ელზა პაპოშვილი
12.03.2021

ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება რომ ქვეყანა ჩიხშია, ვროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადება, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს. ის საქართველოში სამი დღე დარჩება და შეეცდება, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის როლი შეასრულოს. 

დანიელსონის განცხადებით, ის, პირველ რიგში, პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებს მოუსმენს და შემდეგ გამოჩნდება შესაძლებლობა, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური პროცესი წინ წავიდეს.

მანამდე კი დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის და საქართველოს პრემიერ-მინისტრს  ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ასევე შეხვდა მესამე სექტორის წრმომადგენლებს. ახლა შეხვედრა „ქართული ოცნების“ წევრებთან მიმდინარეობს. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა წარმართავენ. 

კრისტიან დანიელსონის საქართველოში სამდღიანი ვიზიტის მთავარი მისია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაა. 

კითხვაზე, არსებობს თუ არა კონკრეტული წინადადებები, რომელიც მხარეებს უნდა შესთავაზოს, დანიელსი აცახდებს, რომ:  

„ჩვენ ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით იმისთვის, რომ ამ მედიაციამ ნაყოფი გამოიღოს. ჩემთვის მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, დასაწყისი მომენტი არის, მოსმენა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს,“ - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია  და მისი როლი საქართველოში ვიზიტის დროს არის ის, რომ დაეხმაროს საქართველოში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს.  “ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს და იმას, რომ ყველა მხარეს შეეძლოს წინ წაწევა. როგორც აქამდე, ფასილიტაციას უწევდნენ ამ პროცესს კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს, აქ რაც ხდება. ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმაზე, რომ ქვეყანა ჩიხშია შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა სამწუხაროდ, რომელიც ეკონომიკას და პანდემიას ეხება. ამიტომ, გვჯერა, რომ ახლა არის დრო პოლიტიკური მხარეებისთვის, იხმარონ ყველა ძალა, რათა კომპრომისის სახით ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი როლი ამ პროცესის ხელშეწყობაა. პარტიებისა და მათი წარმომადგენლების საქმეა, თვითონ იპოვონ გამოსავალი, გაუმკლავდნენ მნიშვნელოვან საკითხებს. ეს არის ხედვა იმისაკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ,“ - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.  

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის  განცხადებით კი პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა შეიმჩნევა დაძაბულობის შემოტანის მცდელობები. საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს.

მისი თქმით, დღეს არსებული განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისაკენ სწრაფვა აერთიანებს და ეს არ შეიცვლება. როგორც მან აღნიშნა, ეუთომ არჩევნებზე უკვე დადო შესაბამისი დასკვნა, რაც ეჭვქვეშ არ აყენებს მის ლეგიტიმურობას. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი  დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციასთან დიალოგის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგი შედგება. 

„კიდევ ერთხელ მე მინდა სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიცხადებია ოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დროს, არაერთ ფორმატში. მინდა კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს, ამ შეხვედრის შემდეგ, დავადასტურო აღნიშნული მზაობა. ბატონი დანიელსონი ძალიან გამოცდილი დიპლომატია. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის,"-განაცხადა პრემიერმა.

დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა  ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე კითხვები ძირითადად ეხებოდა ქვეყანაში რეფორმების განხორციელებას.

„ძალიან მნიშნელოვანია, რომ ჩავატაროთ კონკრეტული, დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, სასამართლოში, პროკურატურაში. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა,  ვინ იქნება ოპოზიციაში, ამ ოპოზიციას ჰქონდეს გარკვეული როლი პარლამენტში და ფუნქცია. მათ ჰქონდეთ ასევე როლი, მაშინ, როდესაც არჩეულები იქნებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, აუდიტის სამსახურის უფროსი იქნება ეს, თუ გენერალური პროკურორი.

ასევე, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ის კორუფციის გაზრდილი რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და დაიზღვეს ჩვენი სისტემა.

აქ არის საუბარი - ერთის მხრივ, ამ მომენტისთვის, განვმუხტოთ ეს კრიზისი, მაგრამ ამის შემდეგ, როგორ მიგვყავს წინ ქვეყანა და წინ ქვეყანა წავა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების შედეგად და სხვა, უბრალოდ არჩევანი, არ გვაქვს. კითხვები ეხებოდა ძირითადად რეფორმებს," - განაცხადა ეკა გიგაურმა.  

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ვადამდელი არჩევნები ერთჯერადი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან.

„ვადამდელი არჩევნებია პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკების თემაა, ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია. ერთადერთი, რაც მე ვთქვი არის ის, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ჩვენ გვჭირდება უფრო მყარი ქმედებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ პრობლემებისგან, რომელიც დღეს არის. ეს არის სასამართლო სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობა, საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯი."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×