თამთა ჩაჩანიძე
12.03.2021

სკანდალურ ჩანაწერებზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, მისი თქმით ეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაციის მცდელობაა, რომელიც დასაგმობია, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ საიდან და ვისგან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია და ეს რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის. სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი. ეს დასაგმობია ჩვენი მხრიდან, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის მხრიდან. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი და კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ განგაშის და პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მთავრობის მხრიდან „ტვ პირველის" შენობაში შეჭრა არ იგეგმება.

16 მარტს ბრიუსელში გაიმართება ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა ასოცირების ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას. არსებული ინფორმაციით, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზეც იმსჯელებენ.

ბრიუსელში ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ჩავიტანოთ ის პროგრესი და რეფორმები, რომელსაც ამ მოკლე დროში მივაღწიეთ, - ამბობს ღარიბაშილი.

„როგორც მოგეხსენებათ, ბატონი კრისტიან დანიელსონი ვიზიტით იმყოფება საქართველოში. გულწრფელი მადლიერებით მინდა აღვნიშნო პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა ამ პროცესში. მოგეხსენებათ კარგად, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა არ არის სისტემატური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენს მიმართ მისი და ევროკავშირის ინტერესი ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა, არის გამოხატულება ნდობისა ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მიმართ.

„ეს ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას - ყველა აქტორს: ხელისუფლებას და ოპოზიციას. ასეთივე პათოსით და სულისკვეთებით განმსჭვალული უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. სრული მზაობა მინდა დავადასტურო ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არაერთხელ განგვიცხადებია მათ შორის ოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დროს, არაერთ ფორმატში", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა: "ბატონი დანიელსონი არის გამოცდილი დიპლომატი. იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის, ოპოზიციის კონსტრუქციულობის", - თქვა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×