მხარს დაუჭერს, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციების პირობებში უჭერდა, უბრალოდ აქ პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ნატოს ფარგლებში გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება.

„ჯერჯერობით ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსი არ არსებობს, ამიტომ მიმაჩნია, რომ აღნიშნულის ალტერნატივა იმისა, რომ საქართველოში ნატოში ვერ წევრიანდება, ესაა საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება, ანუ საქართველომ ამერიკული მხარე უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ქვეყანაში სტაბილურიბის უზრუნველყოფა აუცილებელია, რომლისთვისაც საჭიროა ამერიკული სამხედრო ბაზების არსებობა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკა თავდაცვაზე 740 მილიარდ დოლაზე მეტს გამოყოფს, ანუ ამერიკაზე მსოფლიო სამხედრო ხარჯების თითქმის 50% მოდის და ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვითი ხარჯების 70%-ზე მეტი, შესაბამისად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ საქართველოს ნატოში ვერ გაწევრიანების ალტერნატივა პირდაპირი ბილატელარული ხელშეკრულება აშშ-სა და საქართველოს შორის.

„ცივი ომის პერიოდში აშშ-ს ასეთი ტიპის ხელშეკრულებები რამდენიმე სახელმწიფოსთან ჰქონდა, მათ შორის იაპონიასთან, მაგალითად სან ფრანცისკოს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 1951 წელს მოეწერა, რომელიც ითვალისწინებდა იაპონიის ამერიკული სამხედრო ქოლგის ქვეშ ყოფნას და მათ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებას, დღეს დაახლოებით 30 ათას კაციანი კონტინგენტი ჰყავს კუნძულ ოკინავაზე.

„მსგავსი ხელშეკრულება აშშ-ს ასევე სამხრეთ კორეასთან, ისრაელთან მოეწერა, ამიტომაც საქართველოსთვისაც კარგი იქნებოდა, რადგან ამ ბაზების არსებობა საქართველოში შიდა სტაბილურობას უზრუნველ;ყოფს, გარკვეულწილად რუსეთი იძულებული იქნება, რომ არსებულ რეალობას ანგარიში გაუწიოს.

"აშშ-ის ინტერესებში უნდა შედიოდეს საქართველოში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მილსადენების დაცვა, ასევე თუ ანაკლიის პორტის დაცვა, თუ მისი მშენებლობა გვეღირსა" - თქვა მან.

მისი აზრით, ბაზების განთავსება, წინაპირობაა იმის, რომ როგორც შედარებით სტაბილურმა ქვეყანამ ინვესტიციები მოიზიდოს და ეკონომიკური სტაბილურობა უზრუნველყოს, ასევე, მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან მიმართებაში მძლავრი ბერკეტი იქნება.

„გარდა ამისა, შესაძლოა რუსეთთან ვაჭრობა გაიმართოს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ტერიტორიის დელიმიტარიზაცია მოხდეს, ანუ რუსეთმა სამხედრო ბაზები ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიყვანოს, ამერიკამ კი დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან.

„საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსება საშუალებას მისცემს, რომ უფრო მეტი ეკონომიკური სტაბილურობა უზრუნველყოს, როგორც შედარებით სტაბილურმა ქვეყანამ ინვესტიციები მოიზიდოს, პლიუს რუსეთთან ვაჭრობის ბერკეტი ექნება.

"რაც შეეხება უშუალოდ ბაიდენის ადმინისტრაციას, კი ბატონო საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით მხარდაჭერა იქნება, თუმცა, ეს თანამშრომლობა უფრო მეტ კონკრეტიკას საჭიროებს.

„აუცილებელია, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ, გერმანიას და საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენმი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგნი არიან, ამას საქართველო დიდხანს ვერ დაელოდება, ამიტომაც უშუალოდ ამერიკა-საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმებაა აუცილებელი," - განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×