თამთა ჩაჩანიძე
11.03.2021

„ქართული ოცნება" სრულიად იზიარებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციას, რჩევას და მზაობას გამოთქვამს, რომ ოპოზიციასთან საერთო შეთანხმების მიღწევისთვის კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი გააგრძელოს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვბილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და 15-17 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით გარკვეული გეგმა საზოგადოებას გააცნო.

როგორც პრემიერმა თქვა, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოსახლოებისთვის განვმარტო, რომ ჩვენ 15-17 მარტს მივემგზავრებით ვიზიტით ბრიუსელში. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოში, ნატო-ში. 16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს და წინსვლას არაერთი მიმართულებით რეფორმების განხორციელების საქმეში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მონიტორინგის მიზნით ქვეყანას ხუთშაბათს ეწვევა, პრემიერი პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას მიესალმება.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას, მის ჩართულობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში, ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს. აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი.

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ საერთო შეთანხმებას, რათა ჩვენმა პარლამენტმა დაიწყოს ნორმალური მუშაობა და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებით", - განაცხადა მან.

გარდა დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისა, მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, მათ შორის ეპიდრისკებზე. აცხადებს, რომ ვაქცინის დროულად მიღებისთვის მოლაპარაკებებში თავადაც ჩართულია და ქვეყანა პირველ პარტიას მალე ელოდება, თუმცა მიღებადმდე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ის მინიმალური წესები დაიცვას, რომელიც ამ ეტაპზეა საჭირო.

„ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე, საზოგადოების მხრიდან შეინიშნება რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა თხოვნით მივმართო საზოგადოებას, ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, რათა არ დავუშვათ ქვეყანაში მესამე ტალღის განვითარება.

„ჩვენ ვაწარმოებთ და მეც ინტენსიურად ვარ ჩართული მოლაპარაკებებში, როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას. მანამდე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×